აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი
აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტი (აფხაზეთის რევკომი) — აფხაზეთში, 1921-1922 წლებში საბჭოთა ხელისუფლების საგანგებო დროებითი ორგანო, საკანონმდებლო და განმკარგულებელი ფუნქციებით.
შეიქმნა 1921 წლის 6 მარტს საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულს აფხაზეთში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ და მოქმედებდა 1922 წლის 12 თებერვლის აფხაზეთის საბჭოების I ყრილობამდე.
საბჭოთა რესპუბლიკების არსებობის პირველ ეტაპზე, ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ძალაუფლების ორგანოები იყვნენ არა საბჭოები, არამედ რევოლუციური კომიტეტები, რომლთა წევრებს საბჭოებისაგან გასხვავებით „ირჩევდა“ არა ხალხი, არამედ ნიშნავდნენ „ზემოდან“, შესაბამისად დანიშნულ დროებით მთავრობას არჩეულისაგან განასხვავებდა დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი და უფლებამოსილება.
აფხაზეთში ისევე, როგორც დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში ფუნქციონირებდა ერთი რესპუბლიკის და მრავალი რაიონული, საოლქო, საქალაქო, სასოფლო რევკომი. აფხაზეთის შემთხვევაში რევოლუციური კომიტეტის მთავარი ბირთვი რსფსრ-ში სოჭის რაიონში ჩაისახა და შესაბამისად იმთავითვე ემორჩილებოდა რკპ ცკ-ის კავბიუროს, რომლის პარალელურად 1921 წელს გასაბჭოებამდე სოხუმში დაარსდა მეორე, იატაკქვეშა აფხაზეთის დროებითი რევკომი, რომელიც სკპ ცკ-ს ექვემდებარებოდა. აფხაზეთში საბჭოების გამოცხადებიდან მალევე რევკომები შეთანხმდნენ, რომ საბჭოების ყრილობამდე აფხაზეთში იმოქმედებდა მხოლოდ რკპ ცკ-ს კავბიუროს დაქვემდებარებული რევკომი. მიუხედავად აღნიშნულისა აფხაზეთის საბჭოების I ყრილობამდე რამდენიმე თვით ადრე, კარსმომდგარი ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის გამო აფხაზეთის კომუნისტური პარტია რკპ-დან სკპ-თი ჩანაცვლდა.
ისტორია
რედაქტირებარევოლუციურმა კომიტეტებმა დიდი როლი შეასრულეს საბჭოთა წყობის დამყარების საქმეში. ისინი, როგორც წესი იქმნებოდნენ ოქტომბრის რევოლუციის მზადების პარალელურად. პირველი ასეთი კომიტეტი იყო პეტროგრადის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი, რომელიც შეიქმნა 1917 წლის 12(25) ოქტომბერს პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს მიერ კპ ცკ-ის დადგენილებით.
სსრკ-ში არ არსებობდა არცერთი რესპუბლიკა, მხარე თუ ოლქი, რომ არ არსებულიყო რევოლუციური კომიტეტები. აფხაზეთში ე. ეშბას ხელმძღვანელობით პირველი სამხედრო-რევოლუციური კომიტეტები ჯერ კიდევ 1918 წლის გაზაფხულზე გამოჩდნენ. 1918-1921 წლებში აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის პერიოდში სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა, თუმცა არსებობას მაინც განაგრძობდნენ ადგილობრივი იატაკქვეშა კომუნისტური კომიტეტები.
აფხაზეთის რევკომები საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში
რედაქტირებააფხაზეთის ბოლშევიკები რკპ(ბ)-ის ტფილისისა და კავკასიის სამხარეო კომიტეტების ხელმძღვანელობით აძლიერებდნენ თავიანთ პოზიციებს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბოლოო გამარჯვებისათვის. 1920 წლის დამლევსა და 1921 წლის დასაწყისში საქართველოში არსებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ხელი შეუწყვეს რევოლუციურ კომიტეტებს სამხედრო იერიში მიეტანათ მათ შორის აფხაზეთზეც.
1921 წლის იანვარში საქართველოს კპ ცკ ასრულებდა რა რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივებს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოში მომხდარიყო შეიარაღებული აჯანყება.
