ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი

(გადამისამართდა გვერდიდან ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსი)

ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი (ადრე „ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსი“) (დღეს - ნანგრევები)საქართველოში ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესია და მასთან მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი სოფელ ქვემო ნაგვაზავოში, მარტვილის მუნიციპალიტეტი.

ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი
ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსის მონასტერი
გიორგი ათათიას ფოტო
ძირითადი ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ქვემო ნაგვაზავო
სასულიერო სტატუსი არ არის მოქმედი
ფუნქციური სტატუსი სამონასტრო კომპლექსი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭყონდიდის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ტაძრის გეგმა

ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი

რედაქტირება

ვისაც გაუვლია, ან ვინც გაივლის მარტვილი-ბანძის მონაკვეთს, სოფელ ნოჯიხევთან (ახლა ქვემო ნაგვაზავო) მდინარე აბაშის სანაპიროს მახლობლად, აუცილებლად შეამჩნევს უძველესი ნასახლარის კვალს. ამ ნანგრევების ისტორიამ ძალიან დამაინტერესა და შევეცადე შემეგროვებინა ცნობები ამ ნასახლარზე. აღმოჩნდა რომ ეს ადგილი ბევრ საიდუმლოს ინახავდა, რადგანაც სწორედ ეს ნანგრევები ყოფილა საქართველოში ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესია და მასთან მდებარე საცხოვრებელი კომპლექსები, აბანო და სხვა.

გიორგი ათათია, „რა განძი გვქონია“, 2009

არქეოლოგიური გათხრები

რედაქტირება
 
ნაჯიხუს ნასახლარის ტოპოგეგმა
 
ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი
გიორგი ათათიას ფოტო

1977-1980 წლებში აკადემიკოსმა პარმენ ზაქარაიამ და მისმა ჯგუფმა, რომლებმაც ჩაატარეს ექსპედიცია ძველი ეგრისის ტერიტორიაზე, არქეოლოგიური მასალების მოპოვების მიზნით, სოფელ ქვემო ნაგვაზავოს ტერიტორიაზე, გათხარეს ორი გორაკიდან ერთი, უფრო მომცრო გორაკი. ამ გათხრამ ყოვლად უსახო დარბაზული ეკლესიის ნაშთები გამოავლინა და რადგან იგი დადგმული იყო საინტერესო, კაპიტალურად ნაგები ტაძრის ტერიტორიაზე, გადაწყდა მისი მოხსნა.

დარბაზული ეკლესიის აღებამ, არქეოლოგიური მასალის მხრივ, ბევრი არაფერი მოიტანა, მაგრამ გამოაჩინა არქიტექტურის მშვენიერი და იშვიათი ძეგლის ნანგრევები. ტაძარი რვა აფსიდიანი აღმოჩნდა. ნაჯიხუს ეკლესია ერთადერთია საქართველოში. მრავლაფსიდიანი ტაძრების თემა, ცნობილი მეცნიერის გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში ჩნდება და ამავე ეტაპზე ამთავრებს თავის არსებობას. ამ ტიპის ძეგლებია: ბოჭორმა, კაცხი, ოლთისი ციხის ეკლესია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტაძარი მრავალაფსიდიანია, მაგრამ არა — რვა.

ტაძრის არქიტექტურა

რედაქტირება

რვააფსიდიანი ტაძარი — ეს სრული სიახლე იყო არა მარტო სამეგრელოსთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის: ასეთი ტიპის ტაძარი საქართველოში ნაჯიხუმდე ცნობილი არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლი ძალიან დაზიანებულია, მისი გეგმის დადგენა მაინც მოხერხდა. ეკლესიას შიგნიდან რვააფსიდი ჰქონდა, გარედან კი – მრავალწახნაგა იყო. ეკლესიას სამი კარიბჭე ჰქონდა: დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის. უკანასკნელი ორი კარიბჭე გვიან ამოუშენებიათ. დასავლეთის კარიბჭე, როგორც მთავარი დანარჩენ ორზე ცოტათი განიერია. ცენტრალურ გუმბათქვეშა ფართობის გარშემო აფსიდები რადიალურადაა განლაგებული და ერთიან სივრცეს ქმნის. აფსიდების წრიული მოხაზულობა ყველგან ერთნაირი არ არის. შედარებით დიდია ის აფსიდები, რომლებშიც კარებია გამოჭრილი საკურთხევლის აფსიდის მოხაზულობა სხვა აფსიდების ზომისაა.

