ნორმან ერნესტ ბორლოუგი (ინგლ. Norman Ernest Borlaug; დ. 25 მარტი 1914, კრესკო — გ. 12 სექტემბერი 2009, დალასი) — ამერიკელი აგრონომი და სელექციონერი. ცნობილია როგორც „მწვანე რევოლუციის მამა“. 1970 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, 1977 წელს მიენიჭა პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, 2004 წელს ეროვნული სამეცნიერო მედალი და 2006 წელს კონგრესის ოქროს მედალი.

ნორმან ბორლოუგი
ინგლ. Norman Borlaug
დაბ. თარიღი 25 მარტი, 1914(1914-03-25)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი Cresco
გარდ. თარიღი 12 სექტემბერი, 2009(2009-09-12)[6] [1] [2] [7] [3] [4] [5] (95 წლის)
გარდ. ადგილი დალასი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ბიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, გენეტიკოსი, აგრონომი, ინჟინერი და agricultural scientist[8]
მუშაობის ადგილი აიოვის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მინესოტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[9]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[10] [11] , სამეცნიერო დამსახურებების ეროვნული ორდენის დიდი ჯვარი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, Borlaug CAST Communication Award[12] , მეცნიერების ეროვნული მედალი, კონგრესის ოქროს მედალი, Padma Vibhushan in science & engineering, Philip Hauge Abelson Prize[13] , NAS Public Welfare Medal[14] , კატალონიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Fellow of Bangladesh Academy of Sciences, Fellow of Pakistan Academy of Sciences, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, გრანადის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[15] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[16] და Honorary doctorate of the University of Florida

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნორმან ბორლოუგი დაიბადა 1914 წლის 25 მარტს აიოვაში, აშშ. იგი 1854 წელს აშშ-ში ემიგრირებული ნორვეგიელების შთამომავალი იყო. ნორმანი ფერმერების ოჯახში დაიბადა და იყო ჰენრი (1889-1971 წწ.) და კლარა (1888-1972 წწ.) ბორლოუგების ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი. მას ჰყავდა სამი პატარა და: პალმა ლილიანი (1916-2004 წწ.), შარლოტა (დ. 1919 წ.) და ჰელენი (დ. 1921 წ.). შვიდიდან 18 წლამდე იგი მუშაობდა საოჯახო ფერმაში ქალაქ კრესკოს მახლობლად.

1933 წელს ბორლოუგი გახდა მინესოტის უნივერსიტეტის სტუდენტი. სწავლის დროს უწევდა დამატებითი სამუშაოს შესრულება. მაგალითად, 1935 წელს იგი მუშაობდა გარემოს დაცვის სამოქალაქო კორპუსში. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ 1935-1938 წლებში იგი მუშაობდა მეტყევედ მასაჩუსეტსში და აიდაჰოში. 1937 წელს ბორლოუგი დაქორწინდა მარგარეტ გიბსონზე. უნივერსიტეტის პედაგოგის ელვინ ჩარლზ სტაკმენის წყალობით დაინტერესდა ფიტოპათოლოგიით და 1942 წელს მან დაიცვა დისერტაცია სელის სოკოვანი დაავადებების შესახებ.

1942 წლიდან 1944 წლამდე ბორლოუგი მუშაობდა მიკრობიოლოგად ქიმიურ კომპანია DuPont-ში (დელავერის შტატი), სადაც იგი დაკავებული იყო სოფლის მეურნეობისათვის ფუნგიციდებისა და ბაქტერიოციდების დამზადებით. პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ნორმან ბორლოუგმა სცადა სამხედრო სამსახურში წასვლა, მაგრამ მისი კანდიდატურა უარყვეს. მისმა ლაბორატორიამ დაიწყო სამხედრო შეკვეთების მიღება.

მწვანე რევოლუცია

რედაქტირება

1940 წელს მექსიკის ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი მანუელ ავილა კამაჩო, რომლის ადმინისტრაციასაც აწუხებდა მოუსავლიანობა ქვეყანაში. მექსიკელებმა დახმარებისთვის მიმართეს როკფელერის ფონდს. 1944 წელს, ფონდმა ჯორჯ ჰარარის მეთაურობით აგრონომიების ჯგუფი გაგზავნა მექსიკაში, რომელშიც შედიოდა ბორლოუგი, როგორც ფიტოპათოლოგი და გენეტიკოსი. მექსიკაში მეცნიერი თორმეტი წლის განმავლობაში დარჩა, დაიწყო ქვეყნისათვის მაღალი მოსავლიანობის ხორბლის ჯიშების გამოყვანა. ამ დროისათვის მექსიკა ხორბალს საზღვარგარეთიდან ყიდულობდა. ბორლოუგმა შეაჯვარა ადგილობრივი ჯიშები იაპონურ ჯუჯა ჯიშებთან და გამოიყვანა მაღალეფექტური ჯიშები, რომლებიც ამტანი გამოდგა მექსიკის კლიმატისათვის. 1951-1956 წლისთვის მექსიკამ სრულად უზრუნველყო საკუთარი თავი მარცვლეულით და დაიწყო მისი ექსპორტი; 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის მარცვლეულის მოსავალი 3-ჯერ გაიზარდა.

მექსიკის მიღწევებით დაინტერესდნენ სხვა ქვეყნები. 1959 წელს ბორლოუგი მიიწვიეს პაკისტანში, 1963 წელს — ინდოეთში. ინდოეთში ბორლოუგმა გააგზავნა მაღალი მოსავლიანობის ჯიშები: სონორა 64 და ლერმა როხო. შედეგად, 1965-1970 წლებში, ამ ქვეყნებში მარცვლეულის მოსავალი გაორმაგდა.

ახალი ჯიშები გამოიყენეს ლათინური ამერიკის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში. ფილიპინებში ბრინჯის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა ბორლოუგის ჯგუფის მაგალითზე შეიმუშავეს ნახევრად ჯუჯა ჯიშის ბრინჯი. 1965 წელს ბორლოუგი ხელმძღვანელობდა ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო პროგრამას, რომელიც სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ნაწილი იყო.

აღიარება

რედაქტირება

ბორლოუგის მოღვაწეობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 1968 წლის 8 მარტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი უილიამ გაუდი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს „მწვანე რევოლუციას“ უწოდებს. 1970 წლის 21 ოქტომბერს ნორმან ბორლოუგს მიანიჭეს ნობელის მშვიდობის პრემია შემდეგი ფორმულირებით: „საკვების პრობლემის მოგვარებაში და განსაკუთრებით მწვანე რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“. ნობელის ლექციაზე მეცნიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „მწვანე რევოლუცია იყო დროებითი წარმატება შიმშილისა და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლაში; მან ხალხს სულის მოთქმის საშუალება მისცა“.

1970-იან წლებში ბორლოუგის მუშაობის რამდენიმე ასპექტი ეკოლოგების კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, ნეგატიურად შეფასდა ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება.

1979 წელს ბორლოუგი გადადგა ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო პროგრამის დირექტორის თანამდებობიდან. 1984 წლიდან ტეხასის უნივერსიტეტ A&M-ის პედაგოგია. 1986 წელს ბორლოუგმა დააწესა სურსათის მსოფლიო პრემია. ამავე წელს იგი გახდა სასაკავის სრულიად აფრიკის ასოციაციის პრეზიდენტი და ტროპიკული აფრიკის 2000 წლის სასოფლო-სამეურნეო პროგრამის ხელმძღვანელი. 2000-2001 წლებში მცირე ხნით მოქმედებდა ბორლოუგის მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში მომუშავე ადამიანებისათვის.

ნორმან ბორლოუგი არის მთელი რიგი წიგნებისა და 70 სამეცნიერო და პოპულარული სტატიის ავტორი. არის სხვადასხვა ქვეყნების აკადემიების წევრი, მათ შორის ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების.

2006 წელს მიენიჭა ამერიკის უმაღლესი ჯილდო — კონგრესის ოქროს მედალი. შედეგად იგი გახდა მეშვიდე ადამიანი, რომელმაც ერთდროულად მიიღო ნობელის პრემია, კონგრესის ოქროს მედალი და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი. 2006 წელს გადაეცა ინდოეთის რიგით მეორე ჯილდო პადმა ვიბჰუშანი, ინდოეთში შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

ამერიკაში იგი ცნობილია როგორც „ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა მილიარდი სიცოცხლე“.

ნორმან ბორლოუგი გარდაიცვალა ლიმფომისაგან 2009 წლის 12 სექტემბერს დალასში, 95 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bickel, Lennard (1974). Facing starvation; Norman Borlaug and the fight against hunger. Pleasantville, N.Y.: Reader's Digest Press; distributed by Dutton. ISBN 978-0-88349-015-0. 
  • Hesser, Leon (2006). The Man Who Fed the World: Nobel Peace Prize Laureate Norman Borlaug and His Battle to End World Hunger. Durban House. ISBN 978-1-930754-90-4. 
  • Cullather, Nick (2010). The Hungry World: America's Cold War Battle against Poverty in Asia. Harvard University Press. ISBN 978-0-674-05078-5. 
  • Rajaram, S. (2011). „Norman Borlaug: The Man I Worked with and Knew“. Annual Review of Phytopathology. 49: 17–30. doi:10.1146/annurev-phyto-072910-095308. PMID 21370972.
  • Vietmeyer, Noel (2013). Our Daily Bread: the Essential Norman Borlaug. Bracing Books. ISBN 978-0-578-09555-4. 
  • Vietmeyer, Noel (2009). Borlaug; Volume 1, Right off the Farm 1914-1944. Bracing Books. ISBN 978-0-578-04125-4. 
  • Vietmeyer, Noel (2010). Borlaug; Volume 2, Wheat Whisperer 1944-1959. Bracing Books. ISBN 978-0-578-03856-8. 
  • Vietmeyer, Noel (2010). Borlaug; Volume 3, Bread Winner 1960-1969. Bracing Books. ISBN 978-057-806920-3. 
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. http://www.theguardian.com/science/2009/sep/13/norman-borlaug-obituary
  7. Pence G. E. Borlaug, Norman Ernest (25 March 1914–12 September 2009) // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1302691
  8. https://www.cast-science.org/awards/borlaug-cast-communication-award/charles-a-black-award-laureates/norman-e-borlaug/
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #140379703 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. The Nobel Peace Prize 1970Nobel Foundation.
  11. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  12. https://www.cast-science.org/charles-a-black-recipients/
  13. https://www.aaas.org/awards/philip-hauge-abelson/recipients
  14. https://www.nasonline.org/programs/awards/public-welfare-medal.html
  15. http://archivo.ugr.es/pages/trabajosdocumentos/honoriscausa
  16. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 41.