თებერვლის დასაწყისში რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს წარმომადგენელმა ა. საჯაიამ წერილობით მიმართა აფხაზეთის სახალხო საბჭოს „დამოუკიდებელი ფრაქციის“ წევრ მ. ცაგურიას საქართველოში მენშევიკური მთავრობის დამხობის გარდაუვალობის შესახებ და მოუწოდა გაენთავისუფლებინათ მშორმელი აფხაზი ხალხი და აღემართათ რევოლუციის წითელი დროშა.
აფხაზეთის ბოლშევიკებმა იბრძოდნენ რა რკპ (ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივებისა და საქართველლოს კპ(ბ) ცკ-ის გადაწყვეტილებებისათვის მოეხდინათ შეიარაღებული აჯანყება აფხაზეთში, დაიწყეს ენერგიული ბრძოლა მხარის რევოლუციური ძალების მობილიზაციისათვის. 14 თებერვალს სოხუმში რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს უფლებამოსილისა და საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის წარმომადგენლის მ. კარაგოდსკის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა პარტიის წევრთა არალეგალური შეხვადრა, რომლებმაც მოისმინეს რა მ. კარაგოდსკის მოხსენება „სოხუმის ოკრუგში ორგანიზაციის მდგომარეობის შესახებ“, მიღებულ იქნა დადგენილება გაძლიერებულიყო სამუშაოები შეიარაღებული აჯანყების მოსამზადებლად. შეხვედრაზე არჩეულ იქნა საქართველოს კპ(ბ)-ის სოხუმის საოლქო კომიტეტი ი. ჟვანიას ხელმძღვანელობით.
თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოში დაიწყო ბოლშევიკთა საერთო აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. 16 თებერვალს შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც ხელში აიღო აჯანყების ხელმძღვანელობა. არაუგვიანეს 16-17 თებერვლისა სოჭშის რაიონში ფორმირდა აფხაზეთის რევკომი ე. ეშბას, ნ. ლაკობას და ნ. აქირთავას შემადგენლობით. ამავდროულად, დაახლოებით 18 თებერვალს საქართველოს კპ(ბ) სოხუმის საოლქო კომიტეტმა შექმნა იატაკქვეშა დროებითი რევკომი ი. ჟვანიას (თავმჯდომარე), მ. ცგურიასა და ი. სვერდლოვის მონაწილეობით, რათა პრაქტიკულად განეხორციელებინათ შეიარაღებული აჯანყება. აფხაზეთის დროებითი რევკომმა ადგილზე შექმნა რევვკომები და მზადებაში მოყავს მხარის რევოლუციური ძალები.
სოჭის რაიონში შექნილმა აფხაზეთის რევოლუციურმა კომიტეტმა მიმართა აფხაზეთის მოსახლეობას შეიარაღებული აჯანყებისაკენ. ყუბანის IX წითელი არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა იან პოლუიანმა კავკასიის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრ გ. ორჯონიკიძეს ტელეგრამით აცნობა, რომ „აფხაზეთის მუშათა კლასმა მოაწყო აჯანყება და ითხოვენ ჩვენგან დახმარებას“ . ამავდროულად აფხაზეთის რევკომის წევრმა ნ. აქირთავამ წერილში გამოთქვა იმედი, რომ წითელი არმიის მხრიდან იქნებოდა ბოლშევიკთა მხარდაჭერა, რომელთაც სურდათ აფხაზეთის გასაბჭოება.
17 თებერვალს აფხაზეთის რევკომის თხოვნის საპასუხოდ გაიცა ბრძანება ყუბანის IX წითელი არმია დახმარებოდა აფხაზეთის მოსახლეობას საბჭოთა წყობის დამყარებაში. 19 თებერვალს მეამბოხეთა რაზმმა წითელი არმიის მხარდაჭერით აიღეს სოფელი პილენკოვო. 22-23 თებერვალს წითელმა არმიამ დაიკავა გაგრა, 25 თებერვალს — ლიხნე, 26 თებერვალს — გუდაუთა.
