ალკმეონიდები
ალკმეონიდები (ბერძ. Ἀλκμαιωνίδαι) — ძველი ათენის არისტოკრატიული საგვარეულო. დიდ როლს თამაშობდა ათენის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძვ. წ. 640 წელს ამ გვარის წარმომადგენელმა მეგაკლემ ქალღმერთ ათენას საკურთხეველთან გაჟლიტა კილონის მომხრეები. წმინდა ადგილის შებღალვისათვის ალკმეონიდები შერისხეს და ათენიდან განდევნეს. მხოლოდ სოლონის რეფორმების შემდეგ დააბრუნეს ისინი ათენში. ძვ. წ. VI საუკუნეში ისინი კვლავ მონაწილეობდნენ ათენის პოლიტიკურ ცხოვრებაში და თანამიმდევრულად იბრძოდნენ ტირანიის წინააღმდეგ. პისისტრატემ კვლავ გააძევა ისინი და საბოლოოდ მხოლოდ პისისტრატეს მემკვიდრეთა დაცემის შემდეგ დაბრუნდნენ ათენში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა ცნობილი ათენელი რეფორმატორი კლისთენე, დედის მხრით კი — პერიკლე და ალკიბიადე.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ალკმეონიდები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 314.