ნიკოლოზ აქირთავა

საბჭოთა სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე აქირთავა (აფხ. Николаи Николаи-иԥа Ақырҭава; დ. 31 დეკემბერი, 1894, სოფელი ჭუბურხინჯი, სამურზაყანოს მაზრა, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 1937, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — აფხაზი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე.

ნიკოლოზ აქირთავა
დაბადების თარიღი 1894
გარდაცვალების თარიღი 1937
მოქალაქეობა  სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ აქირთავა დაიბადა 1894 წლის 31 დეკემბერს სამურზაყანოს მაზრის სოფელ ჭუბურხინჯში, ხელმოკლე აფხაზი აზნაურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში დაამთავრა საეკლესიო-სამრევლო სკოლა და სწავლა განაგრძო სტავროპოლის გიმნაზიაში, საიდანაც 2 წლის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ხარკოვში ყოფნისას ნ. აქირთავა თავიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1914 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში და აქტიურ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა ხარკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. უნივერსიტეტში მასთან ერთად სწავლობდნენ, შემდგომში აფხაზეთის ცნობილი რევოლუციონერები: ნ. ლაკობა, ს. კარტოზია და ი. მარღანია. 1916 წელს აქირთავა რევოლუციური მოღვაწეობის გამო იქნა დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ 1918 წლამდე მუშაობდა ხარკოვის ერთ-ერთ საწარმოში აღმრიცხველად და კანტორის მუშაკად.

1917 წლის თებერვლისა და განსაკუთრებით ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აქირთავა უფრო აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იყო ხარკოვის კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს იურიდიული განყოფილების გამომძიებელი. ნ. აქირთავა მონაწილეობდა ლაშქრობაში, რომელიც მოაწყო კ. ვოროშილოვის არმიამ ლუგსნსკიდან ცარიცინისაკენ — 1918 წლის მაის-ივნისში და რომელმაც დიდი როლი ითამაშა ვოლგისპირა ციტადელის დაცვაში. რიგითი აქირთავა ნახევარი წლის მანძილზე იბრძოდა აღნიშნული არმიის რიგებში. ერთ-ერთ ბრძოლაში მან კანტუზია მიიღო. განკურნების შემდეგ იგი მუშაობდა ცარიცინის კომენდატურის სამმართველოში და ეწეოდა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლოდ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობას. 1918 წლის სექტემბერში კვლავ ხარკოვში აგზავნიან. აქ იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საოკრუგო სამხედრო კომისრად, განსაკუთრებით დანიშნულების ნაწილისა და ცენტრალური სააგიტაციო სამმართველოს კომისრად.

1919 წლის დასაწყისში ნიკოლოზ აქირთავა ახერხებს აფხაზეთში დაბრუნებას. იმავე წლის მაისში იგი ნ. სვანიძესთან ერთად სამურზაყანოში შეუდგა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის აღდგენას. აგვისტოში ნ. ნ. სმეცკოის სოხუმის აგარაკზე ჩატარდა აფხაზეთის ბოლშევიკური ორგანიზაციების მორიგი არალეგალური კონფერენცია, რომელზეც ნ. აქირთავა არჩეულ იქნა რკპ (ბ) სოხუმის საქალაქო კომიტეტის მდივნად. ამ პოსტზე მან შეცვალა ა. ა. ბელიაკოვი. კონფერნციამ მიიღო გადაწყვეტილება მასების პოლიტიკური მომზადების შესახებ, როგორც მოცემულ ეტაპზე ერთ-ერთ მთავარ საკითხზე. საქალაქო კომიტეტმა მალე დაამყარა კავშირი რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო და თბილისის კომიტეტებტან, რომლისაგანაც იღებდა ინსტრუქიებს, ლიტერატურას და ფულად სახსრებს.

1920 წლის თებერვალში ნ. აქირთავა აფხაზეთის კომისარიატის განსაკუთრებული რაზმის მიერ, როგორც „უაღრესად საშიში და მავნე პიროვნება“ დაპატიმრებულ იქნა და მოთავსებულ სოხუმის ციხეში. 1920 წლის მაისში რსფსრ-სა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბოლშევიკური ორგანიზაციები ლეგალიზებულ იქნა და ყვლა დაპატიმრებული ბოლშევიკი საქართველოში იქნა განთავისუფლებული. მათ შორის იყვნენ ნ. აქირთავა და ე. ეშბა. გათავისუფლების შემდეგ ნ. აქირთავამ გააგრძლა თავისი მუშაობა ბოლშევიკური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტში. 1920 წლის 21 ივნისს სოხუმის მილიციის უფროსი აფხაზეთის შინაგან საქმეთა კომისარის მიმართ მოხსენებაში იკითხება „ქალაქ სოხუმსა და მის გარეუბნებში კომუნისტები ნ. აქირთავა, ს. კუხალეიშვილი, ი. ვიგრიანოვი, ნ. სვანიძე და სხვები წარმატებით ეწევიან მოსახლეობაში აგიტაციას არსებული წყობილების დამხობის მიზნით შეიარაღებული გამოსვლის მოსაწყობად“.

1920 წლის აგვისტოს ბოლო რიცხვებში ნ. აქირთავა გაემგზავრა ბაქოში, სადაც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთის ხალხთა I ყრილობის მუშაობაში. აღნიშნულ ყრილობაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოვიდნენ ე. ეშბა და ნ. ლაკობა, სადაც ისინი აქტიურად ეწეოდნენ აქტიურ რევოლუციურ მუშაობას. ყრილობის მუშაობა მიმდინარეობდა კომინტერნის სპეციალური კომისიის უშუალო ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გ. კ. ორჯონიკიძე, ს. კიროვი და ე. სტასოვა. ყრილობის დღეებში ბაქოში მოეწყო აფხაზეთის ბოლშევიკების; ე. ეშბას, ნ. ლაკობას, ნ. აქირთავას, გ. ჩაჩბას თათბირი აფხაზეთში შეიარაღებული აჯანყების მოწყობის თაობაზე.

მალე ეშბა და ლაკობა გაგზავნილ იქნენ უცხოეთში სპეციალური დავალებით. ხოლო ვ. ჩაჩბა, იმ დროს ბაქოში მუშაობდა აფხაზეთის შეიარაღებული აჯანყების მოსამზადებლად. ნ. აქირთავა დატოვილ იქნა ბაქოში, სადაც იგი მუშაობდა ადგილობრივ ბოლშევიკურ ორგანიზაციაში და ერთდროულად ასრულებდა ს. ორჯონიკიძის დავალებებს, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ მდგომარეობასთან აფხაზეთში.

1921 წელს საქართველოში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება. შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც გამოაცხადა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველო. თითქმის ერთდროულად შეიქმნა აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი ე. ეშბას (თავმჯდომარე), ნ. ლაკობასა და ნ. აქირთავას შემადგენლობით.

ნ. აქირთავა მაშინათვე გაემგზავრააფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთი საზღვრებისაკენ და მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთის პარტიზანული რაზმები, ადლერისა და სოჭის წითელგვარდიელები შეტევაზე გადავიდნენ მდინარე ფსოუს გასწვრივ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების წინააღმდეგ, მაგრამ წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდა. ამისათვის ნ. აქირთავამ აფხაზეთის რევკომის სახელით თხოვნით მიმართა ს. ორჯონიკიძეს აჯანყებულთა დასახმარებლად გამოეგზავნათ წითელი არმია. მალე მოვიდა პასუხი: „წითელი არმია თავს უღალატებს თუ დახმარების ხელს არ გაუწვდის აფხაზეთის აჯანყებულ მუშებსა და გლეხებს დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში“. მალე IX წითელმა არმიამ (სარდალი მ. კ. ლევანდოვსკი, პოლიტგანყოფილების უფროსიდ. ა. ფურმანოვი), რომელიც იმ დროს დისლოცირებული იყო ყუბანსა და შავი ზღვის სანაპიროებზე, მიიღო საბრძოლო დავალება: „დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთის მოსხლეობას საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში“. ნ. აქირთავა მისი რაზმით შეუერთდა წითელი არმიის ნაწილებს. ის დანიშნეს 31-ე მსროლელი დივიზიის პოლიტმუშაკად. სწორედ ამ დივიზიას ჰქონდა დავალებული დახმარება აღმოეჩინა აფხაზეთის აჯანყებულებისათვის. ოპერაციის დაწყების წინ დივიზიის კომისარ პ. მორენცთან გაიმართა თათბირი. ამ თათბირზე პირველი გამოვიდა ნ. აქირთავა, რომელმაც დაწვრილებით მოუთხრო თათბირის მონაწილეებს აფხაზეთის რევკომის საქმიანობაზე და მთელ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. აღნიშნული თათბირის მონაწილე 92-ე ბრიგადის ყოფილი კომისარი ნ. რუპასოვი იგონებდა, რომ „ნ. აქირთავა ლაპარაკობდა ცოცხლად, მკაფიოდ და ლამაზად. ეს იყო სიმპათიური , ტანადი, ახალგაზრდა კაცი“. შემდგომ დღეებში ნ. აქირთავა სიტყვით გამოვიდა ქვეგანაყოფებში წითელარმიელთა მიტინგებზე.

