რიხარდ ზომერი
რიხარდ კარლ ზომერი (გერმ. Richard Karl Sommer, რუს. Ри́хард-Карл Ка́рлович Зо́ммер; დ. 1866 — გ. 1939) — გერმანელი მხატვარი, ორიენტალისტი.
დაიბადა 1866 წელს მიუნხენში (ბავარიის სამეფო). 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია. 1890-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ექსედიციებში ცენტრალურ აზიაში. 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კავკასიაში. ბევრს მოგზაურობდა. ქმნიდა ძირითადად ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს — პორტრეტებს, ყოფით და ბატალურ სცენებს, არქიტექტურულ ძეგლებს, პეიზაჟებს. იყო ლადო გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი. მონაწილეობდა გამოფენებში სანქტ-პეტერბურგში, თბილისში, ბაქოსა და ტაშკენტში. იყო კავკასიის ნატიფ ხელოვნებათა საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამაარსებელი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული იყო. სავარაუდოდ გარდაიცვალა გადასახლებაში.
ზომერის ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, აგრეთვე პეტერბურგის რუსულ მუზეუმში, ომსკის და ტულის საოლქო მუზეუმებში, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმში (ბაქო), უზბეკეთის კულტურის ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმში (სამარყანდი), ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკურ ხელოვნების მუზეუმში (ვლადიკავკაზი) და კერძო კოლექციებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 376.