რევაზ ნიკოლოზის ძე ასაევი (ასათი; დ. 15 მაისი, 1923, სოფ. კუწახტა, ახმეტის რაიონი — გ. 2007[1]) — ოსი პოეტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მისი ლექსებისა და პოემების პირველი წიგნი „მებრძოლის კალამი“ (1947) სამამულო ომის თემას მიეძღვნა. მას შემდეგ გამოსცა მრავალი კრებული:„სისხლის წვეთი“ (1952), „თხზულებები“ (1954), „ლექსები საზღვარგარეთზე“ (1956), „მოგზაურობა ევროპის გარშემო“ (1958), „მოუსვენარი გული“ (1961), „ლეგენდები და ლექსები“ (1963), „ოსი რაინდები“ (1966), „ჩემი ოსეთი“ (1967), „ხალხის სიკეთე“ (1970) და სხვა.

ქართულ ენაზე გამოცემულია კრებულები: „გულის სიმღერა“ (1950), „ლექსები. პოემა“ (1955), „უცხოეთის გზებზე“ (1956), „სისხლის წვეთი“ (1958), „ოსური ლეგენდები“ (1967), „ლექსები“ (1970), „არა, სიცოცხლეს არ აქვს ზღვარი“ (1973) და სხვა.

ასაევმა ოსურ ენაზე თარგმნა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ეგნატე ნინოშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ნიკო ლომოურის და გიორგი ერისთავის ნაწარმოებები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

მნიშვნელოვანია რევაზ ასაევის სტატია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ლიტერატურაზე, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, 1950 წელს. მოცემულ სტატიაში, იგი განიხილავს იმ ოს მწერლებსა და პოეტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საბჭოთა პერიოდის ოსურ ლიტერატურაში.

ლიტერატურა

რედაქტირება