მიუხედავად იმისა რომ ზღვიდან საქართველოს ჰყავდა საფრანგეთის საზღვაო მხარდაჭერა, წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში აფხაზეთის და შემდგომ სრულიად საქართველოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა შესძლეს გამაგრებულიყვნენ ახალი ათონის რაიონში. 27-28 თებერვალს გაიმართა დიდი ბრძოლა ახალ ათონთან. 3 მარტს უთანასწორო ბრძოლის შედეგად ქართული მხარე იძულებული იყო დაეხია და გამაგრებულიყო ქალაქ სოხუმში. ამავე დროს სოხუმში არსებულმა დროებითმა იატაკქვეშა რევკომმა საომარი მოქმედებები დაიწყო და 3-4 მარტს მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმით შევიდა სოხუმში. 4 მარტს დილით დროებითმა რევკომმა ციხეებიდან გაანთავისუფლა დაპატიმრებული ბოლშევიკები, დაიკავა სამთავრობო შენობები, ტიპოგრაფია და გამოსცა №1 დადგენილება, რომლითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთში დამხობილად გამოაცხადა. იმავე დღეს სოხუმში წითელი არმია შევიდა გაგრისა და გუდაუთის მაზრების მეამბოხეთა რაზმთა თანხლებით.
4 მარტს აფხაზეთის რევკომის ხელმძღვანელებმა (ე. ეშბა, ნ. ლაკობა, ნ. აქირთავა) ვ. ლენინს დეპეშით აცნობეს აფხაზეთში სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება.
4 მარტს სოხუმის აღების დღეს აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება ოფიციალურად დამყარებულად გამოცხადდა. მომდევნო დღეებში წითელი არმიისა და მეამბოხების შეიარაღებულმა ძალებმა დანარჩენი აფხაზეთიც დაიკავეს, 6 მარტს — ოჩამჩირე, ხოლო 7 მარტს — გალი.
აფხაზეთის რევკომის ჩამოყალიბება
რედაქტირებაგასაბჭოებულმა აფხაზეთმა დაიწყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მენშევიკური მთავრობისა და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ლიკვიდაცია და ქვეყნის ახალი მმართველობითი ორგანოების შექმნა. აღნიშნულის განსახორციელებლად აფხაზეთი ხელმძღვანელობდა რკპ(ბ) მდიდარი გამოცდილებითა და სამხედრო ეკონომიკური მხარდაჭერით, როგორც საბჭოა რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან.
1921 წლის 6 მარტს სოხუმში მოწვეულ იქნა რევკომის გაფართოებულ სხდომა. სხდომაზე მონაწილეობდნენ: სოჭში ფორმირებული აფხაზეთის რევკომის, აფხაზეთის დროებითი იატაკქვეშა რევკომის, რკპ(ბ) ცკ-ის წარმომადგენლებისა და ყუბანის IX წითელი არმიის მეთაურთა წარმომადგენლები. სხდომაზე დაინიშნა აფხაზეთის რევკომის ახალი შემადგენლობა და დაფუძნდა აფხაზეთის რკპ (ბ) საორგანიზაციო ბიურო. ახლადფორმირებული აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტის წევრებად არჩეულ იქნენ: ე. ეშბა (თავმჯდომარე), ნ. ლაკობა და ნ. აქირთავა.
თებერვლის თვეში აფხაზეთის ყველა მაზრაში ჩამოყალიბდა თავისი რევკომები, რომლებიც რაიონის სამეურნეო და პოლიტიკურ ცხოვრებას მასში ფორმირებულ სასურსათო, სახალხო განათლების, მიწისა და ჯანდაცვის განყოფილებებით მართავდნენ.
საწყის ეტაპზე რევკომები არ ხელმძღვანელობდნენ რამე ინსტრუქციით და შესაბამისად განსაზღვრული არ იყო მათი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულს კიდევ ის გარემოება ართულებდა, რომ მსგავსი ინსტრუქცია არც გასაბჭოებულ საქართველოში არსებობდა. აპრილში საქართველოს სსრ-ის რევკომმა გამოსცა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეძღვნებოდა ადგილობრივ რევკომებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 8 აპრილით დათარიღებული დეკრეტი სამაზრო, საქალაქო და სათემო რევკომების ორგანიზებისათვის. საქართველოს სსრ-ის რევკომის დეკრეტის საფუძველზე, აფხაზეთის რევკომის დავალებით აფხაზეთის შინაგან საქმეთა კომისარიატმა შეიმუშავა თავისი ინსტრუქცია რევკომების ორგანიზაციის თაობაზე.
