ომანი — სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, არაბეთის ზღვის სანაპიროზე. ფართობი 309 500 კმ². ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება არაბთა გაერთიანებული საამიროები, დასავლეთით საუდის არაბეთი, სამხრეთ-დასავლეთით იემენი, ხოლო ჩრდილოეთით ომანის ყურე და ჰორმუზის სრუტე.

ომანის გეოგრაფია

ომანის სამხრეთი ნაპირები უმთავრესად სწორხაზოვანია, ხოლო ჩრდილოეთით შეჭრილ-შემოჭრილი. დიდი ყურეებია: მასირა, საუკირა და კურია-მურია. ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ აღმართულია ომანის მთები, რომელიც ჩრდილო მთისწინეთში ელ-ბატინის ვიწრო (40-50 კილომეტრი) სანაპირო დაბლობია. ომანის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რუბ-ელ-ხალის ქვიშიანი უდაბნოს აღმოსავლეთ კიდეს, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დოფარის პლატოს. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ნავთობი, ბუნებრივი აირი და სპილენძის მადანი. ჰავა ტროპიკულია, ქვეყნის უმეტეს ნაწილში — უდაბნოს ტიპის. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში 18-25°C, ზაფხულში 30-35°C, მაქსიმალური 45-50°C. ატმოსფერული ნალექების ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 150 მმ-მდეა წელწიადში, ომანის მთებში — 500 მმ, სამხრეთ-დასავლეთში 700 მმ. მუდმივი მდინარეები არ არის, ბევრია უადი. წვიმის სეზონებში წარმოიქმნება დროებით ნაკადები — უადები. მიწისქვეშა წყლებს იყენებენ სარწყავად. ჭარბობს ტროპიკული უდაბნოს მცენარეულობა, მთაში სავანა, ფოთოლმცვივანი ტყე და მდელოებია. ოაზისებში იზრდება ფინიკისა და ქოქოსის პალმები.

საუდის არაბეთთან საზღვრის სიგრძეა 676 კილომეტრი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 410 კილომეტრი, ხოლო იემენთან 288 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა 2092 კილომეტრი. ომანს ეკუთვნის არაბეთის ზღვაში არსებული კუნძული მასირა და კურია-მურიის არქიპელაგი.

ომანის ყურის სანაპიროს გასწვრივ გადაჭიმულია ალ-ბატინის გრძელი და ვიწრო ვაკე. ვაკის შემდეგ ამაღლებულია ხაჯარის კლდოვანი მთები, რომელიც გადაჭიმულია ღერძით მუსანდამის ნახევარკუნძულიდან ელ-ხადის კონცხამდე (არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთი დაბოლოება). ქედების დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1450 მეტრზე მაღლაა. აქ მდებარეობს ომანის უმაღლესი წერტილი მთა ეშ-შამი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 3017 მეტრს აღწევს. სამაილის უადი ხაჯარის მთებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად ჰყოფს. მთები სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადადის პლატოში, რომელიც თავის მხრივ, დაბლდება და გადადის რუბ-ელ-ხალის ქვიშიან უდაბნოში, რომელზედაც გადის საზღვარი საუდის არაბეთთან. ომანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი დოფარის პლატოს, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 100-200 და 500-1000 მეტრი. პლატოს ფერდობები მაღლდება სანაპირო ვაკის სიახლოვეს ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე და მკვეთრად ეცემა არაბეთის ზღვისაკენ. პლატო ჩრდილო-აღმოსავლეთით გადადის რუბ-ელ-ხალის უდაბნოში.

ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა ომანის ნაოჭა მთების სისტემა (ჩრდილო-აღმოსავლეთით) და არაბეთის ფილის კალთები (სამხრეთ-დასავლეთით). ომანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში შემოდის რუბ-ელ-ხალის ღრმულის კიდური მხარეები და ხადრამუტის აზევება — სამხრეთ არაბეთის ფილის უმსხვილესი სტრუქტურული ელემენტები. დანალექი საფარველის სიმძლავრე 1,5-7 კილომეტრს აღწევს. მეზოზოური დანალექები წარმოდგენილია კარბონატული ქანებით სულფატებისა და ტერიგენული ქანების ფენებით. კაინოზოური დანალექები დიდწილად კირქვები, დოლომიტები, თაბაშირი და ანჰიდრიტებია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება