ფიტოპათოლოგია — მეცნიერება მცენარეთა დაავადების, მისი პროფილაქტიკის საშუალებათა და მეთოდების, აგრეთვე ლიკვიდაციის შესახებ. ფიტოპათოლოგია იყოფა ორად ზოგადი და კერძო. ფიტოპათოლოგია ზოგადი შეისწავლის მცენარის დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, მათ განვითარებასა და გავრცელებას, ქსოვილებში გამოწვეულ ანატომიურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, დაავადებისადმი მცენარის გამძლეობას, დაავადების მასობრივად გავრცელების პირობებს, დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და სხვა. კერძო ანუ სპეციალური ფიტოპათოლოგია დარგობრივია და შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის ჯიშების, დეკორატიული მცენარეების, ბოსტნეული კულტურების დაავადებებსა და სხვა აღნიშნულ მცენარეთა დაავადებების სამკურნალოდ მეცნიერები იყენებენ აგრეთვე გენეტიკის, სელექციის, მიკრობიოლოგიის, მიკოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის და სხვა დარგების მიღწევებს.

ცნობები მცენარეთა დაავადებათა შესახებ ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე არსებობდა ბერძენი და რომაელი ფილოსოფოსების (არისტოტელე, თეოფრასტე, პლატონი და სხვა) შრომებში. ისინი დაავადებებს (ხორბლეულის გუდაფშუტა, ჟანგა, ხეხილის კიბო და სხვა) აღწერდნენ უმთავრესად გარეგნული ნიშნების მიხედვით, მათ გამომწვევ მიზეზებს კი გულუბრყვილო და მცდარი მოსაზრებით ხსნიდნენ. საზოგადოდ, მცენარეთა დაავადებები ადამიანისადმი „ღვთის რისხვად“ მიაჩნდათ. მცენარეთა დაავადებებზე ასეთი წარმოდგენა თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ბატონობდა. შემდეგ იგი შეიცვალა ახალი შეხედულებებით და ამტიცებდნენ, რომ მცენარეთა დაავადების მიზეზია მცენარის წვნის გაფუჭება, რის გამოც მცენარის ზედაპირი სხვადასხვა სახისა და ფორმის წარმონაქმნით იფარება. ამ თეორიას ექზანთემა უწოდეს, მაგრამ მან ნათელი ვერ მოჰფინა მცენარეთა დაავადებების არსს.

მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულში დაამტკიცა გერმანელმა მეცნიერმა ანტონ დე ბარიმ, რომ მცენარის ჭრაქით დაავადებას სოკოები იწვევენ. ეს მოსაზრება მან გამოთქვა იმ ცდების საფუძველზე, რომლებიც ვაზის ჭრაქის შესწავლის შედეგად მიიღო. დე ბარიმ ისიც დაამტკიცა, რომ ვაზის ჭრაქით დაავადება ხელოვნურადაც შეგვიძლია გამოვიწვიოთ. ანალოგიური შედეგები მიიღო რუსმა მეცნიერმა მიხეილ ვორონინმა. ამ აღმოჩენებმა ბევრი დააინტერესა და შემდგომში ასეთივე ბუნების პარაზიტული სხვა ორგანიზმებიც (ბაქტერიები და სხვა) აღმოაჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვირუსების აღმოჩენა დიმიტრი ივანოვსკის მიერ თამბაქოს მოზაიკის შესწავლისას, რითაც დადასტურდა ვირუსების პათოგენურობის ფაქტი. ამ აღმოჩენამ დიდად გაუთქვა სახელი მეცნიერს, მით უმეტეს, მას შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ვირუსები არა მარტო მცენარეების, არამედ ცხოველებისა და ადამიანის დაავადებებსაც იწვევენ. ყველა ზემოთ დასახელებულმა აღმოჩენამ დიდი გავლენა მოახდინა ფიტოპათოლოგიის განვითარებაზე.

ფიტოპათოლოგია შეისწავლის არაპარაზიტულ დაავადებებსაც, კერძოდ, ისეთ დაავადებებს, რომლებიც ეკოლოგიური პირობებითაა (ტემპერატურა, ტენი და სხვა) გამოწვეული. ამასთანაა დაკავშირებული პარაზიტების აღმავალი გავრცელება-განვითარებაც. მცენარეთა ფიტოპათოლოგიის დარგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგროტექნიკური ფაქტორები (თესლბრუნვა, თესვის ვადები, ნიადაგის დამუშავების სისტემა, სასუქები და სხვა), რაც საშუალებას გვაძლევს დაავადებათა წინააღმდეგ გამოვიყენოთ ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდები. ქიმიის განვითარებამ და ეფექტური შხამქიმიკატების (პესტიციდები) პრეპარატების შექმნამ საგრძნობლად დააჩქარა მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობანი და მაღალი სამეურნეო შედეგიც გამოიღო.

ფიტოპათოლოგიის დარგში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მაღალ დონეზეა აშშ-ში, გფრ-ში, ინგლისში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყანჩაველი ლ., ზოგადი ფიტოპათოლოგია