სამაზრო რევკომებში ფორმირდა მართვის, შრომისა და სოცუზრუნველყოფის, სამხედრო, სახალხო განათლების, მიწის, კვების, სამეურნეო, სახალხო ჯანდაცვის განყოფილლებები. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი კონკრეტული ფუნქცია და ამოცანები. 19 აპრილს აფხაზეთის რევკომის განყოფილებების რეორგანიზაციის შედეგად წარმოიქმნა სახკომები.
გასაბჭოებული აფხაზეთი რკპ (ბ) ცკ კავბიუროს (მდივანი გ. ორჯონიკიძე) გამგებლობის ქვეშ მოექცა. 28 მარტს ბათუმში გაიმართა საოკუპაციო ორგანოთა — რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირი გ. ორჯონიკიძის, შ. ელიავას, ს. ქავთარაძის, მ. ტოროშელიძის, ე. ეშბასა და ნ. ლაკობას მონაწილეობით. მათ განიხილეს საკითხი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლებისა და კომპარტიის სტრუქტურის შესახებ და დაადგინეს: „აფხაზეთის საბჭოების ყრილობამდე საბჭოთა აფხაზეთის რსფსრ-სთან თუ საქ. სსრ-სთან ფედერაციის საკითხი რჩება ღიად და აფხაზეთი ცხადდება სოციალისტურ რესპუბლიკად. პარტიული ორგანიზაცია კონფერენციამდე ატარებს სახელს — რკპ(ბ)-ს ორგბიურო აფხაზეთში და მუშაობს რკპ(ბ) ცკ-ის კავბიუროს დირექტივების შესაბამისად. საქართველოს რევკომის დეკრეტები უნდა წარმოადგენდნენ მასალას აფხაზეთის რევკომისათვის, რათა ორივე რევკომის მოქმედებაში წინააღმდეგობა არ იყოს“. თათბირის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი 31 მარტს აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებისა[კ 1][კ 2].
21 მაისს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებო დროებითმა ორგანომ — რევკომმა აღიარა, აფხაზეთში, ასევე რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებო დროებითი ორგანოს — რევკომის მიერ დაარსებული აფხაზეთის სსრ-ის დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე გამოთქვა იმედი, რომ საკითხი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობა საბოლოოდ გადაწყდებოდა ორივე რესპუბლიკის „მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე“[1].
სახალხო მეურნეობის ორგანიზების ღონისძიებები
რედაქტირებააფხაზეთის რევოლუციურ კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ხელშეწყობისათვის საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდან დაიწყო რიგი ღონისძიებების გატარება. 5 მარტს პირველი ორგანო რომელიც აფხაზეთში შეიქმნა იყო სახალხო მეურნეობის საბჭო (Совнархоз), 1921 წლის ივნისში გაარდაიქმნა მოეურნეობის სახალხო კომისარიატად (Наркомхоз).
სოციალისტური მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მრეწველობის ნაციონალიზაციის დეკრეტი. შემდეგ აფხაზეთის რევკომმა დაიწყო საბანკო დაწესებულებების, საპარიკმახეროების, აბანოების, სამრეცხაოების და სხვა კომუნალური საწარმოების ნაციონალიზაციაც.
კვების პოლიტიკის პრაქტიკული შესრულება რევკომის კვების განყოფილებას დაევალა. შემდგომში მის ბაზაზე შეიქმნა კვების სახალხო კომისარიატი (Наркомпрод).
12 აპრილს რევკომის დადგენილებით შეიქმნა საბჭოთა მეურნეობები (Совхоз).
