პიდმონტი
პიდმონტი (ინგლ. Piedmont) — მთისწინა პლატო აშშ-ში. ებჯინება აპალაჩების აღმოსავლეთ კიდეს. გაწოლილია დასავლეთით აპალაჩებსა და აღმოსავლეთით ატლანტისპირა დაბლობს შორის. ფართობი 207 ათ. კმ².[1]
პიდმონტი | |
---|---|
პიდმონტის პლატო, დაახლოებით 1898 წ. | |
კოორდინატები: 36° ჩ. გ. 80° დ. გ. / 36° ჩ. გ. 80° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 30–550 მ |
ფართობი | 207 ათ. კმ² |
სიგრძე | 950 კმ |
სიგანე | 16–200 კმ |
გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით ნიუ-ჯერსიდან ალაბამამდე დაახლოებით 950 კმ-ზე.[2] მინიმალური სიგანე 16 კმ, ხოლო მაქსიმალური 200 კმ.[3] სამხრეთისაკენ ფართოვდება. დაბალბორცვიანი ზედაპირი ციცაბოდ აწყდება ატლანტისპირა დაბლობს. საკმეველის ფიჭვის არეალის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე სიმაღლე მერყეობს დაახლოებით 30–150 მ ფარგლებში. სამხრეთით ჩანჩქერების ხაზის გასწვრივ, სიმაღლე დაახლოებით 150 მ-ია, ხოლო აპალაჩების მთისძირში 300–550 მ. გეგმაში პლატოს სუსტად დაკლაკნილი მოხაზულობა აქვს. პიდმონტი უფრო ძველი აპალაჩების პლატოსა და ცისფერი ქედის ეროზიით შექმნილი პენეპლენია.[4]
რელიეფი მკვეთრად გორაკ-ბორცვიანია, წვრილადაა დანაწევრებული მრავალრიცხოვანი მდინარეებითა და ნაკადებით. პიდმონტიდან დაბლობზე გამოსული მდინარეები წარმოქმნიან ჩქერობებისა და ჩანჩქერების სერიას, რომელსაც ჩანჩქერების ხაზი ეწოდება, რომელიც ნაწილობრივ ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება. პლატოს წყალგამყოფ ზედაპირზე ამოშვერილია მრავალრიცხოვანი დაბალი გრანიტული ბორცვები და თხემები. ძირითადად აგებულია გნაისებით, კრისტალური ფიქლებით, მარმარილოებითა და კვარციტებით.[5]
ვრცელი ინტრუზიული სხეულები გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო კაროლინის ფიქლოვანი სარტყლის წვრილტექსტურული ვულკანური მასალა გავრცელებულია ვირჯინიიდან შუა ჯორჯიამდე. ჩრდილოეთი კაროლინისა და ვირჯინიის ტრიასულ აუზში ადგილობრივი მნიშვნელობისაა ქვიშაქვები და თიხაფიქლები.[6]
ფუძე ინტრუზიები საყოველთაოდაა გავრცელებული. გვხვდება ზომიერად პროდუქტიული ულტისოლები, რომლებსაც ახასიათებთ წითელი და ყვითელი, ფხვიერი, კაოლინიტური, თიხიანი ქვენიადაგი. მნიშვნელოვან ფართობზეა გავრცელებული ალფისოლები, ყავისფერი ან მონტმორილონიტური თიხოვანი ქვენიადაგით და მაღალპროდუქტიული ალუვიური ენტისოლები. ადგილ-ადგილ შერეული ტყეებია.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Homework Help and Textbook Solutions bartleby. The Columbia Gazetteer of North America, 2000
- ↑ Piedmont, region, United States | Encyclopedia Britannica www.britannica.com
- ↑ Thornbury, W. D. (1965). Regional geomorphology of the United States. John Wiley and Sons, Inc., New York, 609 p.
- ↑ Schultz, Robert P. Loblolly pine : the ecology and culture of the loblolly pine. Agricultural Handbook 713. December 1997
- ↑ Hunt, C.B. (1967). Physiography of the United States. San Francisco: W.H. Freeman. 480 P.
- ↑ 6.0 6.1 Ralston, C. W. (1978). The southern pinery: Forests, physiography, and soils. P. 21–22