საკურთხეველი ეკლესიის დარბაზის დონეზე ორი საფეხურით მაღალია. შუაში, აღმოსავლეთის კედელთან ტრაპეზის ქვაა მიდგმული.

 
ნაჯიხუს რვააფსიდიანი ტაძრის ნანგრევები
გიორგი ათათიას ფოტო

გუმბათი შიგნიდან როგორ იყო გადაწყვეტილი ზუსტად არ დგინდება. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ გუმბათის ყელზე გადასვლა აფრული ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია გარედან უფრო დაზიანებული ყოფილა, ვიდრე შიგნიდან, კარგად ჩანს, რომ ცოკოლსა და საძირკველს წრიული მოხაზულობა აქვთ, ხოლო ზემოთ თვით კორპუსი წახნაგოვანი ყოფილა.

საძირკველი ნაგებია ყორექვით, ხოლო ორსსაფეხურიანი ცოკოლი — თლილი ქვით. ცოკოლი შენობის ირგვლივ კარგადაა შერჩენილი. ზედა კორპუსისგან კი მოღწეულია მხოლოდ სამი გვერდი ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ისიც ნაწილობრივ. სწორედ ამ ნაშთით ირკვევა, რომ ტაძრის კორპუსი წახნაგოვამი ყოფილა.

ტაძარი გარედან მოთეთრო კირქვის კარგად თლილი კვადრებით ყოფილა შემოსილი, ხოლო შიგნიდან — თლილი, პატარა ზომის შირიმის ქვით. შირიმში აქა-იქ გარეულია სხვა ტიპის მომწვანო ქვაც.

ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩნდა ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები, რომლებიც შესრულებულია ისეთივე კირქვის ფილებზე, როგორითაც ტაძრის ფასადებია შემოსილი.

ტაძრის აგება

რედაქტირება
 
ნაჯიხუს რვააფსიდიანი ტაძარი

ნაჯიხუს ტაძრის დათარიღებისთვის წერილობითი წყაროები არ მოიპოვება. ნანგრევებში აღმოჩენილი წარწერის ოცდაათიოდე ფრაგმენტის რაიმე სისტემით დალაგება შეუძლებელია. ასოები ჩაკვეთით არის შესრულებული. წარწერები შეღებილი ყოფილა წითელი საღებავით — სინგურით. ეს ნიშნები დამახასიათებელი ყოფილა X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნისთვის. ტაძრის ფასადები ძალზე დაზიანებულია. ადგილზე არსებული და ნანგრევებში ნაპოვნი ფრაგმენტებიდან ზოგიერთ გარკვეულ დეტალზე დაყრდნობით ძეგლის გარეგანი სახის ვარიანტი ისახება. მრავალაფსიდიანი ძეგლების უმრავლსეობა ქოლგისებური გადახურვით გამოირჩევა. ნაჯიხუს ტაძრის შემთხვევაშიც ნანგრევებშიც აღმოჩენილმა ფრაგმენტებმა დაადასტურა ქოლგისებური გადახურვის შესაძლებლობა. ერთი ზომისა და პროფილის, ერთნაირი დეკორატული დამუშავების ქვებიდან, რომლებიც ნაპოვნი იქნა ნანგრევებში, აიწყო ხერხულა კარნიზი, რომელიც 90° კუთხეს ქმნის. საბოლოოდ მეცნიერებმა არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზის საფუძველზე ნაჯიხუს რვააფსიდიანი ტაძარი X-XI საუკუნეებით დაათარიღეს.

ტაძრის მოხატულობა

რედაქტირება
 
ნაჯიხუს მონასტერის აღმოსავლეთი ფასადი
გიორგი ათათიას ფოტო

მოხატულობა ტაძარში არაა შემორჩენილი, მაგრამ როგორც მეცნიერები ფიქრობენ ეკლესია მოხატული იყო. ამის მაუწყებელია, ჩრდილო ფასადების ზედაპირით ნაჭდევებით დამუშავება, ბათქაშის გასამაგრებლად. ეკლესია რელიეფებიდაც ყოფილა მორთული. ამათგან მოაღწია ერთადერთმა — ხარის თავმა, რომელიც ამჟამად ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული.

