მჭადიჯვრის ქვემო გორა-ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი

მჭადიჯვრის ქვემო გორა-ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მჭადიჯვარსა და ლამოვანს შორის მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირას. ძეგლი მრავალფენიანია. განეკუთვნება ადრინდელ ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელ შუა საუკუნეებამდე პერიოდს. აღმოჩნდა 1953 წელს ისტორიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სადაზვერვო ექსპედიციის მუშაობის დროს. 1969 და 1983 წლებში, დროგამოშვებით გორაზე გათხრები ჩაატარა ისტორიის, არქიტექტურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნარეკვავის, ჟინვალისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპერდიციებმა. გორა წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ ხელოვნურ ბორცვს. მისი ფართობია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი, ხოლო სიმაღლე გათხრამდე 7 მეტრს აღწევდა. ქვედა ფენაში გამოვლინდა ოთხკუთხა მოყვანილობის თიხით შელესილი შენობათა ნაშთები და სხვადასხვა ფორმის კერა-საკურთხეველი. აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ტიგელის ფრაგმენტი, ლითონის ცულით ყალიბი, ქვისა და ძვლის იარაღები, ხელსაფქვავის ქვები და სხვა. ნამოსახლარზე გამოვლინდა სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა კერამიკის ნატეხები, ძვლისა და ქვის იარაღი და შინაურ ცხოველთა ძვლები.

შუა ფენა სისქით აღემატებოდა სამ მეტრს და შეიცავდა რამდენიმე ჰორიზონტს. პირველ ჰორიზონტში გამოვლინდა თიხით ნაშენი მიწური შენობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მეორე ჰორიზონტში აღმოჩნდა თიხის ქოთნების, დერგების, ჯამების ნატეხები, ნამგლის კაჟის ჩასართები, ძვლის იარაღები. მესამე ჰორიზონტში გამოვლინდა შენობათა ნაშთები ქვის საძირკველზე, პურის საცხობი ღუმელები, შავად და ნაცრისფრად გამომწვარი კერამიკის ნატეხები. შემდეგი პერიოდის ფენას განეკუთვნება ელინისტური ხანის სათავსის ნაშთები, რომლის იატაკში ჩაფლული იყო სარიტუალო ჭურჭელი. გამოვლენილია წითლად შეღებილი კერამიკა, მოხატული ქვევრების ფრაგმენტები და სხვა. ზედა ფენაში გაითხარა კლდისა და რიყის ქვებით ნაგები, კრამიტით გადახურული 11 სათავსი და 2 მარანი. აღმოჩნდა თიხის სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭლის ნატეხები და ქვევრები. ნამოსახლარს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვის გალავანი. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება