რუხი ნიადაგი
რუხი ნიადაგი — ნიადაგის ტიპი, რომელიც გავრცელებულია სუბტროპიკულ ნახევრად უდაბნოს ზონაში. ვითარდება ლიოსზე, ლიოსისებურ თიხნარებსა და ძველ ალუვიურ ნაფენებზე.[1] რუხი ნიადაგის პროფილში გამოიყოფა: 20 სმ-მდე სისქის ღია რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, მორუხო-ჩალისფერი აკუმულაციურ-კარბონატული ჰორიზონტი და ნიადაგწარმომქმნელი ქანი, რომელიც ხშირად 90 სმ-ზე მეტ სიღრმეზე შეიცავს ადვილხსნად მარილებს.[2]
რუხი ნიადაგებია წინა და შუა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.[1] რუხ ნიადაგებს ახასიათებს: ტუტე რეაქცია, პროფილის სუსტი დიფერენციაცია, მცირე ჰუმუსიანობა (1,5–2,5%; ჰუმუსი მდიდარია აზოტით), 20–60 სმ სიღრმეზე ყველა პროფილში კალციუმის კარბონატების მაღალი შემცველობა, კარგი ჰიდროფიზიოლოგიური თვისებები, დიდი ბიოლოგიური აქტივობა; მორწყვის შემთხვევაში მაღალ მოსავალს იძლევა.[1][2] გასარწყავებულ რუხ ნიადაგებზე მოჰყავთ ბამბა, მარცვლოვნები, შაქრის ჭარხალი, იყენებენ მებაღეობასა და მევენახეობაში.[2] ცნობილია რუხი ნიადაგის ქვეტიპები: ღია, ჩვეულებრივი (ტიპობრივი) და მუქი.[1] საჭიროებს ნიადაგის მეორადი დამარილებისა და დაჭაობებისაგან დაცვის ღონისძიებებს.[2]