ნიკოლოზ ჩირვინსკი
ნიკოლოზ ჩირვინსკი (რუს. Николай Петрович Чирвинский (Червинский)) (დ. 10 მაისი [ ძვ. სტ. 28 აპრილი], 1848, ჩერნიგოვი — გ. 5 იანვარი, 1920) — რუსი მეცნიერი, რუსეთში ექსპერიმენტული ზოოტექნიკური მეცნიერების ფუძემდებელი. პეტრეს აკადემიის პროფესორი.
ნიკოლოზ ჩირვინსკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 აპრილი (10 მაისი), 1848 |
დაბ. ადგილი | ჩერნიგოვი[1] |
გარდ. თარიღი | 5 იანვარი, 1920[1] (71 წლის) |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია რუსეთის რესპუბლიკა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა Don Republic |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | პეტრეს სოფლის მეურნეობის აკადემია, Ministry of State Property[2] და კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი[2] |
ალმა-მატერი | ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი, სატყეო ინსტიტუტი და საიმპერატორო მედიკო-ქირურგიული აკადემია |
შვილ(ებ)ი | პეტრე ჩირვინსკი და Vladimir Nikolaevich Chirvinsky |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ პეტრეს ძე ჩირვინსკი დაიბადა ქალაქ ჩერნიგოვში. მამა ადრე გარდაეცვალა და ბავშვების აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. პატარა ნიკოლოზი ვორონეჟის კადეტთა სკოლაში შეიყვანეს.
ჩირვინსკი ძალიან კარგად სწავლობდა და კურსის დამთავრების შემდეგ, როგორც საუკეთესო მოწაფე, პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც სამხედრო ინჟინერის წოდებით დაამთავრა. მაგრამ სამხედრო კარიერა სრულებით არ იზიდავდა ჭაბუკს. მას ბუნებისმეტყველება აინეტერსებდა და ამიტომ სწავლა განაგრძო პეტერგურგის მიწათმოქმედების ინტიტუტში.
პროფესიული საქმიანობა და მოღვაწეობა
რედაქტირებაინსტიტუტში ჩირვინსკი ქიმიამ გაიტაცა, მალე მან მნიშვნელოვანი ნაშრომები გამოაქვეყნა, მათ შორის ერთ-ერთმა ნაშრომა დიმიტრი მენდელეევის ქება დაიმსახურა.
სტუდენტობის პირველი წლები მძიმე იყო. ნიკოლოზ პეტრეს ძე სწავლობდა და თან ტექნიკური ქიმიის კათედრის ლაბოლატორიაში მუშაობდა. თავისი მცირე შემოსავლის ნაწილს უგზავნიდა სოფელში დედას და დას, მერე კი ძმასას, რომელიც რევოლუციური მოღვაწეობისთვის პეტერბურგიდან არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.
ჩირვინსკის ისე ძლიერ სურდა ცოდნის შეძენა, რომ თავისუფალ მსმენელდაც ჩაირიცხა სამხედრო-სამეცნიერო აკადემიაში, სადაც ანატომიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. დიდი გავლენა იქონია ჭაბუკზე გამოჩენილი რუსი მეცნიერი ფიზიოლოგის ივანე სეჩენოვის ლექციებმა.
საბუნებისმეტყველო დარგიდან ჩირვინსკი ყველაზე მეტად ზოოტექნიკით დაინტერესდა და 1874 წელს საბოლოოდ გადაწყვიტა ამ მეცნიერებისათვის მოეკიდა ხელი.
დაიბეჭდა მისი სტატიები მეცხოველეობის საკითხებზე. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ყურადღება მიიპყრო და მალე იგი პეტრეს მიწათმოქმედებისა და სატყეო აკადემიაში მიიწვიეს პედაგოგად.
1882 წლიდან 1894 წლამდე ჩირვინსკის აკადემიის პროფესორის თანამდებობა ეჭირა.
მისი პირველი კაპიტალური ნაშრომი, რომელმაც სახელი გაუთქვა, იყო „ცხიმის წარმოქმნა ცხოველურ ორგანიზმში“.
იმ დროს ზოოტექნიკაში და განსაკუთრებით კი უცხოეთში გაბატონებული იყო ჰიპოთეზა, რომ ცხოველის სხეულში ნახშირწყლებიდან ცხიმი არ წარმოიქმნება. მაშინ მიაჩნდათ, რომ ცხოველის სხეულში ცხიმი წარმოიქმნებოდა იმ ცხიმიდან, რომელსაც საკვები შეიცავდა.
ჩირვინსკიმ გოჭებზე დიდი სიფრთხილით ჩაატარა ცდა. იგი აღრიცხავდა ცხიმს, რომელსაც გოჭები საკვებთან ერთად იღებდნენ და თვით გოჭების ცხიმსაც. გამოირკვა, რომ ცხოველების სხეულში ბევრად უფრო მეტი ცხიმი გროვდებოდა, ვიდრე მათი კვების რაციონში იყო. ამ აღმოჩენამ დიდი როლი ითამაშა ზოოტექნიკურ მეცნიერებასა და განსაკუთრებით სახორცე მეცხოველეობის პრაქტიკაში.
ნიკოლოზ პეტრეს ძეს მეორე ნაშრომი, რომელზეც იგი (1886 წლიდან) ოცდაათი წლის განმავლობაში მუშაობდა, განიხილავს ცხოველის (კერძოდ კი მისი ჩონჩხის) ზრდისა და განვითარების დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორებზე. მეცნიერმა შეისწავლა ჩონჩხისა და მისი ცალკეული ნაწილების ცვლა ცუდი, ნორმალური კვების, ვარჯიშის პირობებში და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: თუკი ცხოველებს მარტო დიდი რაოდენობის არაყუათიანი საკვები ეძლევა (თივა, ჩალა, სილოსი, ძირხვენგორგლეული), მათი კუჭნაწლავის არხი ინტენსიურად ვითარდება, ხოლო ჩონჩხის განვითარება ფერხდება. უყუათო საკვებმა შეიძლება, საერთოდ, მთელი ორგანიზმის განვითარება შეაფერხოს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის განვითარების შეფერხებაც, ამისათვის ცხოველებს კონცენტრირებული სკავები (მარცვლეული კულტურები, კოპტონი, ქატო, ძვალხორცის ფხვნილი) უნდა მივცეთ და მათი რაციონი შევამციროთ. ეს მნიშვნელოვანი გამოკვლევები შემდგომში მეცნიერულ საფუძვლად დაედო სასოფლო-სამეურნეო ცხოველების კვების ტიპური რაციონების შემუშავებას.
ჩირვინსკიმ შეისწავლა არა მარტო საკვების ტიპის (უხეში, წვნიანი, კონცენტრირებული და ა. შ.) გავლენა ცხოველთა განვითარებაზე, არამედ მისი დონის (უხვი, მწირი თუ საშუალო კვება) გავლენაც. უფრო დიდ მნიშვნელობას იგი კვების დონეს ანიჭებდა.
ამ საკითხების კვლევისას ჩირვინსკიმ დაადგინა ცხოველთა ორგანიზმის ზრდისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებანი, რომ კვების რეჟიმი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს შინაგანი ორგანოების, კერძოდ კი ახალგაზრდა ცხოველების საჭმლის მომნელებელი ორაგნოების აგებულებაზე.
მაგრამ თუ მოზარდეულს ცუდად კვებავენ, მაშინ ნორმალური თანაფარდობა მისი ჩონჩხის ცალკეულ ნაწილებს შორის ირღვევა: მათი წონა და ზომა არაპროპორციულად მატულობს, ჩონჩხის ზოგი ნაწილი სწრაფად იზრდება, ზოგი - შედარებით ნელა. ჩონჩხის განუვითარებელი ნაწილების მთლიანი აღდგენა შემდეგ ნოყიერი საკვებითაც კი შეუძლებელია.