22 თებერვალს ნ. აქირთავას რედაქციით სოჭში გამოვიდა აფხაზეთის რევკომის ორგანო გაზეთი „გოლოს ტრუდოვოი აბხაზიი“, რამდენიმე სტატია ნ. აქირთავას მიერ იყო დაწერილი. 26 თებერვალს, გუდაუთის გათავისუფლების დღეს, ნ. აქირთავას თავმჯდომარეობით მოეწყო ადგილობრივი მუშაკებისა და წითელი არმიის ნაწილების პოლიტმუშაკების გაერთიანებული კრება. ამ კრებაზე შეიქმნა გუდაუთის სამაზრო რევკომი. იმავე დღეს აქირთავამ ს. ორჯონიკიძისაგან მიიღო დეპეშა, სადაც იგი მიესალმა აფხაზეთის გათავისუფლების წარმატებით მიმდინარეობას. იგი იტყობინებოდა, რომ თბილისის თავზე ფრიალებდა საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა.

ნ. აქირთავამ თავის მხრივ აფხაზეთის რევკომის სახელით მიმართა ბზიფის აფხაზეთის მოსახლეობას მოწოდებით: „დავძაბოთ მთელი ძალები მენშევიკური ბანდების ნაშთების გასანადგურებლად“. იგი წინადადებას იძლეოდა დაუყოვნებლივ გამოეგზავნათ აფხაზეთის რევკომის განკარგულებაში 20-20 შეიარაღებული „კერაზელი“ მებრძოლი.

ვ. ლენინის სახელზე გაგზავნილი პირველი დეპეშაც ნ. აქირთავას მიერ იყო შედგენილი, სადაც იგი წერდა: „ახალგაზრდა საბჭოთა აფხაზეთი თავის პირველ რევოლუციურ სალამს უგზავნის დიდ საბჭოთა რუსეთს, — ყველა ჩაგრული მცირე ერების მოსარჩლესა და მთელი მსოფლიოს მშრომელი მასების მფარველს“. ამავე დღეს ნ. აქირთავამ დეპეშა გაუგზავნა საბჭოთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა კომისარს გ. ჩიჩერინს, რომელშიც აფხაზეთის რევკომის სახელით გამოთქვამდა პროტესტს „აფხაზეთის საქმეებში საფრანგეთის მთავრობის საზიზღარი ჩარევის გამო“.

1921 წლის 4 მარტს აფხაზეთში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. მარტის ბოლოს მოხდა რევკომის წევრებს შორის მოვალეობის განაწილება. ნ. აქირთავას დაუქვემდებარდა სახალხო განათლების, იუსტიციის, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები. ამავე დროს ის იყო რკპ (ბ) აფხაზეთის ორგბიუროს წევრი. უფრო გვიან ნ. აქირთავა მუშაობდა აფხაზეთის რევკომის თავჯდომარის მოადგილედ, საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრად და სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარედ.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო აფხაზეთის საბჭოთოების I ყრილობა, რომლითაც დამთავრდა რევკომების სისტემის გადასვლა საბჭოების არჩევით ორგანოებში. აღნიშNულ ყრილობაზე კანონმდებლურად დამტკიცდა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ-უფლებრივი ფორმა საქართველოს სსრ-ის ჩარჩოებში.

1922 წლის მარტში ნ. აქირთავა დანშნეს გაზეთ „გოლოს ტრუდავოი აბხაზიის“ პასუხისმგებელ რედაქტორად და კომკავშირის საოლქო კომიტეტში პარტიის საოლქო კომიტეტის მუდმივ წარმომადგენლად. აპრილში ნ. აქირთავას ირჩევენ პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1923 წლიდან მუშაობდა კავკასიის წითელდროშოვანი წითელი არმიის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ — თბილისში. 1924 წლის აგვისტოში იგი დანიშნეს სამხედრო-საზღვაო ინსპექციის უფროსად და ამიერკავკასიის „მუშგლეხინის“ კოლეგიის წევრად.

1925 წელს ის კვლავ აფხაზეთშია, სადაც მუშაობდა აფხაზეთის სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ და რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისრად. 1926 წლის აპრილიდან 1927 წლის დასაწყისამდე ნ. აქირთავა მუშაობდა სკპ აჭარის საოლქო კომიტეტის მდივნად, შემდეგ 1927 წლის ოქტომბრამდე — საქართველოს „მუშგლეხინის“ სახალხო კომისრის მოადგილედ და სახვა საპასუხისმგებლო პოსტებზე.

1927 წელს ტროცკისტობის ბრალდებით დააპატიმრეს, გარიცხეს რკპ (ბ) რიგებიდან და გადაასახლეს კოკანდში. 1934 წელს ის გადასახლებიდან ბრუნდება. მას უარი ეთქვა პარტიის რიგებში დაბრუნებაზე, რის გამოც ღია წერილით გააკრიტიკა სტალინის მთავრობა.

1935 წელს კვლავ დააპატიმრეს და გადააასახლეს. 1937 წელს თბილისში დააბრუნეს, სადაც გამოუტანეს განაჩენი — დახვრეტა. 1954 წელს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №4 (11870), 5 იანვარი, 1985

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება