საადეთ I გირეი (ყირიმ. I Saadet Geray, سعادت كراى ١‎; დ. 1492 — გ. 1538, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ყირიმის ხანი 1524–1532 წლებში, მენლი I გირეის ვაჟი, ოსმალეთის სულთნის, სულეიმან I-ის ბიძა.

საადეთ I გირეი
Saadet Giray
ყირიმის მე-7 ხანი
მმართ. დასაწყისი: 1524
მმართ. დასასრული: 1532
წინამორბედი: გაზი I გირეი
მემკვიდრე: ისლამ I გირეი
სულთანი: სულეიმან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1492
გარდ. თარიღი: 1538
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: აჰმედ გირეი
დინასტია: გირეის დინასტია
მამა: მენლი I გირეი
რელიგია: სუნიტური ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საადეთ გირეი იყო ყირიმის ხანის, მენლი I გირეის 8 ვაჟიდან, ერთ-ერთი. მამამისის მმართველობის დროს საადეთმა მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის იმპერიის შიდა ომში, რომლის დროსაც სულთანი, ბაიაზიდ II ტახტიდან გადააყენა საკუთარმა ვაჟმა, სელიმმა. ამ უკანასკნელს მენლი გირეის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად შერთული. ამიტომაც ყირიმელები მის მხარეს იდგნენ ამ დაპირისპირებაში. საადეთ გირეიმ თავი გამოიჩინა ანატოლიის აჯანყების ჩახშობაში, სახელი გაითქვა ოსმალეთში და სულთნის კარზე დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მისი უფროსი ძმის, მეჰმედ I-ის ასტრახანში მკვლელობის შემდეგ, ყირიმის ტახტს დაეუფლა მისი ვაჟი, გაზი. გაზი ვერ სარგებლობდა კარგი რეპუტაციით ყირიმელ დიდებულებში, მისმა მმართველობამ მხოლოდ 6 თვეს გასტანა. 1524 წელს საადეთ გირეიმ შემოიკრიბა თავის მომხრეთა მრავალრიცხოვანი არმია, ოსმალებთან ერთად შეიჭრა სახანოს დედაქალაქ სალაჩიკში, ტახტიდან ჩამოაგდო საკუთარი ძმისშვილი და ციხეში დაამწყვდია, ხანის ტიტული კი თავად მიიღო. რამდენიმე ხნის შემდეგ მან გაზი კალგად დანიშნა, თუმცა მისი მხრიდან ამბოხების შიშის გამო მალევე სიკვდილით დასაჯა.

საადეთ I ენერგიულად მართავდა ყირიმის სახანოს. აქტიურად ებრძოდა ლიეტუველბსა და დონის კაზაკებს. განსაკუთრებით უყვარდა სლავურ სოფლებზე თარეში და საკუთარი ხაზინის ტყვეებისა და ნადავლის მეშვეობით გამდიდრება. მას ოსმალებთან ერთად მოუწია საკუთარი კალგისა და ძმისშვილის, ისლამ გირეის აჯანყებების ჩახშობა. 1532 წელს საადეთ გირეიმ მოულოდნელად სახანოს ტახტი დატოვა და საცხოვრებლად ოსმალეთში გადავიდა. გარკვეული ცნობების თანახმად, ოსმალები აპირებდნენ ყირიმის ხანად საადეთის უმცროსი ძმის, საჰიბ გირეის დანიშვნას. საადეთ გირეიმ სტამბოლში ცხოვრების დროს დიდი პენსია მიიღო – 300,000 აქჩე წელიწადში. სულეიმან I-ს თან ახლდა სეფიანთა ირანის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 1538 წელს გარდაიცვალა სტამბოლში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 წ.
  • Oleksa Gaivoronsky «Повелители двух материков», Kiev-Bakhchisarai, 2007, ISBN 978-966-96917-1-2, თავი 1, გვერდები. 154–181