პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (1895)
პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთში [4 (16) ივლისი — 31 აგვისტო (12 სექტემბერი), 1895] — პრასკოვია უვაროვას მიერ ორგანიზებული 1895 წლის ექსპედიცია კავკასიაში. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი იქნა მხარეები: ერწო-თიანეთი, ფშავი, ხევსურეთი და სვანეთი.
ექსპედიციის წევრები:
- ჯგუფის ხელმძღვანელი — პრასკოვია უვაროვა;
- ფოტოგრაფი — უცნობი;
- და სხვები.
მარშრუტი
რედაქტირება1895 წლის 4 ივლისს ექსპედიციის წევრები მოსკოვიდან ვლადიკავკაზში გამოემართნენ. 9 ივლისს ჯგუფმა ვლადიკავკაზი დატოვა და გზად გაიარა ყაზბეგი, მლეთა, ფასანაური და ბოლოს ანანურში ჩავიდნენ. ადგილზე მათ დახვდნენ თიანეთის პრისტავი თავადი ი.ე. ჯანდიერი, დუშეთის პრისტავი გ. დ. ჭონქაძე და დუშეთში მსოფლიო მოსამართლის მდივანი დ. ვ. ხიზანოვი.
ერწო-თიანეთი
რედაქტირება11 ივლისს ჯგუფი ანანურიდან დაიძრა, 13 ივლისს ჟინვალში გაჩერდა. იქვე მოინახულეს ხეობის ჩამკეტი ყელის ციხე და წმინდა გიორგის ნაეკლესიარი. მდინარის მარჯვენა ნაპირზე ნახეს სხვა ეკლესიის ნანგრევები. ბოდავში გადასულებს დახვდათ ციხე და ორნავიანი წმინდა გიორგის ეკლესია. 12 ივლისს ინახულეს ფუძნარის ეკლესია. 13 ივლისს თიანეთის გავლით ჩავიდნენ საყარაულოში, სადაც მათ დახვდათ ხნიერი თავადი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე და მისი შვილიშვილი ელენა სტეფანეს ასული კუკოლ-იასნოპოლსკაია. მომდევნო დღეს ინახულეს ჟალეთის წმინდა გიორგის ეკელსია. 15 ივლისს ავიდნენ ბოჭორმის ციხეზე და მოინახულეს იქ არსებული ძეგლები. 16 ივლისს დაბრუნდნენ საყარაულოში და ნადოკრასთან ინახულეს ერწოს სიონი. 18 ივლისს თიანეთში დაბრუნებულებმა ჟებოტას ეკლესიის და იხინჩას ნანგრევები ინახულეს.
ფშავ-ხევსურეთი
რედაქტირება21 ივლისს ჯგუფი თიანეთიდან ფშავისკენ გაემართა. ინახულეს ხმალას სალოცავი და ეკლესიები სოფელ ხარჭაშოში. 22 ივლისს მიაღწიეს მაღაროსკარს და იმავე დღეს არაგვის ხეობით ორწყალის გავლით მივიდნენ შუაფხოში. 23 ივლისს ავიდნენ ლაშარის-ჯვარში.
24 ივლისს ჯგუფმა შუაფხო დატოვა და ორწყალის გავლით ხევსურეთში შევიდა. ექსპედიციამ გაჩერდა მოწმაოში, შემდეგ გაიარა ბარისახო, გული. 25 ივლისს ჯგუფმა ჯერ სოფელ გუდანს მიაღწია, საიდანაც ხახმატში გადავიდა. აქედან ჯგუფი დადვისჯვრის უღელტეხილით შატილისკენ გაემართა. მათ ჯერ ლებაისკარი გაიარეს, შემდეგ გურო, შატილი და ანატორი. 28 ივლისს ჯგუფი შატილიდან ჯერ გულში დაბრუნდა, ხოლო 29 ივლისს გულიდან ორწყლის გავლით ჩარგალში ჩავიდა, სადაც ინახულეს პოეტ ვაჟა ფშაველა და მისი ოჯახი. 1 აგვისტოს ჯგუფი ჯერ არტანში ჩავიდა შემდეგ კი თიანეთში დაბრუნდა.
სვანეთი
რედაქტირება8 აგვისტოს ჯგუფი თიანეთიდან გორის გავლით ჩავიდა ქუთაისში, საიდანაც ექსპედიციამ 10 აგვისტოს სვანეთისკენ აიღო გეზი. მექვენიდან ჯგუფი ალპანისკენ გაემართა, იქ მათ გრიგოლ დადიანს ესტუმრნენ, სადაც დახვდათ თათარყან დადეშქელიანიც. 11 აგვისტოს ჯგუფი ალპანიდან, ჯერ თაბორში ჩავიდა, შემდეგ კი ლაილაშში. 12 აგვისტოს ჯგუფი უკვე სადადიანო სვანეთში იმყოფებოდა, აქ მათ მოიარეს ლაშხეთის თემის სოფლები: დაბიში, ჟახუნდერი, მუხაში, ჩუკული. 13 აგვისტოს ჯგუფმა დატოვა ქვემო სვანეთი და ლატფარის უღელტეხილით ზემო სვანეთში გადავიდა. 14 აგვისტოს მათ კალას თემში მოიარეს სოფლები: იფრარი, ხალდე, ხე, დავბერი, ლალხორი. 15 აგვისტოს გადავიდნენ უშგულის თემის სოფლებში: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი. 16 აგვისტოს მოიარეს იფარის თემის სოფლები: ნაკიფარი, ზეგანი, წვირმი, ადიში. 17 აგვისტოს მოინახულეს ჩუბიანის, ჟამუშის, ლახირის, ზარდაშის ძეგლები. ასევე სეთის თემის სოფლების ლაგანი, სეთი, ლეგთაგი, სენაკისა და ლეხთანის ძეგლებიც. 19 აგვისტოს მოიარეს ლენჯერისა და ლატალის თემის ძეგლები. 20 აგვისტოს დატოვეს ბეჩო და მოინახულეს სუფლები ლაფსხალი, ფხოტორეთი და სხვები. 22 აგვისტოს ჯგუფმა დატოვა ზემო სვანეთი და ქუთაისისკენ გამოემართა. ქვემო სვანეთში ჩამოსულებმა სოფელ მამიში მოინახულეს ძეგლები. 24 აგვისტოს დაათვალიერეს სოფელ საყდარის ძეგლები. ჯგუფმა გადალახა რკინის პალო და შევიდა სოფელ ლექსურში, სადაც ასევე დაათვალიერეს ძეგლები და შიდ არსებული საეკლესიო განძეულობა. 25 აგვისტოს ჯგუფმა ცაგერში ჩააღწია, სადაც ასევე დაათვალიერეს ძეგლები მათი განძეულობებითურთ, დღის ბოლოს კი ალპანის გავლით ქუთაისში ჩავიდნენ.
31 აგვისტოს ექსპედიციამ რამოდენიმედღიანი დასვენების შემდეგ გეზი თბილისისკენ აიღო, საიდანაც ვლადიკავკაზის გავლით დაბრუნდა მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Уварова П. С., Кавказ. Путевые заметки графини Уваровой, Ч. 3.//„Рача, Горийский уезд, горы Осетии, Пшавия, Хевсуретия и Сванетия“, Москва, 1904, сс. 195-316