აფხაზეთის პარტიული ორგანიზაცია რკპ ცკ-ისა და სკპ ცკ-ის დაქვემდებარებაში
რედაქტირებაიძულებით გასაბჭოებული აფხაზეთი რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (რკპ ცკ) კავბიუროს (მდივანი გ. ორჯონიკიძე) გამგებლობის ქვეშ მოექცა. 1921 წლის 28 მარტს ბათუმში გაიმართა საოკუპაციო ორგანოთა — კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირი გ. ორჯონიკიძის, შ. ელიავას, ს. ქავთარაძის, მ. ტოროშელიძის, ე. ეშბასა და ნ. ლაკობას მონაწილეობით. მათ განიხილეს საკითხი აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლებისა და კომპარტიის სტრუქტურის შესახებ და დაადგინეს:
თათბირის ეს გადაწყვეტილება გახდა საფუძველი 1921წლის 31 მარტს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთის გამოცხადებისა.
რუსეთის საოკუპაციო სახელისუფლებო ორგანომ საქართველოში — რევკომმა 1921 წლის 21 მაისს აღიარა სსრ აფხაზეთი, მაგრამ იქვე გამოთქვა იმედი, რომ საკითხი სსრ საქართველოსა და სსრ აფხაზეთის ურთიერთობის შესახებ საბოლოოდ გადაწყდებოდა ორივე რესპუბლიკის „მუშათა და გლეხთა საბჭოების პირველ ყრილობაზე“. აფხაზეთის მშრომელთა წარმომადგენლების I ყრილობამ (1921 წლის 28 მაისი), უფრო სწორად, მისმა ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ეს გარემოება და შეკრებილთ მიაღებინეს გადაწყვეტილება როგორც „დამოუკიდებლობის“ მოწონების, ისე ყველა საბჭოთა რესპუბლიკის მშრომელებთან, „პირველ რიგში, კულტურით, ეკონომიკური და გეოგრაფიული მდგომარეობით, ყოფით ყველაზე ახლოს მდგომი საბჭოთა საქართველოს მუშებთან და გლეხებთან“ უმჭიდროესი კავშირის დამყარების შესახებ; ყრილობამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა „საბოლოოდ განსაზღვრავდა აფხაზეთისა და საქართველოს ძმური თანამშრომლობის ფორმებს“.
ნ. სოკოლოვსკის მშვენივრად ესმოდა, რომ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი სინამდვილეში წარმოადგენდა ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. შემდგომშიც შს სახალხო კომისარიატს არაერთხელ გამოუგზავნია სოხუმში შესასრულებლად სავალდებულო განკარგულებები. საქართველოს რევკომიც აფხაზეთს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა. 1921 წლის 14 აპრილის სხდომაზე მან განიხილა ტყვარჩელის მაღაროების საკითხი, 21 აპრილს 1 მილიარდი მანეთის კრედიტი გაუხსნა აფხაზეთს, 30 მაისს იმსჯელა ბზიფის კონცესიების შესახებ. იგივე საკითხი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა (სკპ ცკ) აფხაზეთის დამოუკიდებლობის „აღიარების“ დღეს — 1921 წლის 21 მაისს განიხილა და დაადგინა, რომ არაა წინააღმდეგი საქართველოს „მთავრობის მიერ ამ კონცესიის დადებისა, თუ ის არის სოლიდური და სასარგებლო“.
