ჟინვალის მეორე სამლოცველო
ჟინვალის მეორე სამლოცველო — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ფერდობზე. ამჟამად დაფარულია წყლით. 1973-1980 წლებში ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ფერდობის შუა ნაწილში გამოვლინდა ხელოვნური ვიწრო ტერასის ნაწილი, რომელიც გამაგრებული იყო მშრალად ნაგები კედლით. კედლის წინ აღმოჩნდა თიხის ოვალური ბაქანი, საკურთხევლის ნაშთი, კერები და ექვსი ორმო, სავსე კერამიკული ნაწარმის ნატეხებით, ძვლებით და ნაცრით. ბაქანზე დამხობილი იყო თიხისგან გამოძერწილი ღვთაების თავი, რომელსაც ჰქონდა ადამიანის სახე, თვალების ადგილას - სოლარული ნიშნები, ხარის შუბლი და რქები. თავი მიმაგრებული იყო სამლოცველოს კედელზე და მისი შუბლი საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა. სამლოცველოს დანარჩენი კედლები დანგრეული იყო.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა
რედაქტირებაადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის ხანის თიხის ქოთნები, ქილები, ჯამები, ტაფების ნატეხები, ძვლისა და ქვის სახვრეტები და საფხეკები, ხელით ნაძერწი კერამიკა - დამახასიათებელი კასრისებრი მოყვანილობით, სწორი კედლებით, ოდნავ გადაშლილი პირით, დაბალი ყელით, მომრგვალებული ან ოდნავ გამოყოფილი ძირით. ზოგიერთი ჭურჭელი შემკულია რელიეფური სახეებით და დანაძერწებით.
ბედნიერი კულტურის ხანის თიხის დერგები, ქილები, სასმისები, ნამგლის ობსიდიანისა და კაჟის ჩასართები და ისრისწვერები. კერამიკაში ორი ჯგუფი გამოიყოფა: პირველი - შავპრიალაზედაპირიანი, კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული სქელი და თხელკედლებიანი თიხის ჭურჭლის ნატეხები, ნაჭდევი ხაზებით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტით. მეორე - უხეშზედაპირიანი კერამიკა. იშვიათად გვხვდება შვერილებით შემკული და დაღარულზედაპირიანი თიხის ჭურჭელი.
შუა ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და ბრინჯაოს ნივთები. თიხის ჭურჭელში ფერის მიხედვით გამოიყოფა შავპრიალაზედაპირიანი, მოვარდისფრო-მონაცისფროსარჩულიანი და მოწითალო-მოვარდისფრო შიდა და გარე ზედაპირიანი ჯგუფები. ორივე ჯგუფისათვის ერთნაირი დეკორია დამახასიათებელი - სავარცხლისებრი ტვიფრის საშუალებით გამოყვანილი გეომეტრიული სახეები: სამკუთხედები, რომბები, ფრინველის გამოსახულებები, სარტყლები და სხვა.
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ორი კულტურის, ცენტრალურ-ამიერკავკასიურის და სამთავრული ანუ შიდა ქართლურის ელემენტები. თიხის ჭურჭლის პირველი ჯგუფისათვის დამახასიათებელია ნაცრისფერი შიდა და გარე ზედაპირი. გვხვდება ქოთნების, ქილების, ჯამების, სასმისების, სადღვებლების ნატეხები. ისინი შემკულია კონცენტრული ხაზებით, მხრებზე რელიეფური და ირიბი ნაჭდევების სარტყლებით. კერამიკის მეორე ჯგუფს ახასიათებს მოშავო ან მონაცისფრო შიდა და გარე ზედაპირი. ქოთნების, ჯამების, სასმისების, ლანგრების ნატეხები შემკულია ტვიფრული და ნაპრიალები ხაზებით გამოყვანილი გეომეტრიული სახეებით.
ელინისტური ხანის ჩალისფერზედაპირიანი დოქების ფრაგმენტები, რომლებიც მოხატულია მოწითალო-მოყავისფრო საღებავით.
გვიანდელი ანტიკური ხანის ჩალისფერზედაპირიანი დოქების, ხელადების, კოჭბების და სამფეხა ჯამების ნატეხები.
XI-XIV საუკუნეების მორუხო-მონაცისფრო თიხის ჯამების, დოქების და მოჭიქული ჯამების ნატეხები. არქეოლოგიური მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური გ., ღლონტი მ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 300.