მონღოლური კულტურა
მონღოლთა სახელმწიფოს წარმოქმნა
რედაქტირებადასავლეთში მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა ჩინგიზ ყაენს მიიჩნევს მარადიორად, რომელმაც გადაწვა და გაძარცვა ევროპა,აზია და სპარსეთი. ჩინგიზ ყაენი დაიბადა 1162 წელს მდინარე ონონის მახლობლად. 1189 წელს, როდესაც დიდი დამპყრობელი მხოლოდ 27 წლის იყო, გააერთიანა მონღოლი ხალხი და მონღოლური წარმომავლობის კლანები, ტომები და აქცია ცალკეული ერთეულები ერთ დამოუკიდებელ ნაციად. 1198-1206 წლებში ჩინგიზ-ყაენმა გააფართოვა მონღოლეთის საზღვრები. სწორედ ამ მიზეზით გახდა იგი ყველა მონღოლისა და მონღოლეთის ჩინგიზ-ყაენი.
მონღოლთა არმია და დაპყრობები
რედაქტირებაჩინგიზ ყანის ჯარისკაცები განთქმულნი იყვნენ მძვინვარებით, სიმამაცითა და თავიანთი შესაძლებლობით შუბის ტყორცნასა და ცხენოსნობაში. ჯარისკაცების უზანგი და ჯავშანი ისე იყო კონსტრუირებული, რომ მარტივად და კომფორტულად ეჯირითად ცხენზე, ეს კი შესაძლებლობას აძლევდა მათ, რომ წარმოუდგენელი სიზუსტით ეტყორცნათ შუბი, მაშინ როდესაც ძალიან სწრაფად აჭენებდნენ ცხენს. ჩინგიზ ყაენმა ააშენა ისეთი მილიტარული ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევდა მას გაეერთიანებინა ქვედანაყოფები უცხოელი ჯარისკაცებისა. ამდენად, ჩინგიზ ყაენს ჰყავდა ძალიან დიდი რაოდენობა შეიარაღებული ძალებისა სხვადასხვა დამპყრობლური ომებისათვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი საიდუმლო იარაღი მონღოლთა შეიარაღებული ძალების სიძლიერისა იყო ის კვების რაციონი, რომელსაც ისინი მკაცრად იცავდნენ: დიდი რაოდენობით ცილის შემცველი ხორცი, რძე და ყველი. მაშინ, როდესაც მთელი ევროპისა და ჩინეთის კვების რაციონს შეადგენდა ბრინჯი, მაკარონის კერძები და შვრიის პროდუქტი.
ყველა დროის უდიდესი სახმელეთო იმპერია
რედაქტირებაჩინგიზ ყაენს თავისი გარდაცვალების დროისათვის 1277 წელს, დაპყრობილი ჰქონდა და აკონტროლებდა აბრეშუმის გზას, ცენტრალურ აზიას, რუსეთს, სამხრეთ ბეიჯინგს ყვითელ მდინარემდე და სპარსეთს.ზემოთხსენებული ტერიტორიები არის უდიდესი იმპერია, რომელიც კი ოდესმე დაუპყრია ერთ ადამიანს თავისი მმართველობის პერიოდში.
ჩინგიზ ყაენი და დემოკრატია
რედაქტირებაარ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩინგიზ ყაენმა დემოკრატიული რეფორმები გაატარა. დიდი განსხვავებაა დემოკრატიული პრინციპების დაარსებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას შორის. ზოგიერთმა დემოკრატიულმა პრინციპმა შეიძლება იარსებოს არადემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა დემოკრატია ვერ იარსებებს ძირითადი დემოკრატიული პრინციპების გარეშე. მიუხედავად ამისა, ჩინგიზ ყაენი შეიძლება მოვისაზროთ, როგორც მამა მონღოლური დემოკრატიისა.
წყაროები,ლეგენდები და ისტორია ჩინგიზ ყაენის შესახებ გვიჩვენებს გარკვეულ დემოკრატიულ პრინციპებს,რომლებსაც ამერიკელი ხალხი მიიჩნევს დემოკრატიის ფუძედ. მეცნიერებმა დაითვალეს 200-ზე მეტი განმარტება დემოკრატიისა. ამერიკული განმარტება კი ეფუძნება ოთხ ძირითად ბურჯს: კომპინირებულ, ერთიან სახელმწიფოს, კანონზე დაფუძნებულ მმართველობას, კანონის თანაზომიერების პრინციპს, ძირითად პიროვნულ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. თვალს თუ გადავავლებთ ჩინგიზ ყაენის პოლიტიკას, ვნახავთ, რომ მან ნამდვილად დააარსა ზოგიერთი პრინციპი ამ ოთხი ბურჯიდან მონღოლი ხალხისათვის თავისი მმართველობის პერიოდში.
ძირითად ინფორმაციას ჩინგიზ ყაენის შესახებ ვეცნობით წიგინიდან სახელად „საიდუმლო ისტორია მონღოლებისა“. დანამდვილებით არავინ იცის თუ ვინ არის ავტორი ამ წიგნისა, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მისი ავტორი არის შიგუ-ჰუტუჰუ, არაბიოლოგიური ვაჟი ჩინგიზ-ყაენისა, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ ეს წიგნი დაწერილ იქნა 30 წლის შემდეგ ჩინგიზ ყაენის გარდაცვალებიდან,1257 წელს. ზემოთ ხსენებული წიგნი იწყება ჩინგიზ ყაენის დაბადების ლეგენდით და გრძელდება მისი უფლებამონაცვლის,მისი შვილის ოგედეის მმართველობით.