იმავე წელს დაისვა საკითხი და დაიწყო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა არსებული ფორმალობის აღმოსაფხვრელად, რუსული ანექსიის შედეგად ცენტრსა (თბილისსა) და რეგიონს (სოხუმს) შორის დროებით წარმოქმნილი სამართლებრივი ვაკუუმის შესავსებად. 1921 წლის 5 ივლისს კავბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გაწეულ იქნეს პარტიული მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ავტონომიური რესპუბლიკის სახით აფხაზეთი შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში. იმავე წლის 23 ივლისს აფხაზეთის პასუხისმგებელ მუშაკთა თათბირზე ნ. ლაკობამ განაცხადა: „საბჭოთა საქართველო ან აფხაზეთი დამოუკიდებლები არიან სამეურნეო და ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურად ყველა ისინი ცენტრს ემორჩილებიან კომპარტიის მეშვეობით საქართველოს კომპარტიის ცკ-სა და რკპ ცკ-ს კავბიუროს სახით, ამიტომ სავსებით სულ ერთია, ვისთანაც უნდა მოახდინოს აფხაზეთმა ფედერირება“; ნ. ლაკობა საუბრობდა საქართველოს რუსეთთან მიერთების შეუძლებლობაზე და საქართველოსთან ფედერირების აუცილებლობაზე, გამომდინარე ეთნოგრაფიული, ისტორიული და ყოფაცხოვრებითი პირობებიდან. თათბირმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ საქართველოს რევკომის დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ (1921 წლის 21 მაისი) აძლევს აფხაზ ხალხს „მაქსიმალური ავტონომიური უფლებების გარანტიას“, სრული დამოუკიდებლობა კი „პრაქტიკულად განუხორციელებელია“; ამიტომ თათბირმა ახლო მომავალში საქართველოსთან ფედერაციული კავშირის დამყარების რწმენა გამოთქვა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო პასუხისმგებელი მუშაკების 1921 წლის 15 ოქტომბრის თათბირმაც. ასეთივე იყო „მშრომელთა“, განსაკუთრებით სამურზაყანოელთა სურვილი, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთის სხვა რაიონებში მცხოვრებთა უმრავლესობაზეც — ძირითადად ქართველობაზე. 1921 წლის 1 ნოემბერს კავბიურომ საჭიროდ მიიჩნია აფხაზეთ-საქართველოს მომავალი ხელშეკრულების პროექტის შემუშავება, რისთვისაც შეიქმნა კომისია ე. ეშბას, შ. ელიავასა და საქართველოში რუსეთის წარმომადგენლის — ლეგრანის მონაწილეობით. ათდღიან ვადაში მას უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების პროექტის შემუშავება. 14 ნოემბერს ე. ეშბამ ამიერკავკასიის ფედერაციაში აფხაზეთის უშუალოდ შესვლის წინადადება წამოაყენა. კავბიუროს 1921 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო თავისებური პასუხი ე. ეშბას ახალ „ინიციატივაზე“: „1. ეკონომიკურად და პოლიტიკურად მიზანშეუწონლად ჩაითვალოს დამოუკიდებელი აფხაზეთის არსებობა. 2. წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ“. კავბიუროს ეს დადგენილება მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში განსაზღვრულია აფხაზეთის სტატუსი საბჭოთა რუსეთის კრიტერიუმების მიხედვით — ავტონომიური ოლქი.
საბჭოთა საქართველოს იურისდიქციის აფხაზეთზე სრულად გავრცელების გზაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავბიუროს 1921 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებას აფხაზეთში რკპ-ს ორგბიუროს ორგანიზაციულად საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან დაკავშირებისა და ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ე. ეშბას შეყვანის შესახებ.
16 დეკემბერს დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა, ერთის მხრივ სსრ საქართველომ და სსრ აფხაზეთმა ხელი მოაწერეს საკავშირო ხელშეკრულებას. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა, რომ აფხაზეთი გახდა კავშირის არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მასში ნათქვამია: „ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში აფხაზეთი შედის საქართველოს მეშვეობით, რომელიც აძლევს მას თავისი ადგილების ერთ მესამედს“. მიუხედავად დროებითი მთავრობების მიერ მიღწეული შეთანხმებისა, რომელიც არ დადებულა ხახლხის მიერ არჩეულ მთავრობებს შორის და გააჩნდა დაბალი ლეგიტიმაცია, 1922 წლის 17 თებერვალს უკვე არჩეულმა აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ მოიწონა აღნიშნული შეთანხმება საქართველოსთან, რითაც ხელშეკრულებას მეტი ლეგიტიმაცია შეეძინა.
აფხაზეთის სსრ-ს შესვლა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში დაადასტურა სრულიად საქართველოს საბჭოების I ყრილობაზე მიღებულმა 1922 წლის კონსტიტუციამ, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა; უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას — ამ რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე“. თავის მხრივ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე მიღებული 1922 წლის კონსტიტუციისა, აფხაზეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე არ იქნა მიღებული თავისი საკუთარი ძირითადი კანონი — კონსტიტუცია. კონსტიტუციაზე ფიქრი მხოლოდ 1925 წლიდან იქნა დაწყებული, ხოლო ოფიციალური პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 1927 წელს იქნა მიღებული. შესაბამისად აფხაზეთისთვის პირველი ოფიციალური ლეგიტიმური დოკუმენტი, რომელშიც ის დაფიქსირდა იყო საქართველოს 1922 წლის კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი მასში მოხვედრიდან წლების მანძილზე საკუთარი კონსტიუციის გარეშე იმყოფებოდა, რაც იმაზე მეტყველებს რომ ოფიციალური გაერთიანების მომენტში აფხაზეთს არ ჰქონდა ცალსახად კანონის დონეზე ოფიციალურად დაფიქსირებული საკუთარი სახელმწიფო პოზიცია.
