პისეკის კარიბჭე
პისეკის კარიბჭე (ჩეხ. Písecká brána), რომელსაც ასევე უწოდებენ ბრუსკას კარიბჭეს (ჩეხ. Bruská brána) — ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის ბაროკოს სტილის ყოფილი ქალაქის კარიბჭე. თავდაპირველად საფორტიფიკაციო კომპლექსს ეკუთვნოდა აგრეთვე მარიანეს კედელი (ჩეხ. Mariánské hradby), რომელიც ბრუსცეს ქუჩაზე, ჰრადჩანის უბანში, ჰრადჩანსკას მეტროსადგურიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს. პისეკის კარიბჭის მახლობლად გვხვდება პრაღის სხვა ღირსშესანიშნაობები სამეფო საზაფხულო სასახლე და ვილა ბილეკი . დღესდღეობით პისეკის კარიბჭე არის ქალაქ პრაღის ჩრდილოეთით შემონახული ერთადერთი კარიბჭე და ქალაქში არსებული ოთხი საფორთეფიკაციო ნაგებობიდან ერთ-ერთი (ტაბორის, ლეოპოლდის და ჩოტეკის (აგურის) კარიბჭეები ვიშეჰრადის ციხის ნაწილია).
კარიბჭის სახელს არაფერი აქვს საერთო ჩეხეთის ქალაქ პისეკთან სამხრეთ ბოჰემიაში, მაგრამ ის მომდინარეობს წინა შუა საუკუნეებში აქ არსებული კარიბჭის სახელწოდებიდან, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იდგა, დღევანდელ ვალდშტეინსკის ქუჩაზე. ეს გარეუბანი ძველ კარიბჭესთან ერთად მთლიანად დაანგრიეს 1620-იან წლებში, რათა ადგილი გაენთავისუფლებინათ მაშინ ახლად აშენებული ვალენშტაინის სასახლისთვის. ალტერნატიული სახელწოდება მომდინარეობს ნაკადული ბრუსნიცეს (ბრუსკას) სახელწოდებიდან, რომელიც მდინარე ვლტავას პატარა შენაკადია, ის პრაღის ციხის ჩრდილოეთით მიედინება.
კარიბჭე მდებარეობდა წმინდა გიორგისა და წმინდა ლუდმილას ბასტიონებს შორის. პისეკის კარიბჭე ბაროკოს სტილის ერთ-ერთი უკანასკნელი საფორთიფიკაციო ნაგებობაა, რომელიც 1721 წელს არქიტექტორ ჯოვანი ბატისტა ალიპრანდის მიერ ფრანტიშეკ ვოგოტის დიზაინის მიხედვით აშენდა. პისეკის კარიბჭე პრაღაში ჩრდილოეთიდან შემომავალ გზებს კეტავდა. ის იყო ვლტავის მარცხენა სანაპიროზე მაშინ მდებარე ქალაქის სამი კარიბჭედან ერთ-ერთი. მეორე იყო დასავლეთით მიმავალი საიმპერატორო კარიბჭე (ჩეხ. Říšská brána) მდებარეობს დღევანდელ დლაბაჩოვის ქუჩაზე და მესამე კი სამხრეთით მდებარე უიეზდის კარიბჭე (ჩეხ. Újezdská brána) დღევანდელ უიეზდის ქუჩაზე.
1741 წელს ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ომის დროს, პისეკის კარიბჭე არასათანადოდ და სუსტად იყო დაცული, რის გამოც კარლ VII ალბრეხტის, ბავარიის ელექტორატის ჯარები და ბოჰემიის ტახტის პრეტენდენტი ერთად, სწორედ პისეკის კარიბჭის მხირდან შევიდნენ პრაღაში.
1866 წლის ავსტრო-პრუსიის ომის შემდეგ გადაწყდა, რომ კარიბჭეებით გამაგრებული ქალაქები საჭირო აღარ იყო და პრაღის საფორტიფიკაციო ქსელი თანდათანობით დაიშალა. მარიანეს კედლები გადარჩა XX საუკუნის დასასრულამდე, რისგანაც დღეს სულ რამდენიმე ნაწილია შემორჩენილი, მათ შორის პისეკის კარიბჭე. აქ აშენებული ახალი შემოვლით გზის წყალობით გაზრდილი მოძრაობა აღარ წარმოადგენდა კარიბჭისათვის საფრთხეს, რის გამოც ის დღემდე მყარად დგას. 2000-2002 წლებში პისეკის კარიბჭეს რესტავრაციას ჩაუტარდა და გადაკეთდა კაფედ და გალერეად; იქვე იმართება საქორწილო ცერემონიები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website of the gate (in Czech)