მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი

მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ მსხალგორის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კმ-ზე, მსხალგორის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ბაისუბნისხევის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსის ტერიტორია ხელოვნურადაა გამხოლოებული და გამაგრებული სამი მხრიდან ჩამომავალი არხით. კომპლექსი შედგება: ორნავიანი ბაზილიკის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის, ორნავიანი საწნახლის და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ნაშთებისგან. თარიღდება VII-XIV სს.

მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°52′56″ ჩ. გ. 46°11′34″ ა. გ. / 41.88222° ჩ. გ. 46.19278° ა. გ. / 41.88222; 46.19278
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VII-XIV საუკუნეები

ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება კომპლექსის შესახებ. მისი შემადგენელი ნაგებობების სტილისტური მონაცემებით პირველი ტაძარი — ორნავიანი ბაზილიკა სამხრეთის გალერეით VII საუკუნეშია აგებული, X საუკუნეში ტაძარი განუახლებიათ, რაზეც ტაძრის სამხრეთ კედელში ჩადგმული დამიანეს მოსახსენიებელი ხუცურით შესრულებული ნაკაწრი წარწერაც მეტყველებს, ამ დროს მიუშენებიათ დასავლეთის გარშემოსავლელი და ორნავიანი საწნახელი. მალევე ტაძარზე მეორე, ამჯერად მცირე სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. XI საუკუნეში ბაზილიკა საბოლოოდ დაინგრა. ბაზილიკაზე განხორციელებული ხელმეორე სამუშაოების დროს უნდა იყოს აშენებული დიდი დარბაზული ეკლესია, რომელიც მისგან ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე მეტრში დგას და ორნავიანი საწნახელი, ბაზილიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამდენად, იქმნება მძლავრი სამონასტრო კომპლექსი სხვადასხვა დამხმარე ნაგებობებით. დარბაზული ეკლესია მომდევნო ეტაპზე გაუმაგრებიათ, ჩრდილოეთით ეკვდერი მიუდგამთ ხოლო სამხრეთით მინაშენი გაუკეთებიათ. კომპლექსი განადგურებულია არაუგვიანეს XIV საუკუნისა. როგორც ჩანს, ის თემურლენგის შემოსევებს შეეწირა.

მსხალგორის სამონასტრო კომპლექსი სრულიად გამორჩეულია ლაგოდეხის ძეგლებს შორის, და ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ძეგლებში, იმით, რომ კომპლექსის ორნავიანი ბაზილიკა ერთადერთი სატაძრო ნაგებობაა ქართულ ძეგლებში, რომლის აფსიდაზე საწნახელია მიშენებული. ის ტაძარში დაკრძალულის სააღაპე ღვინოების დასაწურად უნდა ყოფილიყო აშენებული.

ორნავიანი ბაზილიკა

რედაქტირება

ორნავიანი ბაზილიკა სამხრეთის ეკვდერით VII საუკუნით თარიღდება. ეს ტაძარი აღმოჩენილი იქნა 2016-2018 წლებში. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის ჰორიზონტალური წყობით დუღაბზე. ჩრდილოეთის კედლით ნაწილობრივ მიწაში ყოფილა შესმული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილსა და დასავლეთი კედლის შუაში აქვს გაჭრილი. სამხრეთის კარის ზღურბლი იატაკის დონიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული, დასავლეთის კარის კი — ორი საფეხურით. ცენტრალური ნავის დასავლეთი კედლის ძირში, მთელს სიგრძეზე საფეხურია გაკეთებული. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. X საუკუნეში ტაძრის პირველი და მასშტაბური განახლებისას საკურთხეველი გადაკეთებულია: ბემა დაგრძელებულია და მხრების გასწვრივ მიშენებაა გაკეთებული; საკურთხეველი ქვის ტიხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან; ტიხარი შუაში გახსნილია და საფეხურებია გაკეთებული; საკურთხევლის იატაკი ტიხარის სიმაღლეზეა აწეული და კირხსნარით გადალესილი; საკურთხევლის სიღრმეში კედლიდან მოშორებით ქვით ნაგები ტრაპეზი დგას; საკურთხევლის ტიხრის წინ მთელ სიგრძეზე ხარისხია გაკეთებული; ამ ხარისხზე, ჩრდილოეთ კიდეში მრგვალი აგურებით ამოყვანილი ბოძი დგას. საკურთხევლის ტიხრის ჩრდილოეთ ნაწილზე შემორჩენილია აგურის კანკელის ფრაგმენტი, რომელიც ბრტყელი და მრგვალი აგურებით იყო ნაგები; დასავლეთიდან აფსიდის ჩრდილოეთ კედელზე მიშენებულია სამსხვერპლო მაგიდაა მიშენებული, რომელიც მთლიანადაა გალესილი. დარბაზის შუაში, აღსავლის კარის გასწვრივ კირით გალესილი ჯვრის აღსამართი მრგვალი ბოძია ამოყვანილი. ჩრდილოეთის ნავი ცენტრალურისგან ორმალიანი თაღით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც აფსიდის ჩრდილოეთ კედელს, დასავლეთის კედელზე ამოყვანილ ნავების გამყოფ პილასტრსა და მათ შორის ქვით ნაგებ ოთხკუთხა ბურჯზე იყო გადაყვანილი. ბურჯი ტაძრის განახლებისას გაუმსხვილებიათ. ჩრდილოეთის ნავში მოხვედრა მხოლოდ ცენტრალური ნავიდანაა შესაძლებელი. ის უაფსიდოა, სამკვეთლო დანარჩენი ნავისგან ვიწრო კედლითაა გამოყოფილი. კედელს დასავლეთიდან საფეხური აქვს გაკეთებული.

დარბაზული ეკლესია

რედაქტირება

დარბაზული ეკლესია მომდევნო ეტაპის სამხრეთის მინაშენით და ჩრდილოეთის ეკვდერით კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დგას. აგე­ბულია X-XI საუკუნეების მიჯნისთვის. დაზიანებულია: თითქმის სრულადაა დანგრეული სამხრეთი მინაშენი. ეკლესიის აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლები ერთმსაფეხურიან ცოკოლზეა ამოყვანილი. ჩრდ-ით ნაწილობრივ ნიადაგშია შესმული. შესასვლელი სამია: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც მხრებითაა გამოყოფილი დარბაზისგან. მხრებზე გადასულ სატრიუმფო თაღზე დაბჯენილი იყო აფსიდის კონქი. აფსიდის ღერძზე სარკმელი იყო გაჭრილი (ფორმა უცნობია). აფსიდის კედელს ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი შემოუყვება. არდაბაგიც ორსაფეხურიანია. საკურთხევლის სიღრმეში, სარკმლის წინ, ნატეხი ქვით ნაგები სწორკუთხა ტრაპეზი დგას, რომელსაც უკანა მხარეს პატარა სანაწილე აქვს. აფსიდის მხრების წინ ქვის საკმაოდ მასიური ტიხარი იყო ამოყვანილი, რომლებიც კანკელის ნაწილი უნდა ყოფილიყო. დარბაზს სამივე კედლის გასწვრივ დაბალი საფეხური შემოსდევს. კამარა დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ იდეში გაკეთებულ თხელ პილასტრებზე გადასულ თაღებს უნდა დაბჯენოდა. კონსტრუქციული სიმყარისთვის მოგვიანებით გრძივ კედლებზე ქვითა და აგურით ორი წყვილი კონტრფორსი მიუშენებიათ. ეკლესიის იატაკი კირხსნარითაა მოლესილი. ეკლესია განახლებულია: ამ დროსაა ამოშენებული დასავლეთის შესასვლელი, ხოლო ტაძრის გრძივ კედლებზე გაკეთებულია ქვა-აგურის კონტრფორსები. განახლების დროინდელია სამხრეთის მინაშენი, რომელიც ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. ამჟამად მხოლოდ ზეძირკვლის დონეზეა შემორჩენილი. მინაშენს ჩაწერილი აქვს ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან (ესეც მოგვიანებით ამოშენებულია). ასევე გვიანდელია ჩრდ-ის მინაშენი — ეკვდერი, რომელიც ტაძრის ნახევარი სიგრძისაა. ერთადერთი შესასვლელი ტაძრის ჩრდილოეთის კარიდანაა. ეკვდერი უაფსიდოა. აღმოსავლეთის კედლის ცენტრში ერთი სწორკუთხა შიგნით გაშლილწირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი. ერთი სარკმელია ჩრდილოეთის კედელშიც. ეკვდერის კამაროვანი გადახურვა სამხრეთის კედელზე მიდგმულ სამ პილასტრსზე გადაყვანილ თაღნარს ეყრდნობოდა. მინაშენს ცალფერდა სახურავი ქონდა. ეკვდერში, საკურთხევლის წინ გამართულია ქვასამარხი, რომელშიც დაკრძალული იყო ზრდასრული მამაკაცი. ეკლესია, მინაშენებით გადახურული ყოფილა ღარისებრი და ბრტყელი კრამიტით.

ორნავიანი საწნახელი

რედაქტირება

ორნავიანი საწნახელი დგას კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში. დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. წყობაში ალაგ-ალაგ აგურის და კრამიტის ფრაგმენტებია ჩართული. საწნახელს სამხრეთის მხარეს ერთსაფეხურიანი დაბალი ცოკოლი აქვს. ამავე კედელშია დატანებული სადინარი ხვრელები. კედლები გარედან შვეულია, შიგნით კი ნავების ძირისკენ ვიწროვდება. ნავები გატიხრულია კედლით. საწნახელი აღდგა 2017 წელს.

გალავანი

რედაქტირება

გალავანი დარბაზული ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან ჩრდილო-დასავლეთ კუთხემდე ზღუდავს გარკვეულ ტერიტორიას. ის ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. ამ რკალური კედლის შიგნით დარბაზული ტაძრის ჩრდილოეთით გაიწმინდა ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაგები კედლების ნაშთები და რამდენიმე სხვადასხვა ზომის ქვევრი. როგორც ჩანს აქ ღია მარანი უნდა ყოფილიყო გამართული. გალავნის უფრო ჩრდილოეთით სხვადასხვა ნაგებობის კედლის ნაშთებია შემორჩენილი, რომელთა დანიშნულების გარკვევა ახლა შეუძლებელია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 49-52 ISBN 978-9941-8-3699-2