პატარძეულის წმინდა ნინოს ეკლესია
პატარძეულის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის ჩრდილოეთით, ოთხიოდე კილომეტრზე, წმინდა გიორგის ეკლესიის დასავლეთით, დაახლოებით 100 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო (5,1x3,8 მეტრი). ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობაში გამოყენებულია ლოდებიც. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ფასადებზე საპირე წყობის მნიშვნელობანი ნაწილი. კედლები ბევრ ადგილას დაბზარულია. დანგრეულია სამხრეთ კედლის შუა მონაკვეთი და მის ზემოთ კამარის ნაწილი. მონგრეულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე. სახურავზე ამოსულია მცენარეები. გარედან ეკლესიის კედლები 0,7-1 მეტრ სიმაღლეზე, მიწითა და ქვებითაა დაფარული. შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლის წყობის ქვედა ნაწილი). საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ბოლოში, იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე, პატარა, კვადრატული ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ერთიანი, ქარგილზე სხმული, შეისრული კამარით.
პატარძეულის წმინდა ნინოს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | პატარძეული |
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 182.