ოთახის მცენარეები

ოთახის მცენარეები — ბინებისა და საზოგადოებრივ დაწესებილებებში დეკორატიული მიზნით გამოზრდილი მცენარეები. ოთახის მცენარეებად შერჩეულია ტროპიკული და სუბტროპიკული წარმოშობის მცენარეები, რომლებიც მოიცავენ სხვადასხვა ოჯახის მრავალ სახეობას.

სენპოლია

ოთახის მცენარეები იყოფიან ლამაზად მოყვავილე (ამარილისი, იელი, ოთახის ჟასმინი, უზამბრის ია და სხვა) და დეკორატიულ-ფოთლოვან (პალმა, მონსტერა, მირტი, დრაცენა, ფიკუსი, გვიმრა და სხვა) მცენარეებად. მცენარეს რგავენ თიხისა და პლასტმასის ქოთანში ან ხის კასრში.

მოვლის ძირითადი წესია: რეგულარული რწყვა, ზაფხულობით მინერალური სასუქების სუსტი ხსნარით გამოკვება, გაზაფხულზე ახალ მიწაში გადარგვა, ფოთლების რეგულარული შესხურება, ზაფხულში მორწყვა უმჯობესია საღამოს, ზამთარში — დილით, ოთახის ტემპერატურის წყლით, უმჯობესია წვიმის წყალი. ტროპიკული წარმოშობის მცენარე კარგად იტანს ოთახის მაღალ ტემპერატურას (20-25 °C), მაგრამ ჰაერის მაღალ ტენიანობასაც მოითხოვს. სუბტროპიკული სახეობები (დაფნა, მირტი, ოლეანდრე, ჩინური ვარდი და სხვა) ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც (10-12 °C) კარგად ეგუებიან.

ოთახის სამხრეთ ფანჯარასთან კარგად ხარობს უდაბნოს მცენარეები (კაქტუსები, აგავა, ალოე და სხვა), ხოლო ჩრდილოეთ ფანჯარასთან — სხვადასხვა სახის გვიმრა, წიწვიანი მცენარეები. გარემო პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნ მცენარეებს - ხეშეშ ტყავისებრფოთლიანებს (ვეფხისტყავა, მონსტერა, პეპერომია, ფიკუსი, დრაცენა) იყენებენ დაწესებულებათა ინტერიერებში, საზოგადოებრივი შენობების გასალამაზებლად და სხვა. ოთახის მცენარეებად გამოყენებულია აგრეთვე ხვიარა, კიდული და ნაყოფის მომცემი მცენარეები (ასპარაგუსი, ჭორტანა, პეპერომია, ლიმონი, ყავის ხე და სხვა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხმალაძე ი., ოთახის მეყვავილეობა, თბ., 1972

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება