ალექსანდრე ორბელიანი

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, ალექსანდრე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.

ალექსანდრე ორბელიანი (ჯამბაკურ-ორბელიანი) (დ. 24 მაისი, 1802 — გ. 28 დეკემბერი, 1869) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ქართველ რომანტიკოსთა უფროსი თაობის წარმომადგენელი. ერეკლე მეფის შვილიშვილი, თეკლე ბატონიშვილის ვაჟი.

ალექსანდრე ორბელიანი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1802(1802-05-24)
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1869(1869-12-28) (67 წლის)
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ისტორიკოსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის კლასიკური გიმნაზია
ნათესავ(ებ)ი ერეკლე II

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ალექსანდრე ორბელიანი 1840-იან წლებში

ალექსანდრე სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელში ეწეოდა თვითგანვითარებას. 1828 წელს აირჩიეს თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად. ალექსანდრე მონაწილეობდა სპარსეთისა და ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1829 წელს მსახურობდა მრჩეველის თანამდედობაზე გუბერნიის სამმართველოში. იგი იყო 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, რისთვისაც დააპატიმრეს და გადაასახლეს ორენბურგში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე 1840 წელს ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში: მონაწილეობდა ჟურნალ „ცისკრის“ აღდგენაში (რომელშიც აქვეყნებდა თავის თხზულებებს), ზრუნავდა ქართული თეატრის აღორძინების, ჟურნალ-გაზეთების დაარსების, სკოლების გახსნაში.

ალექსანდრე ორბელიანი ავტორია ლექსების, მოთხრობების, დრამების, მემუარებისა და პუბლიცისტური წერილებისა. მისი პირველი ლექსი, „მთოვარე“, გამოქვეყნდა 1832 წელს ჟურნალში — „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი“. ალექსანდრე იყო ურითმო ლექსის ერთ-ერთი პირველი ავტორი ახალ ქართულ პოეზიაში. მისი საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატურად თითქმის ერთ საკითხს ეხება, ესაა ქართველთა „დაცემული ვინაობის“ გარკვევა. მწერლის მზერა საქართველოს წარსულისკენ იყო მიპყრობილი. წარსულის იდეალიზაცია, მისი სიდიადის წარმოჩენა იყო ალექსანდრეს მთავარი მიზანი.

ყურადღებას იმსახურებს ალექსანდრე ორბელიანის „მემუარები“, რომელშიც გადმოცემულია მწერლის თანადროული საქართველოს ვითარება, მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების დამახასიათებელი სურათები და ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი „ივერიანელების გალობა, სიმღერა და ღიღინი“. 60-იანი წლების დასაწყისში მან მხარი დაუჭირა ერთიანი სალიტერატურო ენის დამკვიდრებას და მოითხოვა ძველი ქართული სალიტერატურო ენის აღდგენა, რათა იგი დასდებოდა საფუძვლად თანადროული მწერლობის განვითარებას.

ალექსანდრე ორბელიანის ისტორიული ხასიათის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: „1829 წლის არეულობა საქართველოში“, „საქართველოს მეფის ირაკლის ძე ლევან“, „დაღესტნიდან ლეკების გადმოსვლა საქართველოში“, „შეთქმა მეფის ირაკლის მეორეზე საქართველოში“, „მოგონებანი“, „აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში“ — რომელშიც, მართალია, ზოგიერთი ტენდენციურობით, მაგრამ საყურადღებო ფაქტების მითითებით, აღწერილია კრწანისის ბრძოლა და იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება აღმოსავლეთ საქართველოში.

ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა 1869 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002, გვ. 720.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება