პიერ ოგიუსტ რენუარი

(გადამისამართდა გვერდიდან რენუარი, პიერ-ოგიუსტ)

პიერ ოგიუსტ რენუარი (ფრანგ. Pierre-Auguste Renoir, დ. 25 თებერვალი, 1841, ლიმოჟი, საფრანგეთი — გ. 3 დეკემბერი, 1919, კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმპრესიონისტული სტილის განვითარებაში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.[2]

პიერ ოგიუსტ რენუარი
Pierre-Auguste Renoir
სრული სახელი პიერ ოგიუსტ რენუარი
დაიბადა 25 თებერვალი, 1841
დაბადების ადგილი ლიმონჟი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1919 (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი კან-სიურ-მერი, ნიცის მახლობლად
ეროვნება ფრანგი
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა იმპრესიონიზმი
ჟანრი საპორტრეტო ფერწერა, ნიუ[1] , მითოლოგიური ფერწერა[1] , პეიზაჟი[1] , animal art[1] , ფიგურა[1] , genre art[1] , მარინა[1] , პორტრეტი[1] , რელიგიური ხელოვნება[1] და ნატურმორტი[1]
ცნობილი ნამუშევრები „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში“
ხელმოწერა

ბიოგრაფია და ცხოვრება

რედაქტირება

ახალგაზრდობა

რედაქტირება

რენუარი ლიმოჟში, 1841 წლის 25 თებერვალს, მრავალშვილიანი, ღარიბი მკერავის ოჯახში დაიბადა. ოგიუსტი შვიდი შვილიდან მეექვსე იყო.

1854 წელს ოჯახი ბედის საძიებლად პარიზში გადასახლდა. პატარა პიერი იძულებული გახდა, სწავლასთან ერთად, სხვადასხვა სამხატვრო სამუშაო ეტვირთა, რომლის ნიჭი ადრე აღმოაჩნდა. ხატვის გარდა, იგი კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო.

1865 წელს ის ფონტენბლოს ტყეებში მონეს, სისლეისა და კამილ პისაროს ხატავს ერთად. ამავე წელს ოგიუსტმა ახლოს გაიცნო გუსტავ კურბე, რომლის ხელოვნებითაც აღფრთოვანებული იყო.

1867 წელს რენუარი ხატავს სურათს „დიანა“, რომელიც პარიზის სალონმა არ მიიღო. თუმცა იმავე წელს შექმნილმა ტილომ „ლიზა“, 1868 წელს სალონში აღიარება მოიპოვა. ეს პორტრეტი მთელ სიმაღლეზეა შესრულებული. ადრეულ პერიოდში ასეთი ზომის ტილოს და მსგავს კომპოზიციას მხატვრები მხოლოდ სამეფო წევრების პორტრეტების ხატვის დროს იყენებდნენ.

 
ალჟირელი ქალიშვილი, 1870

სამი წლის შემდეგ, რენუარმა დახატა ლიზა ალჟირულ სამოსში და ტილოს „ალჟირელი ქალიშვილი“ დაარქვა. ეს საკმაოდ ხატოვანი სურათია, შექმნილი აღმოსავლურ სტილში, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტუალური იყო.

თანამედროვენი ხშირად ხედავდნენ რენუარს პლენერზე ფონტენბლოს ტყეებში, ან სენის სანაპიროზე მოლბერტით ხელში. მის ნამუშევრებში ჩანს მოძრაობის გადმოცემის სურვილი პლენერზე. ასეთია სურათი-პორტრეტი „ალფრედ სისლეი ცოლთან ერთად“.

1860-იან წლებში რენუარმა მონესთან ერთად რამდენიმეჯერ მოაწყო სენაზე გასეირნება, მხატვრების ერთობლივმა მუშაობამ დიდად გაამდიდრა მათი შემოქმედება. მათი ერთად მუშაობის შედეგია სურათი „ტბორი“ (1869 წ.).

რენუარის ადრეული სურათები მუქ ტონებში იყო შესრულებული, სადაც ხაზგასმით გამოკვეთილი ჰქონდა შავი ფერები.

იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი

რედაქტირება
 
ცეკვა მულენ დე ლა გალეტში, 1876

ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთ ჩვენთაგანს გამოელია შავი ფერი, და ეს იყო იმპრესიონიზმის დაბადება.[3]

1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე.

მას დიდი აღიარება მოუტანა სურათმა „ცეკვა მულენ დე ლა გალეტში“. ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რომელიც 1876 წელს შექმნა. ეს სურათი მე-19 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტილოდ ითვლება.

 
საქანელა, 1876

1870-იანი წლების „მულენ დე ლა გალეტ“ (Moulin de la Galette ფრანგ. დიდი წისქვილი), რომელიც მონმარტრის მთაზე მდებარეობდა, წინათ წისქვილი იყო, რომელიც საცეკვაო დარბაზად გადააკეთეს. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ საშუალო კლასის და ბოჰემის წარმომადგენლები.

რენუარი ხშირად დგამდა თავის მოლბერტს პირდაპირ ბაღში, მაგიდებს შორის. სურათ „მულენ დე ლა გალეტზე“ მხატვრის ყველა მეგობარია გამოსახული. სურათი დიდი ზომისაა (131X175 სმ.) და, ერთი შეხედვით, ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ამავე პერიოდში შექმნა სურათები „გასეირნება“ და „საქანელა“.

