ნადეჟდა ხარაძე
ნადეჟდა ხარაძე (დ. 28 დეკემბერი, 1912 — გ. 16 ივნისი, 1999) — ქართველი ოპერის მომღერალი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1946). ღირსების ორდენის კავალერი (1996)
ბიოგრაფია
რედაქტირებანადეჟდა ხარაძე დაიბადა 1912 წელს თბილისში. მუსიკის, თეატრისა და ქორეოგრაფიის სიყვარული მას ოჯახიდან გამოჰყვა. ნადეჟდას მამა ვასილ ხარაძე, პირველი ქართული პოლკის პოლკოვნიკი-კონსულტანტი გახლდათ. იგი ქართული ხალხური სიმღერების კარგი მცოდნე და დამფასებელი იყო. რაც შეეხება დედას, სოფიო ბაქრაძე კი იმედაშვილის სახალხო თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდა. ნადეჟდა ხარაძე განსაკუთრებით გამოირჩეოდა ხმის ფილირების ბრწყინვალე ტექნიკით, მაღალი რეგისტრის ბგერების განსაკუთრებული სიმსუბუქითა და მოქნილობით.
აღსანiშნავია, რომ ხარაძეების ოჯახის საუკეთესო მეგობარი გამოჩენილი კომპოზიტორი ვიქტორ დოლიძე იყო. ვიქტორმა ნადეჟდა კონსერვატორიის კარამდეც კი მიაცილა. 1937 წელს, პროფესორ ვრონსკის ხელმძღვანელობით, მან წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. უნდა აღინიშნოს, რომ ნადიას იმდენად გამართული, სასიამოვნო ტემბრისა და ჟღერადი კოლორატურული სოპრანო ჰქონდა, რომ ჯერ კიდევ კონსერვატორიის მეოთხე კურსის სტუდენტი, ევგენი მიქელაძემ იგი თბილისის საოპერო დასში მიიწვია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა.
ნადეჟდა ხარაძის, როგორც მომღერლის დებიუტი მარიხისა და ქეთოს („აბესალომ და ეთერი“, „ქეთო და კოტე“) პარტიებით შედგა.
ნადეჟდა ხარაძის რეპერტუარში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა როზინას („სევილიელი დალაქი“), ვიოლეტას („ტრავიატა“), მარიხის („აბესალომ და ეთერი“), მაროს („დაისი“), პირიმზისას („ბაში-აჩუკი“). სწორედ მის მიერ განსახიერებული პარტიები შესრულების ყოველ ჯერზე საკმაოდ იცვლებოდა. ეს კი დამოკიდებული იყო ძირითადად იმაზე, თუ ვინ იყო უშუალოდ მისი პარტნიორი სწორედ იმ მოცემულ მომენტში.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის საქართველოში პროფესიული საოპერო ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას ხელი განსაკუთრებულად და დიდად შეუწყო თბილისში 1851 წელს საოპერო თეატრის გახსნამ. სწორედ იმ პერიოდის ქართულ სცენაზე იტალიური ოპერებისადმი აუდიტორიის დიდმა ინტერესმა წარმოშვა ქართული ეროვნული პროფესიული მუსიკალური პროდუქტის შექმნის აუცილებლობა, რასაც თავი წარმატებით გაართვეს ქართველ კომპოზიტორთა პირველი თაობის წარმომადგენლებმა - ზაქარია ფალიაშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, დიმიტრი არაყიშვილმა. მათ შემოქმედებაში განსაკუთრებული და თვალსაჩინო ადგილი დაიკავა აგრეთვე მცირე ვოკალურმა ფორმამ, მათ შორის რომანსმა და სიმღერამ.
ნადეჟდა ხარაძე გადაღებულია ლანა ღოღობერიძის კომედიური ჟანრის მიუზიკლში „აურზაური სალხინეთში“ (1975).
მუსიკისმცოდნე მანანა ახმეტელის თქმით: „ნადეჟდა ხარაძე ის მომღერალია, რომელმაც სათავე დაუდო ქართულ საოპერო სცენაზე მთელი რიგი პარტიების საშემსრულებლო ტრადიციას“.
სიცოცხლის ბოლო წლებში ნადეჟდა ხარაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ქართველ ვოკალისტთა მომავალი თაობის აღზრდას ემსახურებოდა. მის აღზრდილთა რიგებში არაერთი ცნობილი მომღერალი ირიცხება. ნადეჟდა ხარაძე გარდაიცვალა 1999 წელს, 87 წლის ასაკში.