ნიკოლოზ პეტრეს ძის ამ მეცნიერულ კვლევას დიდი შეფასება მისცეს ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა და იგი სამუდამოდ დამკვიდრდა ბიოლოგიისა და ზოოტექნიკის საგანძურში.
დიდი ენერგია მოანდომა ჩირვინსკიმ რუსეთში მეცხვარეობის განვითარებასაც. 1898 წლიდან 1919 წლამდე იგი სათავეში ედგა მეცხოველეობის კათედრას კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. აქ მან მოაწყო საჩვენებელი სასწავლო ფარეხი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქვეყნის მეცხვარეობის განვითარებასა და ზოოტექნიკოს-მეცხვარეთა მომზადებაში. მეცნიერს ეკუთვნის აგრეთვე მრავალი ნაშრომი მეცხავრეობის საკითხებზე, რომლებისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრაქტიკოსი მეცხვარეებისათვის.
ჩირვინსკი მესაქონლებაშიც ატარებდა კლასიკურ ცდებს. ასე, მაგალითად, 1883–1885 წლებში იგი მონაწილეობდა გამოჩენილი ზოოლოგისა და ზოოტექნიკოსის მიდენდორფის, თავის დროზე ცნობილ ექსპედიციაში, რომელმაც შეისწავლა მესაქონლეობის მდგომარეობა რუსეთის სხვადასხვა გუბერნიასა და ოლქში. ამ გამოკვლევის საუძველზე ნიკოლოზ პეტრეს ძემ დაასკვნა, რომ მესაქონლეობის გასაუმჯობესებლად საქონლის ამა თუ იმ ჯიშის შერჩევა შეიძლება მხოლოდ იმ მეურნეობაში, სადაც ცხოველები უზრუნველყოფილი არიან საუკეთესო საკვებით, რომ მესაქონლეობის დონის ასამაღლებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ზრუნვა ცხოველების კვების გაუმჯობესებაზე.
ჩირვინსკი იყო ნიჭიერი პედაგოგი, მან პირველმა წაიკითხა ზოგადი მეცხოველეობის კურსი პეტრეს მიწათმოქმედებასა და სატყეო აკადემიაში 1888 წელს. მან დაწერა სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის სტუდენტებისათვის - „ზოგადი მეცხოველეობა“, რომლითაც აგრონომებისა და ზოოტექნიკოსების არა ერთი თაობა აღიზარდა.
ნიკოლოზ ჩერვინსკი სამართლიანად ითვლება XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ მეცნიერ-ზოოტექნიკოსად. ის იყო მამა გეოლოგებისა პეტრე ჩირვინსკი (1880–1955) და ვლადიმერ ჩირვინსკი (1883–1942).
ლიტერატურა
რედაქტირება- საბავშვო ენციკლოპედია, თბ.1973 წელი
- Попов И. С. Н. П. Чирвинский // Чирвинский Н. П. Избр. соч., т. 1. — М., 1949.
- К 160-ЛЕТИЮ СО ДНЯ РОЖДЕНИЯ ПРОФЕССОРА Н.П. ЧИРВИНСКОГО // ИЗВЕСТИЯ ТИМИРЯЗЕВСКОЙ СЕЛЬСКОХОЗЯЙСТВЕННОЙ АКАДЕМИИ. 2008. №3
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Чирвинский Николай Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 Гончаров Н. П. Государственная организация аграрной науки в России (К 175-летию РАСХН), State Agrarian Science in Russia (On the 175th anniversary of the Russian Academy of Agricultural Sciences) // Историко-биологические исследования — 2012. — Т. 4, вып. 3. — С. 10–33. — ISSN 2076-8176; 2500-1221