პატარა ჩაილურის ღვთისმშობლის ეკლესია

პატარა ჩაილურის ღვთისმშობლის ეკლესია, ბობოქარიარქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის ზემოთ (ჩრდილოეთით), ხუთასიოდე მეტრზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. მოგვიანებით, სავარაუდოდ, XlX საუკუნეში, გაურემონტებიათ. ეკლესია დარბაზულია (7,8x5,1 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და კირის სქელი ხსნარით. ქვა მეტ-ნაკლებად შერჩეულია და დაწყობილია წესიერ, სწორხაზოვან რიგებად, რომლებიც უმეტესად კედლების ზედა ნახევარშია გამოყვანილი. კედლების ზედა ნახევარი წყობა, ძირითადად, ქაოსურია. შენობის გარეთა კუთხეები შედარებით მოზრდილი ქვითაა ნაწყობი. მოგვიანებით შეკეთებულ ადგილებში, რიყის ქვასთან ერთად, კვადრატული აგურიცაა (22x22x4,5 სანტიმეტრი) გამოყენებული. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარედან, შესასვლელის ორივე გვერდი ქვიშაქვის სუფთად გათლილი, მთლიანი ქვისაა (სიმაღლე - 130 სანტიმეტრი, სიგანე - 45 სანტიმეტრი), რომლებზეც, კარის კიდეების გასწვრივ, წვრილი გრეხილი ლილვია გამოყვანილი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, გაჭრილია ფართო, ოთხკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, აფსიდის ბოლოებთან, თითო ოთხკუთხა ნიშია. აფსიდი დადაბლებული პროპორციების კონქითაა გადახურული. კონქის თაღი შეისრულია, იგივე ფორმისაა კამარაც. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი მოქცეულია ოდნავ შეღრმავებულ, ოთხკუთხა არეში. სარკმლის გასწვრივ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებაა, რომლის ზედა მკლავი ფრონტონის წვერზეა მიბჯენილი. მსგავსი ჯვარი იყო გამოსახული შესასვლელის ზემოთაც. ორივე ჯვარი, სავარაუდოდ, XlX საუკუნეში ჩატარებული რემონტის დროინდელია. 2010 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად, სპეციალისტებთან კონსულტაციის გარეშე აღადგინა, რის გამოც მას თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახის განმსაზღვრელი თითქმის ყველა დეტალი დაკარგული აქვს. რემონტის დროს შესასვლელის ზედა ნაწილი აგურით აღუდგენიათ და ღიობი ფიცრით გადაუხურავთ; სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილო კედლებზე, თავდაპირველი ლავგარდნის დონეზე (შემორჩენილია კვალი), მოუწყვიათ რკინა-ბეტონის სარტყელი, აუმაღლებიათ ოთხივე გარეთა კედელი (დაახლოებით 60 სანტიმეტრით) და ფასადების დიდი ნაწილი ცემენტისა და ქვიშის ხსნარით შეუთითხნიათ; დასავლეთ კედელში გაუჭრიათ ახალი, უსახური სარკმელი, ინტერიერი გაჯით შეულესავთ და სახურავი თუნუქით დაუბურავთ. ამჟამად ეკლესიის ეზო ლითონის ღობითაა შემოფარგლული.

ლიტერატურა

რედაქტირება