რაშიდ მაჯიდ ოღლუ ბეჰბუდოვი (აზერ. Rəşid Məcid oğlu Behbudov; დ. 1915, ტიფლისი, რუსეთის იმპერია — გ. 1989, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა აზერბაიჯანელი პოპ და ოპერის მომღერალი, მსახიობი.

რაშიდ ბეჰბუდოვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1915 წელი, 14 დეკემბერი
დაბ. ადგილი ტფილისი, რუსეთის იმპერია
წარმოშობა აზერბაიჯანელი
გარდ. თარიღი 1989 წელი, 9 ივნისი (73 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, სსრკ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ჟანრ(ებ)ი ხალხური ნაწარმოებები, ოპერა, ესტრადული მუსიკა
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, თარი
რაშიდ ბეჰბუდოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

რაშიდ ბეჰბუდოვი დაიბადა 1915 წლის 14 დეკემბერს ტფილისში. მისი მამა მაჯიდ ბეჰბუდოვი, რომელიც ცნობილი მომღერალი-ხანენდე იყო, იყო შუშიდან, ხოლო დედამისი ფირუზა აბას კული ყიზი ვექილოვა, იყო რუსული ენის მასწავლებელი. მუშაობდა თბილისში. თვითონ ყაზახის რაიონიდან იყო[1].

1933 წელს რაშიდ ბეჰბუდოვი შევიდა რკინიგზის ტექნიკურ სკოლაში, სადაც მან მოაწყო სამოყვარულო სტუდენტური ორკესტრი. შემდეგ ის წითელ არმიაში მსახურობდა, სადაც ის იყო ანსამბლის სოლისტი.

თავისი მოღვაწეობა მან განაგრძო თბილისში და რამდენიმე ხანი მღეროდა თბილისის ესტრადულ ორკესტრებში. 1934 წლიდან იყო ერევნის ფილარმონიის სოლისტი. 1938-1944 წლებში - სომხეთის სახელმწიფო ჯაზის ორკესტრის სოლისტია კომპოზიტორ ა. აივაზიანის ხელმძღვანელობით. იგი ჯაზით გასტროლებზე დადიოდა ქვეყნის მასშტაბით.

1943 წელს, ბაქოს საფილმო სტუდიამ გადაწყვიტა შექმნას ფილმი „არშინ მალ-ალანი“, უზეირ ჰაჯიბეკოვის იგივე სახელწოდების ოპერეტის მიხედვით. ამ ფილმში ბეჰბუდოვმა შეასრულა ასკერის როლი.

რაშიდ ბეჰბუდოვი 1944-1956 წლებში აზერბაიჯანის ფილარმონიის სოლისტი გახდა. 1953-1960 წლებში - მ.ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.

1957 წელს, აზერბაიჯანულ ფილარმონიაში მომღერალმა შექმნა საკონცერტო ანსამბლი, რომელიც აერთიანებდა ჯაზისა და აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების სტილს. ის ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო (1957-1959).

1966 წელს ბეჰბუდოვმა ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის სიმღერის თეატრი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. იგი იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი სიცოცხლის ბოლომდე.

1930-1940 წლებში ბეჰბუდოვი საკმაოდ პოპულარული იყო კავკასიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, ასევე მთელს რუსეთშიც. ბეჰბუდოვის ხმა ტენორ ალტო იყო. მის ხმას ძალზედ სასიამოვნო ტემბრი და ფართო დიაპაზონი ჰქონდა. იგი ასრულებდა, როგორც ევროპული ჟანრის სიმღერებს, ასევე აზერბაიჯანულ ხალხურ სიმღერას - მუღამს.

1950-იანი წლების დასაწყისში იგი გასტროლებით იყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, ინდოეთი და ჩინეთი. მან ასევე კონცერტები  ჩაატარა სირიაში, თურქეთში, ეგვიპტეში, იორდანიაში, ირანში, ერაყში, ფინეთში, პოლონეთსა და ლათინურ ამერიკაში. ცნობილია ფაქტი, როდესაც ბეჰბუდოვი მიემგზავრებოდა ინდოეთში ქვეყნის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ რკინიგზის გზა გადაკეტა და არ უშვებდნენ საბჭოთა არტისტების შემადგენლობას, სანამ მათ წინაშე რაშიდ ბეჰბუდოვი არ გამოვიდა.

