რონეს შელფური მყინვარი

რონეს შელფური მყინვარი[1]შელფური მყინვარი დასავლეთ ანტარქტიდაში. მდებარეობს დასავლეთით პალმერის და ელსუორთის მიწასა და აღმოსავლეთით ბერკნერის კუნძულსა და პენსაკოლის მთებს შორის. გაწოლილია უედელის ზღვის პირას.[2]

რონეს შელფური მყინვარი
კოორდინატები: 78°30′ ს. გ. 61°00′ დ. გ. / 78.500° ს. გ. 61.000° დ. გ. / -78.500; -61.000
სიგრძე 600 (WE) კმ
სიგანე 500 (NS) კმ
სისქე 200–700 
რონეს შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
რონეს შელფური მყინვარი

დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 600 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 500 კმ-მდე. სიმაღლე ზღვის დონიდან კიდურ მხარეში დაახლოებით 30 მ, ცენტრალურში 120 მ-მდე. ყინულის სისქე შესაბამისად 200–700 მ.[3] დასავლეთით უშუალოდ ებჯინება ფილხნერის შელფური მყინვარი, რომლისგანაც ნაწილობრივ გამოყოფილია ბერკნერის კუნძულით.[2]

ხშირად ეს ორი შელფური მყინვარი ცნობილია ფილხნერ-რონეს შელფური მყინვარის სახელწოდებით, რომლის ერთობლივი ფართობია 422 ათ. კმ².[2] დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ რონეს შელფურ მყინვარს წყდება გიგანტური აისბერგი. აღსანიშნავია 2021 წლის მაისში მოწყვეტილი უზარმაზარი აისბერგი A-76,[4] რომლის ფართობმა შეადგინა 4320 კმ².[5]

რონეს შელფური მყინვარი აღმოაჩინა მოგზაურმა ფინ რონემ, რომელმაც 1947 წლის ნოემბერ–დეკემბერში საფრენი აპარატით შესრულებული ორი ფრენის შემდეგ გადაიღო შელფური მყინვარის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც მფრინავ ჯეიმზ ლასიტერის პატივსაცემად „ლასიტერის შელფური მყინვარი“ უწოდა, ხოლო მყინვარის აღმოსავლეთ ნაპირს საკუთარი მეუღლის ედით რონეს პატივსაცემად „ედით რონეს მიწა“, რომელიც სავარაუდოდ მყინვარის სამხრეთით მდებარეობს.[6]

ვინაიდან, კაპიტან ჯეიმზ ლასიტერის სახელი მიენიჭა პალმერის მიწის ნაპირს, ანტარქტიდულ სახელწოდებათა საკონსულტაციო კომიტეტმა (ACAN) ამ დიდი შელფური მყინვარისთვის ოფიციალურად დაამტკიცა სახელწოდება „რონეს შელფური მყინვარი“ 1968 წელს.[1]

რონეს შელფური მყინვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს პრეტენზია გამოაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა (1908), ჩილემ (1940) და არგენტინამ (1942).[2]

  1. 1.0 1.1 Ronne Ice Shelf | SCAR Composite Antarctic Gazetteer data.aad.gov.au
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Ronne Ice Shelf | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  3. Словарь современных географических названий. Екатеринбург: 2006.
  4. Iceberg A-76A in the Drake Passage www.earthobservatory.nasa.gov
  5. A-76: The world's largest iceberg has broken off in Antarctica
  6. Fred G. Alberts. Geographic Names of the Antarctic. Second Edition, 1995