პოლიფაგია

ცხოველთა კვება მრავალფეროვანი ცხოველური და მცენარეული საკვებით
(გადამისამართდა გვერდიდან მრავლისმჭამელობა)

პოლიფაგია, მრავლისმჭამელობა (ბერძ. πολύς — „ბევრი“ და φάγος — „შთამნთქმელი“) — ცხოველთა კვება მრავალფეროვანი ცხოველური და მცენარეული საკვებით.[1] მაგ., მდელოს ფარვანას მუხლუხები იკვებებიან 160 სახეობის მცენარით; ტყის წითური ჭიანჭველა ჭამს მწერებისა და სხვა უხერხემლოების ასეულობით სახეობას, აგრეთვე მრავალ მცენარეს. პოლიფაგები არიან ბაყაყები, ხვლიკები, მცირედსპეციალიზებული მტაცებელი ფრინველები — კაკაჩები, ძერები. როგორც წესი, პოლიფაგები გამოირჩევიან საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი ანატომიური, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური თავისებურებით (მაგ., მათი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სტენოფაგებისა). პოლიფაგებისაგან განსხვავებით, ევრიფაგები (ანუ ყოვლისმჭამელები) ხასიათდებიან საკვების მოხმარების უკიდურესი მრავალფეროვნებით. ცალკეული სახეობის საკვების არამდგრადი მარაგების მქონე ზომიერ და მაღალ განედებში, აგრეთვე ღარიბი სახეობრივი შემადგენლობის ბიოცენოზებში მცხოვრები ორგანიზმებისთვის პოლიფაგია უზრუნველყოფს მათ არსებობას. მათ ასევე შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე სახეობის საკვებზე გადასვლა, რასაც მონოფაგია და ოლიგოფაგია ეწოდება.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 142.
  2. Полифаги // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 701.