პისისტრატე
პისისტრატე (ბერძ. Πεισίστρατος; დ. დაახლ. ძვ. წ. 600 — გ. ძვ. წ. 527) — ათენის ტირანი ძვ. წ. 560–527 წლებში (ხანგამოშვებით),[1] ე.წ. უფროსი ტირანიის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი წარმომადგენელი. არისტოკრატიული საგვარეულო, რომელსაც მიეკუთვნებოდა პისისტრატე, წარმოშობილი იყო პილოსიდან ათენში ჩასული ნელეიდების სამეფო საგვარეულოდან.[2] პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა სოლონის რეფორმების შემდეგ. იცავდა დიაკრიების (გლეხობა, დემოსის ვაჭარ-ხელოსარნთა ფენა) ინტერესებს.[1] დაახლ. 565 წელს ათენის ჯარს მეთაურობდა მეგარის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო მოქმედებების დროს. თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან (მეგაკლე ალკმეონიდების გვარიდან, ლიკურგე ეტეობუტადების გვარიდან) ბრძოლოლისას ეყრდნობოდა დიაკრიების რეგიონულ დაჯგუფებას (ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში მცხოვრებნი). 560 წელს ცოტა ხნით მიიტაცა ხელისუფლება. დაახლ. 556 წელს კავშირი შეკრა მეგაკლესთან (მისი ქალიშვილი მოიყვანა ცოლად) და საზეიმოდ დაბრუნდა ქალაქში. შემდეგ ისევ გააძევეს. 546 წელს საბოლოოდ განიმტკიცა ხელისუფლება ათენში.[2]
პისისტრატე | |
---|---|
ბერძ. Πεισίστρατος | |
ათენის ტირანი | |
მმართ. წლები: | ძვ. წ. 560–527 წწ. (ხანგამოშვებით) |
მემკვიდრე: | ჰიპია და ჰიპარქე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. ძვ. წ. 600 |
დაბ. ადგილი: | ათენი |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 527 |
გარდ. ადგილი: | ათენი |
პისისტრატემ დაიახლოვა ათენის არისტოკრატიის ლოიალური წარმომადგენლები; მოწინააღმდეგეებს ქონება (უპირველეს ყოვლისა მიწები) ჩამოართვა და მომხრეებსა და მცირე მიწათმფლობელებს დაუნაწილა. მრავალი დიდგვაროვანი დევნილობაში აღმოჩნდა. პისისტრატეს დროს განმტკიცდა მცირე და საშუალო მიწათმფლობელთა ფენა, გლეხებზე გაიცემოდა შეღავათიანი სესხები.[2] სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა ომის ინვალიდებს, სამუშაოთი უზრუნველყოფდა ღარიბ მოქალაქეებს. მის დროს შეიქმნა დაქირავებულთა ჯარი. პისისტრატემ ათენში ძირითადად შეინარჩუნა სოლონის კანონმდებლობა.[1] წაახალისა ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარება, მშენებლობა (ლიკეიონი, პითეიონი, დააარსა ბიბლიოთეკა, ააგო ახალი ბაზარი, წყალგაყვანილობა — ენეაკრუნოსი, რომელიც XVIII საუკუნემდე მოქმედებდა,[1] ათენას ტაძარი აკროპოლისში — ჰეკატომპედონი, შენობები მისტერიების ჩასატარებლად ელევსინაში, დაიწყო ოლიმპიელი ზევსის ტაძრის მშენებლობა,[2] გაგრძელდა პიროსის ნავსაყუდელის მშენებლობა[3]). მფარველობდა მეცნიერებასა და ხელოვნებას. მისი მითითებით მუშაობდნენ ჰომეროსის ტექსტის მოძიებასა და დადგენაზე.[1] დაწესდა დიდი დიონისიები, დიდმა პანათენეებმა შეიძინეს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ზეიმურობა. რეჟიმის მატერიალურ საფუძველს შეადგენდა პისისტრატეს მიერ შემოღებული 10%-იანი გადასახადი მოსავლიდან. სავარაუდოდ, მმართველობის ბოლო წლებში დაიწყო ათენური მონეტების მოჭრა (ტეტრადრაქმა);[2] ეს უკავშირდებოდა ლავრიონის მაღაროების მუშაობის გაფართოებას და პანგეონის ოქროსა და ვერცხლის მაღაროების დაპყრობას.[3]
საგარეო პოლიტიკაში მხარს უჭერდა მეგობრულ ურთიერთობებს არგოსთან, თესალიასთან, თებესთან, სპარტასთან, კუნძულ ნაქსოსთან. მფარველობდა აპოლონის ტაძარს კუნძულ დელოსზე. ისწრაფვოდა რიგი საყრდენი პუნქტების შექმნისკენ, რათა ეკონტროლებინა მარცვლეულის შემოტანა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთიდან საბერძნეთში (სიგეიონი, თრაკიის ქერსონესი). პისისტრატეს სიკვდილის შემდეგ ხელისუფლება მემკვიდრეობით მიიღეს მისმა ვაჟებმა ჰიპიამ და ჰიპარქემ. პისისტრატეს მიერ ათენში დამყარებული ტირანია გაგრძელდა ძვ. წ. 510 წლამდე.[2]