რენუარი, ისევე როგორც მისი კოლეგა და მეგობარი ედგარ დეგა, დაკვირვებებს თეატრსა და ცირკში აწარმოებდა. როდესაც რენუარი ხატავდა გრაციოზულ „ბალეტის მოცეკვავეებს“ ან „ორ პატარა ცირკის მსახიობს“, ის ამას აკეთებდა უფრო ნაზად და რბილად, ვიდრე დეგა. გარდა ამისა, რენუარი ხშირად აკვირდებოდა მაყურებელს. ამის მაგალითია სურათი „ლოჟა“, რომელშიც მამაკაცი მისი ძმაა, ხოლო ქალს პოზირებდა ნინი ლოპესი — პარიზელი ლამაზმანი.

მშრალი პერიოდი

რედაქტირება
 
ქოლგები, 1883

1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს“ ან „ენგრის პერიოდს“ უწოდებენ. ამ პერიოდის სურათებია: „გოგონა შავში“, „ქოლგები“, „გოგონა ქოლგით“, „გოგონა მარაოთი“. ეს ტილოები დახატულია უფრო ცივად და მშვიდ ტონებში. რენუარი ამ სტილზე თანდათან გადადიოდა.

 
გოგონა ქოლგით, 1883

1883 წელს დიურან რუელმა რენუარს თავისი ოთახისთვის შეუკვეთა სამი დეკორატიული პანელი. ეს არის სამი დიდი ვერტიკალური ტილო, რომელზეც მოცეკვავე წყვილებია გამოსახული. პირველ სურათზე ნაჩვენებია რესტორანი ბუჟივალში, სადაც მამაკაცს ჩალის ქუდი ახურავს. ეს მხატვარი პოლ ლოტია, ხოლო ქალი — სიუზან ვალადონი. მეორე ტილოზე გამოსახულია ისევ პოლ ლოტი და რენუარის ცოლი — ალინა ვიქტორინა შარიგო. მესამე სურათზე კი მხატვარმა წარმოგვიდგინა წყვილი მეჯლისზე. ესენი არიან სიუზან ვალადონი და მხატვარი ეჟენ პიერ ლესტრინგი.

ამავე პერიოდში, მხატვარი მუშაობდა პოლ სეზანთან და ბერტა მორიზოსთან ერთად. რენუარი აღფრთოვანებული იყო მორიზოს შემოქმედებითა და პიროვნებით.

ბოლო წლები

რედაქტირება

1892—95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვართა შორის პოპულარული იყო. აქ პოლ გოგენმა ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელიც ერთად მუშაობდა. მათ შორის იყო რენუარიც.

რენუარების ოჯახი ხშირად სტუმრობდა ცოლის მშობლიურ ქალაქს, სადაც 1898 წელს იყიდეს სახლი. სწორედ ამ დროს რენუარს დაეწყო რევმატიული ართრიტის შეტევები.

1906 წელს მას გაუჩნდა მესამე ვაჟი, კლოდი, რომელსაც კოკოს ეძახდნენ. ის გახდა არაჩვეულებრივი ნატურა ოგიუსტის მრავალი სურათისთვის.

დროთა განმავლობაში, მხატვრის ავადმყოფობა უფრო პროგრესირდებოდა. უყავარჯნოდ გადაადგილება აღარ შეეძლო და ინვალიდის სავარძელში იჯდა. მას დამბლაც დაემართა. ამ პერიოდში ის ფუნჯს თვითონ ვერ იჭერდა, ამიტომ სხვისი დახმარებით, მოძრავ მოლბერტზე (სადაც ტილო ზევით-ქვევით მოძრაობდა) განაგრძობდა ხატვას.

ამ პერიოდში მან დაიწყო ქანდაკებების კეთებაც. ამისათვის მან „სხვისი ხელები გამოიყენა“. ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე, რიჩარდ გვინეო ძალიან დამჯერი და მონდომებული ასისტენტი აღმოჩნდა. ის რენუარის ჩანახატებს სამუშაოს დაწყებისათვის იყენებდა, ხოლო შემდეგ რენუარი კარნახობდა „ყოველ ნაბიჯს“.

ასე იქმნებოდა ქანდაკებები, რომელთაც არ შეხებია რენუარის ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მისი შემოქმედების შედევრია.

პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წელს მისი უფროსი შვილები, ჟანი და პიერი დაიჭრნენ. მათ დედა — ალინა შარიგო უვლიდა, რომელიც 1915 წელს გარდაიცვალა.

1919 წელს, რენუარი მისივე თხოვნით წაიყვანეს ლუვრში, რომ თავისი ტილო ძველ ოსტატთა ნამუშევართა შორის ეხილა. ამავე წლის 13 დეკემბერს პიერ ოგიუსტ რენუარი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ის მისი ცოლის გვერდზე, ესუაში დაკრძალეს.

რენუარი და სიშიშვლე

რედაქტირება

რჩეული ნამუშევრები

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 RKDartists
  2. წიგნი „თაშენი“ — რენუარის ოჯახი, მეგობრები და მასწავლებლები, გვ.7
  3. წიგნი „თაშენი“ — პიერ ოგიუსტ რენუარი, გარეკანის მეორე მხარე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  სახვითი ხელოვნების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები სახვით ხელოვნებაზე.