ტაძრის მორთულობა

რედაქტირება

X საუკუნის ბოლო პერიოდის ქართული ტაძრების ფასადების მორთულობის აუცილებელ ელემნტს წარმოადგენს თაღნარი. ტაძრის ნანგრევებში აღმოჩენილი რამდენიმე დეტალი სწორედ ფასადის თაღნარით მორთვას ადასტურებს.

თაღნარის გარდა ფასადებს სხვა მდიდრული მორთულობაც ახლდა. მათ შორის აღსანიშნავია სარკმლებისა და კარიბჭების მორთულობა თითოეულ მათგანზე მცირე მონაცემები მოიპოვება. შედარებით უკეთაა წარმოდგენილი სარკმლის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებიდან შემორჩენილი ორი სარკმლის თაღი, არშიასთან ერთად არის ფარდულიც. ამის გარდა სარკმლის გვერდების მოჩარჩოების პროფილიანი ქვები ათამდე შემორჩენილი.

ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ათიოდე ნაბიჯზე ნაპოვნია ხარის სკულპტურა. ეს სკულპტურა აშკარად პერპენდიკულარულად იჯდა, მაგრამ თუ სად — უცნობია. ვარაუდობენ რომ ხარის თავის სკულპტურა თავის წყვილთან ერთად პორტალის თაღის გვერდებზე უნდა ყოფილიყო.

გათხრებისას მოპოვებული მასალები

რედაქტირება
 
ნაჯიხუს სამონასტრო კომპლექსი
გიორგი ათათიას ფოტო

ნუმიზმატიკური მასალებიდან აღსანიშნავია ის მონეტები, რომლებიც აღმოჩნდა ნაგებობების ირგვლივ. ერთი მონეტა უშუალოდ ტაძრის ნანგრევებშია ნაპოვნი, იატაკის დონეზე. თერთმეტი მონეტა, განძის სახით ნაპოვნია ჩრდილო-აღმოსავლეთით 50-იოდე მეტრზე, გალავანთან (ქოთანში). სამი მონეტა კი ტაძრის გარშემო იპოვნეს. მონეტები ვერცხლისაა და კარგადაა შენახული. მათი ნაწილი ტრაპიზონის საკეისროსია, ნაწილიც სელჯუკური (XIII საუკუნე).

კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობა

რედაქტირება

დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას სახნავ-სათესი ნაკვეთები აქვს. ნაჯიხუსთვის გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არავის მიუხედავს. კომპლექსი მიწამ, მტვერმა და მცენარეებმა დაფარა. ტაძრის ტერიტორიაზე შემორჩენილი უნიკალური ნაგებობები მოუვლელი და მიტოვებულია. ყოველი ახალი დღე მას ართმევს უნიკალურ ნიმუშებს, რომლითაც ასე ამაყობს ისტორია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარმენ ზაქარაია, ნოქალაქევი-არქეოპოლისი, თბ., 1987;
  • პარმენ ზაქარაია, თამილა კაპანაძე, ნოქალაქევი-არქეოპოლისი, თბ., 1987;
  • თამარ აბრამიშვილი, ნოქალაქევის ექსპედიციის მიერ მოპოვებული მონეტები (1937-1902 წლები), კრებული ნოქალაქევია არქეოპოლისი II;
  • გიორგი ჩუბინაშვილი, რამდენიმე თავი ქართული ხელოვნების ისტორიიდან, თბ., 1926;
  • პარმენ ზაქარაია, ვადიმ ლექვინაძე, გიორგი გვინჩიძე, თამილა კაპანაძე, ნოქალაქევის ექსპედიციის 1978-1979 წლების მუშაობის მოკლე ანგარიში, კრებული „არქეოლოგიური ექსპედიციები”, VII, თბ., 1980;
  • იგორ კეკელია, ბანძის ციხე, გაზეთი „მახარია”, #9(26), 2002;