ნეპტუნის შადრევანი (ბოლონია)

ნეპტუნის შადრევანი (იტალ. Fontana di Nettuno; არაოფიციალურად al Żigànt, გიგანტი[2]) — მონუმენტური საზოგადოებრივი შადრევანი, მდებარე იმავე სახელის მქონე ნეპტუნის მოედანზე (Piazza Nettuno), პიაცა მაჯორე-ს გვერდით, იტალიის ქალაქ ბოლონიაში[3]. შადრევნის ნეპტუნის ბრინჯაოს ფიგურა, მისი ღვთიური ჟესტით, რომელიც წყლების დამშვიდებისა და მართვის უნარს გამოხატავს, წარმოადგენს მოქანდაკე ჯამბოლონიას ადრეულ შემოქმედებას, რომელიც დაახლოებით 1567 წელს დაასრულა. ჯამბოლონიას შადრევნების დიზაინის ინოვაციურობა, გამოიხატებოდა ფანტასტიური არაგეომეტრიული ფორმებით, რომლებსაც იგი წყლით მშხეფარე ბასეინებს აძლევდა[4].

ნეპტუნის შადრევანი
Fontana di Nettuno

ნეპტუნის შადრევანი
კოორდინატები 44°29′40″ ჩ. გ. 11°20′33″ ა. გ. / 44.49444° ჩ. გ. 11.34250° ა. გ. / 44.49444; 11.34250
მდებარეობა იტალიის დროშა ბოლონია, იტალია
მოქანდაკე ტომასო ლაურეტი, ჯამბოლონია
ტიპი შადრევანი
მასალა ქვა, ბრინჯაო, მარმარილო
სიმაღლე 3.2 მ[1]
დასრულების თარიღი 1565
მიძღვნილია პიუს IV-ის პაპად არჩევას
 
შადრევნის დეტალი ლაქტაციის მქონე ნიმფათი.

შადრევანი შუა XVI საუკუნის ელიტის მანერიზმული გემოვნების ნათელი მაგალითია: ქანდაკების აგება კარდინალ ჩარლს ბორომეოს მიერ იქნა შეკვეთილი, რათა აღენიშნა პაპის არჩევნებზე საკუთარი ბიძის, პაპ პიუს IV-ის არჩევა. შადრევანი ჩარლს ბორომეოს გეგმის ნაწილი იყო ეპისკოპოს პიერ დონატო ჩეზის მეშვეობით[2], პიაცა მაჯორესა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოსაწყობად[5]. ეს მონუმენტი პიუს IV-ის წარმატებული მმართველობის სიმბოლო უნდა გამხდარიყო[2].

მონუმენტი 1563 წელს იქნა დაპროექტებული პალერმოელი არქიტექტორის და მხატვრის ტომასო ლაურეტის მიერ, ტომასოს დამსახურებაა ასევე შადრევანთან აკვედუკების მეშვეობით წყლის, წმინდა მიქაელის ბორცვზე, ტყეში მდებარე რემონდას წყაროდან გამოყვანაც, მონუმენტის თავზე ნეპტუნის არაბუნებრივი ზომების მქონე ბრინჯაოს ქანდაკება კი, ფლანდრიული წარმოშობის მოქანდაკე-მანიერისტის ჯამბოლონიას შემოქმედებაა. თავდაპირველად ჯამბოლონიამ ეს ქანდაკება ფლორენციაში სინიორის მოედანზე (Piazza della Signoria) მდებარე ნეპტუნის შადრევნისთვის წარადგინა, მისი პროექტი მოიწონეს, თუმცა საბოლოოდ ბაჩო ბანდინელის ქანდაკებამ გაიმარჯვა. ბოლონიის ნეპტუნის შადრევნის აშენებამდე, მანამდე არსებული სხვა შენობები დაანგრიეს, რათა შადრევნისთვის სივრცე შეექმნათ. შადრევანი 1565 წელს დასრულდა[6], ხოლო ნეპტუნის ქანდაკება რამდენიმე წლის შემდეგ დაადგეს.

შადრევნის საფუძველი უბრალო ადგილობრივი ქვისგანაა, ხოლო გარე მოპირკეთება ვერონული მარმარილოსგანაა შერსულებული[1]. შადრევნის თასს კვადრატული ფორმა აქვს, ფიგურული ოდნავ შიგნით შეზნექილი კუთხეებით. თასის შუაგულში აღმართულია პოსტამენტი, რომელზეც ნეპტუნის სამკაპიანი ბრინჯაოს ქანდაკება დგას. პოსტამენტის გარშემო, ნეპტუნის ქვეშევრდომების — ზღვის სამეფოს ბინადრების ფიგურებია. სირინოზების, დელფინების, ნერეიდების და სხვა მითური არსებების ფიგურებიდან წყლის ნაკადები გადმოედინება, პოსტამენტის გვერდებზე კი ბოლონიის ჰერალდიკური ფარებია მიმაგრებული. შადრევანი რესტავრირებულ იქნა 1726, 1762, 1888, 1907 და 1945 წლებში[5]. ბოლო რესტავრაცია 1988-1990 წლებში ჩაუტარდა, ამ რესტავრაციის შემდეგ შადრევნის წინ დაფა დაამაგრეს, სადაც რესტავრაციაში ფიზიკურად თუ მატერიალურად მონაწილე ყველა ადამიანის სახელია ჩამოწერილი[1].

