მუგუდის წმინდა გიორგის ეკლესია
მუგუდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგუდის ჩრდილოეთით, 1 კილომეტრზე, ტყით დაბურულ მთაზე. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (11,5 x 7,5 მეტრი), ნაგებია კარგად დამუშავებული მოზრდილი ქვებით. გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი დანგრეულია. მოგვიანებით სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარზე მცირე ზომის (5,6 x 2,5 მეტრი) სწორკუთხა მინაშენი მიუდგამთ, იგი კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან, კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ფართო, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია (ოთხსაფეხურიანი რაფით). მსგავსი სარკმელია გაჭრილი დარბაზის სამხრეთ კედლის შუა ნაწილში. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს თითო შეისრულთაღიანი ნიშია. საკურთხეველი დარბაზისგან გვიანდელ ტლანქად ნაგები კედლითაა (სიმაღლე 1,5 მეტრი) გამოყოფილი. კედლის სამხრეთ ნაწილში ვიწრო კარია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომლებიც კედლებს დაახლოებით ორ თანატოლ ნაწილად ყოფს. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. სამხრეთის მინაშენს სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი და გადახურვა ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, დასავლეთით - პატარა, სწორკუთხა ნიში. ეკლესიის ფასადები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდნით (შემორჩენილია რამდენიმე ქვა), მას განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან, ჰორიზონტალური შენაკეცები ჰქონდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 275.