ნიკოლოზ ინასარიძე
ნიკოლოზ (ინდო) ინასარიძე (ფსევდონიმი: ინდო ინასარი; დ. 20 აპრილი, 1895 — გ. 1952) — ქართველი მწერალი.
ნიკოლოზ ინასარიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 აპრილი, 1895 |
გარდაცვალების თარიღი | 1952 |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საფრანგეთი |
შვილ(ებ)ი | ხვედრი ინასარიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ინასარიძე დაიბადა ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში 1895 წლის 20 აპრილს. ახალციხის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა (1917-1921 წწ.). 1918-1919 წლებში მონაწილეობდა საქართველო-სომხეთის ომში. 1921 წლის ბოლოს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ნიკო ინასარიძე, ქართული გვარდიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ იგი ხდება პროლეტარულ მწერალთა კავშირის წევრი და შემდეგ მისი მდივანი, 1924 წლამდე. 1924 წელს ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის რეკომენდაციით, ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩარიცხულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1929 წელს წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, თუმცა სამშობლოში მოღვაწეობის საშუალება არ მიეცა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დახასიათების გამო, რომლითაც ის „ქვეყნისათვის არასასურველ და საშიშ პიროვნებად“ იყო მიჩნეული. 1929 წლის ნიკო ინასარიძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილილიყო. მან მეუღლესთან – ნინო ინასარიძესთან და თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად სამცხე-ჯავახეთიდან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთში გადავიდა. ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, რომელსაც მამა პიო ბალიძე პატრონობდა. 1930 წლის ზაფხულში საფრანგეთში გაემგზავრნენ — ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში. 1932 წელს ინასარიძეებს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც პოეტმა გიორგი ყიფიანმა სახელად „ხვედრი“ დაარქვა, რადგან მას ბედმა უცხოეთში დაბადება არგუნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავრობამ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. ინდო ინასარის სამშობლოში დაბრუნებას ემიგრაციაში მცხოვრები მეგობრები საშიშად თვლიდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრმა, ინდო ინასარის მეგობარმა, ალექსანდრე სულხანიშვილმა პარიზიდან გაცილებისას უთხრა:
„ტყუილა ენდობი ბოლშევიკებს, მხოლოდ სამარე გაასწორებს მათ და რახან მაინც მიდიხარ, წმინდანი კაცი ხარ და ჩვენ ამბორს შენგან მიიღებს მშობლიური მიწა“
|
. 1947 წლის აგვისტოში ქართველ ემიგრანტთა 55 კაციან ჯგუფთან ერთად ინდო ინასარი ცოლ-შვილით სამშობლოში დაბრუნდა. 1951 წლის 26 დეკემბერს ნიკოლოზ ინასარიძე ოჯახით, სხვა ათასობით ქართველთან ერთად, ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს. 1952 წლის მარტში იგი თბილისში, მარტო დააბრუნეს, ვითომ მისივე საქმის განხილვაზე დასასწრებლად. ერთი თვეში გადასახლებაში მეუღლეს და შვილს აცნობეს, რომ ნიკოლოზ ინასარიძემ თავი მოიკლა. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, დაიღუპა ჩეკისტების მიერ წამებისას. მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.
1954 წელს ნიკოლოზ ინასარიძე რეაბილიტირებული იქნა.
ნიკო ინასარიძის ვაჟი, ხვედრი ინასარიძე საქართველოში ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია. მწერლის შვილიშვილი ნიკო ინასარიძე არის მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა
რედაქტირებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე შეიკრიბა საერთო ეროვნული შეხედულებების სტუდენტთა ჯგუფი (ნ. ინასარიძე, შ. ჩხაიძე, ვ. ჩოგოვაძე, ვ. ბიბილაშვილი, ა. გვენცაძე, ს. გვენცაძე, ი. სალარიძე, ფ. ნაროუშვილი, დ. გონაშვილი და სხვა), რომელიც ჩამოყალიბდა ორგანიზაციად – „ადამიანოსანი“, რომლის პრინციპები ნიკო ინასარიძის მიერ იყო შემუშავებული და რომელიც ხელისუფლების მიერ არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციად იქნა მიჩნეული. „ადამიანოსანი“ იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც უნივერსიტეტმა ნიკოლოზ ინასარიძეს უარყოფითი დახასიათება მისცა. პარიზში ნიკო ინასარიძემ დააარსა გაზეთი „ადამიანოსანი“, ამავე სახელით გაზეთი 20-იან წლებში მისივე რედაქტორობით თბილისში გამოდიოდა. 1937 წელს გამოსცა გაზეთი „მუზარადი“, ფაქტობრივად „ადამიანოსანის“ გაგრძელება. უსახსრობის გამო ეს გამოცემები მალე შეწყდა.
ლიტერატურული მოღვაწეობა
რედაქტირებანიკოლოზ ინასარიძეს მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა. მისი ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. 1936 წელს, პარიზში, ქართულ ენაზე გამოიცა ნიკო ინასარიძის რომანი „ჩრდილი ერთი სინამდვილისა“ (L'ombre d'une vérité). წიგნში მხილებული იყო უსამართლობა და სისასტიკე, რომელიც საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში სუფევდა. მომდევნო წლებში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა „ეროვნული თანასწორობა და უნაყოფო ყვავილი“ (L'équité nationale et la fleur stérile). ქართულ ენაზე დაწერილი ფსიქოლოგიური რომანი „სულის მათხოვარი“ (Le mendiant de l'âme) (ნაწილი ფრანგულადაც იყო ნათარგმნი) უსახსრობის გამო არ გამოქვეყნებულა. 1948 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კინოსტუდიის დაკვეთით ინდო ინასარმა დაწერა სცენარი „უცნაური ბედი“, რომელიც წარმოებაში მიიღეს, მაგრამ გადაღებები ბოლომდე აღარ მიუყვანიათ. 1950 წელს გამოაქვეყნა რომანი „დრამა წითელ მდინარეზე“, რომელიც საფრანგეთ-ვიეტნამის ომის ფონზე იყო გაშლილი და მოქმედი პირებიც ფრანგები იყვნენ. საზოგადოებამ წიგნი კარგად მიიღო. გამოაქვეყნა რამდენიმე საბავშვო მოთხრობაც. წიგნი „მშვენიერი ქუჩა“, დაწერილი 1951 წელს, არ გამოქვეყნებულა.