ის ფაქტი, რომ შადრევნის ყველა ფიგურა შიშველია, არაერთხელ გახდა საზოგადოებრიცი კამათის საკითხი, ზოგი ადგილობრივი მცხოვრები „ინტიმური ადგილების“ ტრადიციულად ფოთლებით დაფარვასაც კი სთავაზობდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ რეფერენდუმზე ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობა შედევრის გადაკეთების წინააღმდეგი გამოვიდა[1].

დღესდღეობით ნეპტუნის შადრევანი, ბოლონიის ერთ-ერთ სიმბოლოს და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

ლეგენდები

რედაქტირება
  • ამბობენ, რომ ჯამბოლონას ნეპტუნის დიდი სასქესო ორგანოთი გამოსახვა უნდოდა, თუმცა ეკლესიამ დაუშალა. მოქანდაკე მაინც არ დანებდა და ნეპტუნის ტანს ისეთი ფორმა მიაღებინა, რომ კონკრეტული კუთხიდან შეხედვისას ნეპტუნის მარცხენა ხელი იმდაგვარად არის გაშვერილი, რომ თითქოს ერეგირებული გენიტალიის ფორმას მიყვება. ნეპტუნის ქანდაკების ასეთი ფორმა იმ ეპოქის ბოლონიის ქალების, შეცბუნენას იწვევდა, და სწორედ ამიტომ ეკლესიამ ქანდაკებისთვის ბრინჯაოს შარვლის ჩაცმა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. ნეპტუნის გარდა შადრევნის სხვა ფიგურებიც გამოირჩევიან ეროტიულობით, მაგალითისთვის მკერდმოშიშვლებული ნიმფები[2].
  • ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მნიშვნელოვანი გამოცდის წინ სტუდენტს, რომელსაც ამ მხრივ წარმატების მიღწევა სურს, შადრევანს საათის საპირისპირო მიმართულებით ორჯერ უნდა შემოუაროს, როგორც ჯამბოლონია აკეთებდა ამას, ნეპტუნის პროექტის შემუშავების დროს. ამ ქმედებით სტუდენტები მისი ბედის გაზიარებას ცდილობენ, „ფლორენციული მარცხის“ შემდეგ, ასეთი წარმატების მიღწევიდან გამომდინარე[2].

მაზერატი

რედაქტირება

საავტომობილო კომპანია მაზერატის ლოგო, ნეპტუნის ქანდაკების სამკაპზე დაფუძნებით შეიქმნა. 1920 წელს ძმებ მაზერატებიდან ერთ–ერთმა, მხატვარმა მარიო მაზერატიმ, ამ სიმბოლოს ლოგოზე გამოყენება ოჯახის მეგობრის მარკის დიეგო დე სტერლიქის რჩევით გადაწყვიტა. სპორტული საავტომობილო კომპანიის მიერ ეს სიმბოლო შესაფერისად იქნა მიჩნეული, რადგან ნეპტუნი ძალასა და ენერგიას წარმოადგენს, დამატებით კი ქანდაკება წარმოაჩენს კომპანიის მშობლიურ ქალაქს[7].

აღსანიშნავია, რომ ბოლონიის ნეპტუნის შადრევნის ასლი, საქართველოს ქალაქ ბათუმში დგას. ამ ორი შადრევნის განსხვავება კი ნეპტუნის ფიგურით და ჰერალდიკური ფარებით შეიძლება, ბათუმის ნეპტუნის ქანდაკების ეს მონაკვეთები მოოქროვილია, ბოლონიის კი ბრინჯაოსი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Фонтан Нептуна: фото, описание
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Monumenti, piazze e luoghi di BolognaFONTANA DEL NETTUNO. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-04-09.
  3. The urbanistic history and quasi-political character of these interrelated civic spaces and structures expressing conflicting connotations of papal and communal-republican instruments of government are discussed in Naomi Miller, Renaissance Bologna: A Study in Architectural Form and Content (University of Kansas) 1989.
  4. Date in Charles Avery, Giambologna (1987); a description of the fountain appears in the second edition (1568) of Giorgio Vasari's Vite; a collection of essays on the conservation undertaken in the 1980s on the Neptune fountain, Il Nettuno del Giambologna: storia e restauro (Milan) 1989, contains an essay by Richard Tittle on the contracts for it, of 1563, and one by Giancarlo Roversi on its impact on public life in Bologna and changing attitudes towards its display of nudity.
  5. 5.0 5.1 Fontana del Nettuno
  6. Documents in the State Archives in Bologna were used by W. Gramberg, Giambologna, eine Untersuchung über seine Wanderjähre (Berlin) 1936.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-12. ციტირების თარიღი: 2014-04-09.