ორდენი
ორდენი (გერმ. Orden < ლათ. ordo — რიგი, თანრიგი) — წარჩინების ნიშანი, საპატიო სახელმწიფო ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის. ორდენის, როგორც წარჩინების ნიშნის, წარმოშობა დაკავშირებულია სასულიერო-სარაინდო და სარაინდო ორდენებთან — გაერთიანებებთან, რომლებიც არსებობდნენ დასავლეთ ევროპაში XIII საუკუნუდან ბერ-მონაზონთა ორდენების მსგავსად. სამხედრო-ბერ-მონაზონთა სარაინდო ორდენები დაარსდა პალესტინაში ჯვაროსნული ომების დროს (მაგ., ტამპლიერების ორდენი, გერმანული ორდენი), XIII—XIV საუკუნეებში ამ გაერთიანებათაგან ზოგიერთში ათიათასობით რაინდი შედიოდა (მაგ. ლივინიის ორდენი, ტევტონთა ორდენი), XIV—XVI საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა სამეფო კარის ორდენები. ამ ორდენების წევრებს ბრწყინვალედ ეცვათ, მათ ჰქონდათ აგრეთვე სხვადასხვა განსაკუთრებული საორდენო ნიშანი, რომელმაც შემდეგ ჯილდოს სახე მიიღო (მაგ., ინგლისში წვივსაკრავის ორდენი, 1348 ან 1350, საფრანგეთის სულიწმინდის ორდენი, 1579). ასეთი ორდენები, მრავლად დაწესდა XVIII—XIX საუკუნეებში; ამგვარი ნიშნები გვხვდება აზიის ქვეყნებშიც: თურქეთში (ნახევარმთავარის ორდენი, 1799), ირანში (ლომისა და მზის ორდენი, 1808), იაპონიაში (ამომავალი მზის ორდენი, 1875), ჩინეთში (ორმაგი დრაკონის ორდენი, 1882)და სხვა. რუსეთში ორდენები პირველად პეტრე I-მა დააწესა — წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ორდენი (1698) და წამებული წმინდა ეკატერინეს ქალთა ორდენი (1714). სამხედროების დასაჯილდოებლად დაწესდა წმინდა ალექსანდრე ნეველის (1725) და წმინდა გიორგის (1769) ორდენები, შემდეგ კი ბევრი სხვა ორდენები; ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მეფის ორდენები გაუქმდა.
ყოფილ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში უმაღლეს ორდენებად ითვლება: ბულგარეთში — გიორგი დიმიტროვის ორდენი, გდრ-ში — კარლ მარქსის ორდერი, უნგრეთში — უნგრეთის დროშის ორდერი, პოლონეთში — სახალხო პოლონეთის მშენებელთა ორდერი, რუმინეთში — "რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ვარსკვლავი", ჩეხოსლოვაკიაში — კლემენტ გოტვალდოს ორდენი, იუგოსლავიაში -"იუგოსლავიის დიდი ვარსკვლავი" და სხვა. კაპიტალისტურ ქვეყნებში შედარებით ცნობილი ორდენებია: აშშ-ში — "მეწამული გული"; დიდ ბრიტანეთში — წვივსაკრავის ორდენი; საფრანგეთში — საპატიო ლეგიონის ორდენი და სხვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 565.