აფხაზეთის რევკომის ფუნქციონირების დასასრული
რედაქტირება1921 წლის ბოლოს, რკპ(ბ) ცკ-სა და საქართველოს კპ(ბ) ცკ-ს კავბიუროს აქტიური მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებებით მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ აფხაზეთის რევოლუციურმა კომიტეტებმა თავიანთი თავი ამოწურეს. დღის წესრიგში დადგა მუდმივი სახელმწიფო ორგანოების — საბჭოებისადმი ძალაუფლების გადაცემის საკითხი.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო აფხაზეთის საბჭოების არჩევნებისთვის მზადება. 26 დეკემბერს წარმოიქმნა აფხაზეთის საბჭოების საარჩევნო კომისია ნ. ლაკობას თავმჯდომარეობით. 28 დეკემბერს აღნიშნულმა კომისიამ დააფუძნა მაზრებში საარჩევნო კომისიები და არჩევნების განხორციელებისათვის გადაჭრა რიგი საორგანიზაციო საკითხები.
1922 წლის 2 იანვარს მიღებულ იქნა საბჭოებში არჩევნების წარმოების ინსტრუქცია, რის საფუძველზეც დაიწყო წინასაარჩევნოდ მზადება. იანვრის ბოლოს სოფლის საბჭოების არჩევნები ჩატარდა, 2-3 თებერვალს — სოხუმის საქალაქო საბჭოში. 5-10 თებერვალს ჩატარდა სამაზრო საბჭოების ყრილობები, რომლებზეც მოსმენილ იქნა რევკომთა მოხსენებები. სამაზრო საბჭოების ყრილობამ აირჩია ძირითადად კომუნისტებისაგან შემდგარი აღმასრულებელი კომიტეტები. აღნიშნულ სამაზრო ყრილობებზე აირჩიეს სრულიად აფხაზეთის საბჭოების ყრილობის დელეგატები.
12 თებერვალს მოწვეულ იქნა სრულიად აფხაზეთის საბჭოების I ყრილობა. ყრილობაზე მოხსენებით გამოსული იყო ე. ეშბა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება აფხაზეთის რევოლუციური კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ. დელეგატებმა აფხაზეთის რევკომების მოღვაწეობა დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც ე. ეშბამ აფხაზეთის რევკომების მოღვაწეობა დასრულებულად გამოაცხადა, სახელმწიფო ძალაუფლება გადაეცა აფხაზეთის საბჭოებს, ხოლო რევკომებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- გოლოს ტრუდავოი აბხაზიი — აფხაზეთის რევკომის ორგანო და რკპ(ბ)-ის ორგ-ბიურო
ლიტერატურა
რედაქტირება- გამახარია ჯ., ბერიძე თ., გვანცელაძე თ., „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან : აფხაზეთი : უძველესი დროიდან დღემდე“, თბილისი: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2007, ISBN 978-9941-0-0410-0.
- Дзидзария Г., „Очерки истории борьбы за Советскую власть в Абхазии (1917-1918)“, Сухуми: Издательство Академии наук Грузинской ССР, 1958.
- Ахалая И., Галустян Г., Нинуа Д., „Революционные комитеты Абхазии в борьбе за установление и упрочение советской власти (февраль 1921 г.-февраль 1922 г.)“, Сухуми: Абгосиздат, 1961.
- Тулумджян А., „Съезды Советов Абхазии“, Сухуми: Абгосиздат, 1959.
- Прицкер Л. М., „Советская Абхазия в датах“, Сухуми: „Алашара“, 1981.
კომენტარები
რედაქტირება- ↑
- ↑
- ↑ ЦГАА, ф. 38, д. 74, л. 176