შალვა მჭედლიშვილი
შალვა მჭედლიშვილი (დ. 21 აპრილი, 1923, ანაგა, სიღნაღის მაზრა — გ. 5 მაისი, 2007, თბილისი) — ქართველი მწერალი, ექიმი.
შალვა მჭედლიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 21 აპრილი, 1923 |
დაბადების ადგილი | ანაგა, სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი | 5 მაისი, 2007 (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მწერალი და ექიმი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის კლასიკური გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
მეუღლე | Eteri და ეთერ არაბული |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა მჭედლიშვილმა ბავშვობა გაატარა კახეთში, სოფელ ანაგაში. პოეტის მშობლები პედაგოგი და ექიმი იყვნენ (ქ-ნი ნინოს დედა ევა მარტაშვილიც ცნობილი სახალხო ექიმი იყო) კარდენახში. მშობლები ასწავლიდნენ იმ სკოლის შენობაში, რომელიც გასაბჭოებამდე თავად ფორაქიშვილის ეკუთვნოდა. შალვას მამის ზაქარიას ძალისხმევით ფორაქიშვილებს მათსავე ყოფილ სახლში საუკეთესო ოთახი გამოეყო. იქ ცხოვრობდნენ განსვენებული ფორაქიშვილის ქვრივი და მისი 16 წლის ქალიშვილი, ისინი ხშირად უკითხავდნენ პატარა შალვას ლექსებს, უამბობდნენ ზღაპრებს.
შალვას მამამ ზაქარიამ თავის ძმასთან, ლადო მჭედლიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა სასიმღერო გუნდები. 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით ორივე მოყვა რეპრესიებში და შემთხვევით გადაურჩნენ დახვრეტას.
შალვას დედა, ნინო თუშიშვილი რომანტიკული ბუნებით გამოირჩეოდა. მან ადრეული ბავშვობიდანვე ჩაუნერგა შვილს ილიას, აკაკის, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სიყვარული. 1930 წლიდან შალვა მჭედლიშვილის ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. პატარა შალვა სასწავლებლად 1-ლ საცდელ-საჩვენებელ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს , რომელიც 1940 წელს დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას საბუთები შეუტანია ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მაგრამ მშობლებს შვილის უნივერსიტეტში შეტანილი საბუთები გამოუტანიათ და სამედიცინო ინსტიტუტში შეუტანიათ.
1945 წლის 27 მარტს 22 წლის შალვა მჭედლიშვილი „იდეოლოგიურად მიუღებელი“ ლექსების გამო დააპატიმრეს. თავდაპირველად, ორ წელზე მეტი გაატარა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საპატიმროში, 58 მუხლის 10-11 სტატიით. ეს ნიშნავდა აგიტაცია, ორგანიზაცია და ანტისაბჭოთა პროპაგანდას, რაც 1945 წლამდე დახვრეტას ითვალისწინებდა. ახალგაზრდა პოეტის საქმეს იცავდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი შალვა ალექსი-მესხიშვილი მან მოახერხა დახვრეტის მუხლის შეცვლა. მოგვიანებით სპეციალური დადგენილებით, როგორც ყველა პოლიტპატიმარი, შალვა მჭედლიშვილი გადაასახლეს. 1949 წლიდან იჯდა ბაქოს, დონის როსტოვის და ვოლოგდის ციხეებში, იყო გადასახლებული იმიერ-პოლარეთში, სასჯელს ვორკუტის საკატორღო საპატიმრო ბანაკში იხდიდა, სადაც ქვანახშირის მე-6 (ყველაზე სასტიკ და მძიმე) მაღაროში უწევდა მუშაობა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ პოეტი გაათავისუფლეს ვორკუტის საკატარღო ბანაკიდან, მაგრამ სახლში დაბრუნების ნაცვლად სამუდამო გადასახლებაში ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ყარაღანდაში გადაასახლეს. იქვე გადასახლებაში დაამთავრა ყარაღანდის სამედიცინო ინსტიტუტი.
შალვა გადასახლებიდან ამნისტიით დაბრუნდა და იმყოფებოდა გასახლებაში. მას ლექსებს არ უბეჭდავდნენ — ცენზურა კრძალავდა მის შემოქმედებას, დედაქალაქში ცხოვრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა, იყო ზედამხედველობის ქვეშ, საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე — შოვში, ბორჯომში, გაგრაში, წყალტუბოსა და ახტალაში წლების მანძილზე მუშაობდა მკურნალ ექიმად.
გამოცემული აქვს 10–ზე მეტი წიგნი, არის ავტორი სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილების.
ოჯახი
რედაქტირებაშალვა მჭედლიშვილის პირველი მეუღლე იყო პოეტი ანა კალანდაძე. შემდეგ მან იქორწინა ეთერ არაბულზე, რომელთანაც ეყოლა ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
ლიტერატურა
რედაქტირება- „საქართველო“ №7 (1778), 2 ივლისი, 2002 წელი
- „ლიტერატურული საქართველო“ №23, 15-22 ივნისი, 2007 წელი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შალვა მჭედლიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- შალვა მჭედლიშვილის პერსონალური საიტი დაარქივებული 2007-04-03 საიტზე Wayback Machine.
- ირმა ჩიტაია: „უდროობის ეპოქიდან გადარჩენილი…“ (შალვა მჭედლიშვილი) // „ბურუსი“
- შალვა მჭედლიშვილის გახსენება // „ბურუსი“
- იკა ქადაქიძე, რეპრესირებული პოეტის საიუბილეო საღამო; სერგი ლომაძე, „პოეტის ბედი ჯვარცმაა... “; მარსიანი, ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი