ლავრიონის მაღაროები
ლავრიონის მაღაროები — ანტიკურ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერცხლის (ვერცხლისშემცველი პოლილითონური მადანი) საბადოები. სახელი მიიღო ადგილმდებარეობის მიხედვით — მდებარეობდა ლავრიონის მთაზე (ბერძ. Λαύριον), ატიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სუნიონის კონცხის სიახლოვეს. ამ რაიონში მადნის მოპოვება და დამუშავება ძვ. წ. XVI საუკუნეში დაიწყო; წარმოებამ მაქსიმალურ დონეს ძვ. წ. V–IV საუკუნეებში მიაღწია. ეკუთვნოდა ათენის სახელმწიფოს, თუმცა იჯარით გადაეცემოდათ კერძო მეწარმეებს სპეციალური თანამდებობის პირების, პოლეტების მიერ. შემორჩენილია პოლეტების ძვ. წ. 367–307 წლების წარწერები, რომლებიც შეიცავს იჯარის პირობებს. მაღაროები იჯარით გაიცემოდა 3, 7 ან 10 წლის ვადით. ძირითადი სამუშაო ძალას წარმოადგენდნენ მონები, რომელთა რიცხოვნობა ძვ. წ. V–IV საუკუნეებში 20-დან 35 ათასამდე ივარაუდება. ღრმა შახტებში (110 მეტრამდე) ისინი ხელით ანგრევდნენ ქანებს, რომლებსაც ზედაპირზე ამსხვრევდნენ და რეცხავდნენ, შემდეგ აქვე ხორციელდებოდა ლითონის გამოდნობა. ლავრიონის მაღაროებში შრომის მძიმე პირობებმა და მონათა მაღალმა კონცენტრაციამ ძვ. წ. II საუკუნის ბოლოს გამოიწვია მონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აჯანყება. სპეციალისტების შეფასებით, ანტიკურ ეპოქაში ლავრიონში გამოიდნო დაახლოებით 1200 ტონა ვერცხლი და 400 ტონა ტყვია. ძირითადად სწორედ ლავრიონის მაღაროებში მოპოვებული ვერცხლისაგან ჭრიდნენ მონეტებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ანტიკურ და სხვა აღმოსავლურ სახელმწიფოებში, როგორც ჩანს, ვერცხლისა და ტყვიის ნაწილი ექსპორტზე გაჰქონდათ. ლავრიონის მაღაროებიდან მიღებული შემოსავალი დიდი ხნის განმავლობაში იყო ათენის მთავარი საფინანსო სისტემა. ძვ. წ. I საუკუნის მიწურულს მადანი ამოიწურა და ათენელებმა ლითონის ამოღების მიზნით დაიწყეს ძველი წიდების გადადნობა. ახ. წ. I საუკუნეში ლავრიონის მაღაროები მიატოვეს. მადნის მოპოვება (შესვენებებით) განახლდა 1873 წელს.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Стрелков А. В. Лаврийские рудники // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 553.