ბევრი გასტროლი ჰქონდა სსრკ-ისა და უცხოეთის სხვადასხვა რეგიონებში, რომლებიც ყოველთვის წარმატებით ტარდებოდა. ასეთი გასტროლების დროს მის რეპერტუარებში აუცილებლად შედიოდა იმ ხალხების სიმღერები, სადაც იგი გამოდიოდა.

 
შენობა, სადაც ბეჰბუდოვი ბაქოში ცხოვრობდა

ბეჰბუდოვმა დიდი ღვაწლი და შრომა ჩადო ეროვნული ოპერისა და მუსიკალური კომედიის ფორმირებისათვის. კარგი სასცენო გარეგნობა, დიდი მხატვრული ნიჭი და ხიბლი, უნარი გაიგოს ნებისმიერი ეროვნული მუსიკა ბეჰბუდოვს მოუტანა დიდი წარმატება, რომელიც მას თან ახლდა მთელი ცხოვრება.

მომღერლის სიმღერის რეპერტუარი ძალიან ფართო იყო. მის ძირითად ადგილს აზერბაიჯანული კომპოზიტორების, აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ნამუშევრები იკავებდა.

მან რამდენიმე მხატვრულ ფილმში ითამაშა. იგი იყო ეროვნებათა საბჭოს დეპუტატი სსრკ-ს უმაღლეს საბჭოში ნახიჩევანის ავტონომიური რესპულიკიდან.

რაშიდ ბეჰბუდოვი 1989 წლის 9 ივნისს მოსკოვში გარდაიცვალა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ. იგი ბაქოში ღირსების ხეივანზეა დაკრძალული.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბეჰბუდოვის მეუღლე - ჯეირან ხანუმ ბეჰბუთოვა იყო, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 3 მაისს. 1965 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი, რომელსაც რაშიდა დაარქვეს. რაშიდამ გააგრძელა მამაისის მოღვაწეობა. ახლა რაშიდა ბეჰბუდოვა არის მომღერალი და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი.

ბაქოს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რაშიდ ბეჰბუდოვის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე № 2 მუსიკალური სკოლა და სახელმწიფო სიმღერის თეატრი ასევე მის სახელს ატარებს.

2010 წლის 14 დეკემბერს ჯგუფმა  „FLASHMOB Azerbaijan“ ფლეშმობი ჩაატარა რაშიდ ბეჰბუდოვის პატივსაცემად. ამით მათ პატივი მიაგეს მომღერლისა და ხელოვნების მოღვაწის 95 წლისთავს[2].

1996 და 2005 წლებში ბეჰბუდოვის პატივსაცემად გამოვიდა საფოსტო მარკები.

2016 წლის ივნისში ბაქოში სახელმწიფო სიმღრის თეატრის შენობის წინ დადგეს ბეჰბუდოვის ძეგლი. სკულპტურის ავტორი ფუად სალაევია[3].

როლები ფილმებში

რედაქტირება
  • 1945 – „არშინ მალ ალანი“ - ასკერი
  • 1954 – „მშობლიურ ერს“
  • 1955 – „საყვარელი სიმღერა“ (ან „ბახტიარი“)
  • 1956 – „საბედნიეროდ“ - დოკუმეტური ფილმი
  • 1959 – „ამ სადღესასწაულო საღამოს“
  • 1959 – „აზერბაიჯანის კულტურის გაზაფხული“
  • 1970 – „აფშერონის რიტმები“
  • 1970 – „შეხვედრა ქორწილში“  - დოკუმენტური ფილმი
  • 1970 – „გულიდან გულამდე“ - დოკუმენტური ფილმი
  • 1975 და 1985 წწ– „რაშიდ ბეჰბუდოვი“ - დოკუმენტური ფილმი
  • 1989 – „სიმღერის გული“ - დოკუმენტური ფილმი

ჯილდოები

რედაქტირება
  • სოციალისტური შრომის გმირი (1980)
  • საქართველოს სსრ-ს დამსხურებული მოღვაწე
  • დაღესტნის სსრ-ს სახალხო არტისტი
  • აზერბაიჯანის სახალხო არტისტი (1951)[4]
  • სსრ-ს სახალხო არტისტი (1959)
  • სტალინის მეორე ხარისხის პრემია (1946)
  • აზერბაიჯანის სსრ-ს სახელმწიფო პრემია[5]
  • ლენინის ორი ორდენი
  • ერთა მეგობრობის ორდენი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება