პერლ-ჰარბორზე თავდასხმა

თავდასხმა პერლ-ჰარბორზე1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტს პერლ-ჰარბორის ბაზაზე, კუნძულ ჰავაიზე. თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაება მეორე მსოფლიო ომში იაპონიის, გერმანიისა და იტალიის წინააღმდეგ. აშშ-ის ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური ქვეყნების ალიანსის დამარცხება გარდაუვალი გახადა.

თავდასხმა პორტში მდგარ გემებზე.პერლ-ჰარბორი 1941 წელი

ამერიკა-იაპონიის ურთიერთობა თავდასხმამდე

რედაქტირება

30-იან წლებში იაპონიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 1931 წელს იაპონიამ დაიპყრო ჩინეთის პროვინცია მანჯურია, 1937 წელს კი ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. აშშ-ს გაღიზიანება გამოიწვია სისასტიკემ, რომელსაც იაპონელები ჩინეთში იჩენდნენ. ამას თან დაერთო იაპონიის გაერთიანება ნაცისტურ გერმანიასთან სამხედრო ალიანსში, 1940 წელს. მომდევნო წელს ჰიტლერის შეიარაღებული ძალები მთელ კონტინენტურ ევროპაში გაბატონდნენ და საბჭოთა კავშირისკენ იკაფავდნენ გზას. დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა შეიარაღებული ძალები გაეყვანა საბერძნეთიდან და კრეტიდან, ბრიტანელებმა რამდენიმე მარცხი იწვნიეს ჩრდილოეთ აფრიკაშიც. გარდა ამისა, ატლანტის ოკეანეში გერმანელებმა წყალქვეშა ნავებით ძლიერი იერიში მიიტანეს ბრიტანეთის ფლოტზე. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია იმ დროისთვის მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში ძალზე სკეპტიკურად უყურებდნენ ევროპაში ომში ჩართვის შესაძლებლობას. პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი ანგარიშს უწევდა ქვეყანაში გამეფებულ ანტისაომარ განწყობას და პირობას დებდა, რომ ქვეყანა ომში არ ჩაერთვებოდა. 1941 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო მდივანმა იაპონელებს ჩინეთისა და ინდოჩინეთის დატოვება მოსთხოვა, ამას გარდა აშშ-მ ნავთობისსა და სხვა ნედლეულის მიწოდება შეუმცირა იაპონიას, რაც მისი ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. იაპონიას სხვა არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ ამერიკისთვის ომი გამოეცხადებინა. პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ აშშ უკვე ორ ფრონტზე იყო ჩართული ომში — გერმანიასთან და იტალიასთან ევროპაში და იაპონიასთან წყნარ ოკეანეში.

თავდასხმა

რედაქტირება
 
იაპონური მონადირე Mitsubishi A6M Zero

1941 წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო იაპონიის ფლოტის მთავარსარდლის, ადმირალ ისოროკუ იამამოტოს მიერ შემუშვებული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა პერლ-ჰარბორში აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე მოულოდნელ თავდასხმას. ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 სამხედრო ხომალდი და წყალქვეშა ნავები, საბრძოლო პოზიციები დაიკავა. 7 დეკემბერს, დილის 8 საათზე 180-მა იაპონურმა ბომბდამშენმა ბაზაზე იერიში მიიტანა. მათი სამიზნე იყო 8 ამერიკული საბრძოლო ხომალდი, აქედან 7 მათგანი ნავმისადგომში ერთრიგად ჩამწკრივებული იდგა და მოწინააღმდეგისთვის კარგ სამიზნეს წარმოადგენდა. ყველა მათგანი დაბომბეს, 3 კი ჩაძირეს. იერიშის მეორე ტალღა ნახევარ საათში განმეორდა და 10 საათისთვის იაპონელთა თვითმფრინავები უკან გაბრუნდნენ. 21 საბრძოლო ხომალდის ჩაძირვის ან განადგურების გარდა, იაპონელებმა ამერიკელთა 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა მიწაზე იდგა. 3 ავიამზიდი, რომლებიც იმ დროს წვრთვნებს გადიოდნენ და პორტში არ იმყოფებოდნენ, დაბომბვას გადაურჩა. ამერიკელთა დანაკარგი 2403 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენდა, 1178 კი დაიჭრა. იაპონელებმა კოორდინებული თავდასხმით ასევე თითქმის მიწასთან გაასწორეს ფილიპინებზე აშშ-ის საჰაერო ძალები. პრეზიდენტ რუზველტს კონგრესმა მაშინვე მიანიჭა უფლებამოსილება, ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის. რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიამ მოკავშირის წინაშე თავი ვალდებულად მიიჩნია, აშშ-ისთვის ომი გამოეცხადებინა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება