სააკ პართევი[3] (სომხ. Սահակ Ա Պարթև), აგრეთვე ცნობილია, როგორ საჰაკ სომეხი (ინგლ. Sahak of Armenia), სწული წოდებაა წმინდა სააკ პართევ კათალიკოსი[3] (დ. 29 სექტემბერი, 348 ― გ. 10 ივლისი, 439) ― სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი 387-428 წლებში. გრეგორიანული, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების წმინდანი. სომეხთა გამაქრისიანებელ გრიგოლ განმანათლებლის საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი. წმინდა მესროპ მაშტოცთან ერთად სომხური ანბანისა და სომხური საეკლესიო მწიგნობრობის შემქმნელი, ასევე სომხურ ენაზე ბიბლიის მთარგმნელი.

სააკ პართევი
დაიბადა 29 სექტემბერი, 348
კონსტანტინოპოლი, რომის იმპერია
გარდაიცვალა 10 ივლისი, 439
Yücetepe
ხსენების დღე 9 სექტემბერი, 20 ნოემბერი
მოღვაწეობა მღვდელი
ეროვნება სომეხი
შვილ(ებ)ი Sahakanoysh[1] [2]

სააკი დაიბადა 348 წლის 29 სექტემბერს კონსტანტინოპოლში. იგი იყო წმინდანად შერაცხულ სომეხთა კათალიკოს ნერსე I-ისა და მისი ცოლის, სანდუხტ მამიკონიანის ძე. აღსანიშნავია, რომ დედამისი უმაღლესი რანკის სომეხი წარჩინებული იყო, როგორც მამიკონიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი. რაც შეეხება მამის მხარეს, იგი გრიგორიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, რომელიც სათავეს სომეხთა გამაქრისტიანებელ გრიგოლ განმანათლებლის ოჯახიდან იღებდა. სააკის მამა სომეხთა რიგით მეშვიდე კათალიკოს-პატრიარქი იყო წმინდა გრიგოლ I განმანათლებლის (301-325), წმინდა არისტაკე I-ის (325-333), წმინდა ვრატნეს I-ის (333-341), წმინდა ჰუსიკ I-ის (341-347), წმინდა დანიელ I-ისა (347) და წმინდა ფარენ I-ის (347-352) შემდეგ. მამის მხრიდან სააკის პაპა-ბებია იყვნენ სომეხთა კათალიკოს-პატრიარქი ჰუსიკ I და მისი ცოლი, სომხეთის მეფე ტიგრან VII-ის და[4] და მეფე ხოსროვ III-ის ასული, არშაკიანთა დინასტიის წარმომადგენელი პრინცესა ბამბიში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეულ ასაკშივე დაობლებულმა სააკმა კონსტანტინოპოლში კარგი განათლება მიიღო. იგი განსაკუთრებით აღმოსავლურ ენებს შეისწავლიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, პატრიარქად სააკი აირჩიეს. ამის არჩევის შემდეგ მან ცხოვრება სომეხი ხალხის რელიგიურ და მეცნიერულ განვითარებას მიუძღვნა. ამ პერიოდის სომხეთი ერთობ მძიმე სიტუაციაში იყო. 387 წელს სომხეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა, რამეთუ ბიზანტიისა და სასანიანთა სპარსეთის იმპერიებმა გადაინაწილეს. მართალია დაპყრობა მხოლოდ პირობითი იყო და სომხეთში ნარჩუნდებოდა მეფისა და დიდებულების მმართველობა, თუმცა მაინც ცუდი სიტუაცია იყო. ბიზანტიაში შესულ სომხურ ნაწილში აიკრძალა ღვთისმსახურებისას ასირიული ენის გამოყენება, რაც მანამდე საღვთო ენად აღიქმებოდა. იგი უნდა ჩანაცვლებულიყო ბერძნულით, რასაც ნელნელა სომხების ელინიზაცია უნდა გამოეწვია. ამავდროულად, სპარსეთში შესულ სომხურ ნაწილში სასტიკად იკრძალებოდა ბერძნული ენის გამოყენება. ამ მიზეზით ძველი სომხური ერთიანობა ფაქტობრივად გაქრობის წინაშე იყო.

 
მასროპ მაშოტცი და სააკ პართევი

იმისათვის, რომ სომხური საეკლესიო ერთიანობა შენარჩუნებულიყო, სააკმა წმინდა მესროპ მაშტოცის დახმარებით დაიწყო სომხური ანბანის შექმნა, ამის შემდეგ კი ბიბლიის სომხურ ენაზე თარგმნა. წმინდა წიგნის თარგმნა ერთობ დიდ ხანს, 410-დან 430 წლამდე გაგრძელდა. იგი ჯერ ითარგმნა ასირიულიდან, შემდეგ კი მის ებრაულ ასლებზე შედარებით ცდილობდნენ ხარვეზების გასწორებას. ამრიგად, აქამდე ასირიულად მიმდინარე ლიტურგიები ითარგმნა სომხურად, რომელიც წმინდა ბასილი კესარიელის ლიტურგიას ეყრდნობოდა. ამის შემდეგ სომხურმა ღვთისმსახურებამ ეროვნული ხასიათი შეიძინა. წმინდა სააკმა ასევე დააარსა უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი, საიდანაც წარჩინებული მოსწავლეები უკეთესი განათლების მისაღებად იგზავნებოდნენ ედესაში, კონსტანტინოპოლში, მელიტენესა და ა.შ. ამან მათ საშუალება მისცათ, რომ სომხურად თარგმნილიყო მანამდე მხოლოდ ბერძნულად და ასირიულად არსებული ქრისტიანული ლიტერატურის შედევრები. მათ შორის ითარგმნა იოანე ოქროპირის, ორი გრიგოლის, ათანასე ალექსანდრიელის, კირილე იერუსალიმელისა და სხვათა ნაშრომები.

 
სააკისა და მესროპის ძეგლი სომხეთში

სააკ პართევის ძალისხმევით ასევე აღდგა სპარსელთა შემოსევებისას დანგრეული სომხური ეკლესიები. ვინაიდან სპარსელთა გავლენით სომხეთის გარკვეულ რეგიონებში ზოროასტრიზმი ისევ მომძლავრდა, განსაკუთრებით შაჰ იეზდიგერდ I-ის დროს, სააკი ცდილობდა მათ განდევნას, რისთვისაც სამი საეკლესიო კრება იქნა ჩატარებული ძველი რელიგიური წესრიგის აღსადგენად. ივარაუდება, რომ სააკი ასევე იყო არაერთი ლიტურგიული საგალობლის ავტორი.

დღემდეა შემონახული სააკის მიერ ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსიუს II-სა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ატიკუსთან მიწერილი ორი წერილი. აღსანიშნავია სააკის მიერ შეტანილი წვლილი 431 წელს მოწყობილ ეფესოს საეკლესიო კრებაში, რომელშიც იგი გმობდა ნესტორიანელობას და მისი სწავლებების ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

თავისი განათლებულობითა და ღვთისმოსაობით ცნობილი სააკ პართევი 426 წელს თავად მეფესთან აღმოჩნდა კონფლიქტში, რის გამოც იგი 428 წელს თავისი ნებით გადადგა პატრიარქის თანამდებობიდან. ივარაუდება, რომ 430 წელს მას მიეცა უფლება, პატრიარქის ტახტზე ასულიყო. უკიდურეს სიბერეში იგი განმარტოვებით ცხოვრობდა სიმშვიდეში და გარდაიცვალა 439 წელს, დაახლოებით 91 წლის ასაკში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი წყარო მისი გარდაცვალების ასაკად 110 წელს ასახელებს, თუმცა ეს არ ემთქხვევა მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს. იგი დაკრძალულია სოფელ აშიშათში. იგი მალევე შერაცხეს წმინდანად. სომხურ სამოციქულო ეკლესიაში მისი მოხსენიებისათვის რამდენიმე დღეა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ სააკ პართევს ჰყავდა ოჯახიც. მისი ცოლის ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაქორწინებული იყო და ქორწინებიდან ჰყავდა ერთი ქალიშვილი, სახელად სააკანუში, რომელიც ცოლად გაჰყვა ამაზასპ მამიკონიანს, მდიდარ და გავლენიან სომეხ არისტოკრატს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Herbermann, Charles, ed. (1913). Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company.
  • (in French) Les dynasties de la Caucasie chrétienne de l’Antiquité jusqu’au XIXe siècle ; Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990.
  • (in French) Histoire de l'Arménie: des origines à 1071, Paris, 1947.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება