რუბენ ყიფიანი
რუბენ ლუარსაბის ძე ყიფიანი (დ. 16 დეკემბერი, 1883, ჟოშხა, ლეჩხუმის მაზრა — გ. 16 თებერვალი, 1961, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
რუბენ ყიფიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 დეკემბერი, 1883 |
დაბ. ადგილი | ქვემო ჟოშხა |
გარდ. თარიღი | 16 თებერვალი, 1961 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | ლევილ-სიურ-ორჟი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარუბენ ყიფიანი დაიბადა 1883 წლის 16 დეკემბერს, ლეჩხუმის მაზრის სოფელ ჟოშხაში. დაწყებითი განათლება მიიღო დაბა ლაილაშის ორკლასიან სასწავლებელში. შემდგომ წლებში საშინაო განათლებას იღებდა ლეჩხუმის თავადაზნაურთა წინამძღოლის იასონ გელოვანის ოჯახში.
1905 წელს ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას რაჭა-ლეჩხუმში, სადაც აჯანყებულებმა მოახერხეს ადმინისტრაციის განდევნა და ძალაუფლების ხელში აღება. შემდგომ წლებში გადავიდა ტფილისში და განაგრძო სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობა, პარალელურად თანამშრომლობდა პრესასთან; იყენებდა ფსევდონიმებს: "ასკრიონელი", "ლეჩხუმელი", "რ. ლეჩხუმელი", "მოწაფე", "რუბენა ლეჩხუმელი", "Р. Кинвари" და "რალფი". 1907 წლიდან დაინტერესებული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმით და ცდილობდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას. ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს და გადაასახლეს ვიატკის გუბერნიის მალმიჟის მაზრის სოფელ სელტაში, საიდანაც გაიქცა და არალეგალურად დაბრუნდა ტფილისში. მუშაობდა გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციის კონტროლიორად. 1911 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ დააპატიმრა და კვლავ ციმბირში გადაასახლა. შემდგომ წლებში კიდევ რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური საბაბით. 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევიკური აჯანყების დროს, დანიშნული იყო რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლად რაჭა-ლეჩხუმში და აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობასთან მოლაპარაკებებში, წესრიგის აღდგენისა და ბოლშევიკების მომხრე რაზმების დევნაში. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა საფრანგეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 410.