მონღოლი ხალხის განმაერთიანებელი და დაპყრობები
რედაქტირებაჩინგიზ ყაენის პირველი საჩუქარი თავისი ხალხისათვის იყო ის, რომ მან გააერთიანა მონღოლი ხალხი ერთიან, დამოუკიდებელ ნაციად ,ნაციად, რომელსაც ჰქონდა უფლება, რომ შეექმნა საკუთარი კანონები. პირველ რიგში ყაენმა ერთ დიდ პოლიტიკურ ერთეულად გააერთიანა ტომები, რომელნიც მომთაბარეობდნენ ნაიმანის, კერეიტისა და მერკიდის ტერიტორიებზე. შემდეგ ჩინგიზ ყაენმა დაიპყრო მეზობელი ტომები, როგორიცაა ტანგუტი და ჩინეთის დინასტია, მან გაათავისუფლა მონღოლი ხალხი ხარკის გადასახადისაგან და უცხოელი დამპყრობლებისაგან. დაიპყრო სხვა დამპყრობლები და დაუქვემდებარა ისინი თავის მმართველობას. გამარჯვება ჩინელთა დინასტიაზე ნიშნავდა ბეიჯინგისა და აბრეშუმის გზის კონტროლს.
ქვეყნის მართვა
რედაქტირებაჩინგიზ ყაენს ჰქონდა რამდენიმე გზა, რომ ჩაერთო ხალხი მონღოლური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. თუმცა, რა თქმა უნდა, იგი იყო პასუხისმგებელი საბოლოო გადაწყვეტილებაზე. იგი იყენებდა ტომურ ტრადიციას ლიდერის არჩევისას. შეკრებისას, როდესაც კრება იღებდა მნიშვნელოვან გადაწყევტილებას ძირითადი თემატიკა ეხებოდა ომსა და მშვიდობას, თუმცა რაღა თქმა უნდა, კრებაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილებოდა. ჩინგიზ ყაენი ასევე ხშირად მიმართავდა ბრძენთა საბჭოს, რომელიც მას ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა. აღსანიშნავია, რომ აზრს ჩინგიზ ყაენი სხვა ტომთა წევრებსა და არამონღოლური წარმომავლობის ხალხსაც ეკითხებოდა.
გამოცემული დადგენილებები და კანონები
რედაქტირება1206 წელს ჩინგიზ ყაენმა შიგი-ჰუტუჰუს დაავალა, რომ ფურცელზე დაეტანა თავისი ლეგალური გადაწყვეტილელები და მიღწევები (წოდებები, პასუხისმგებლობები, სამხედრო ტყვეები და ა. შ.) კანონზე დაფუძნებული მმართველობის შექმნისას ჩინგიზ ყაენმა ტომის წევრები აქცია კანონ-მორჩილ საზოგადოებად.
შიგი-ჰუტუჰუ ჩინგიზ ყაენმა მონღოლეთის პირველ მოსამართლედ დანიშნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შიგი-ჰუტუჰუ უსმენდა დებატებს, კანონდამრღვევს, ასევე იგი პასუხისმგებელი იყო სასჯელაღმსრულებელ ორგანოზე მთელს იმპერიაში.
ჩინგიზ ყაენმა შეიმუშავა კონცეფცია მოქალაქეთა თანაზომიერების პრინციპისა 2 განსხვავებული გზის მიხედვით.
1.თანაზომიერება პერიტოკრატიის მიხედვით, როდესაც ჩინგიზ ყაენმა თავისი არმია დაყო 10 ქვედანაყოფად, დამპყობელმა თითოეულ ქვედანაყოფს თავისი მმართველი მიუჩინა. “საიდუმლო ისტორია მონღოლებისა“ მოგვითხორბს,რომ ჩინგიზ ყაენმა მმართველები გამოარჩია შესაძლებლობების, სიმამაცის, ერთგულების მიხედვით და არა მათი წარმომავლობის მიხედვით.
2.გენდერული თანასწრობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. ჩინგიზ ყაენის მმართველობის დროს გენდერული თანასწორობის პრინციპი უცხო იყო ევროპისა და აზიისათვის. თუმცა „საიდუმლო ისტორია მონღოლებისა“ მოგვითხორბს,რომ ქალები ხშირად იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ისინი ურჩევდნენ თვით ჩინგიზ ყაენს, თუ როგორ წარემართა თავისი ცხოვრება და რა მოემოქმედებინა. აღსანიშნავია, რომ ჩინგიზ ყაენის მეუღლე, ბორტე, იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა მონღოლეთის იმპერიაში.
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩინგიზ ყაენს არ მიუნიჭებია თავისი ხალხისათვის ძირითადი ადამიანის უფლებები და თავისუფლება, მაგალითად ისეთი, რომელიც დასავლეთ ევროპასა და ამერიკაშია გავრცელებული და ეს არც არის უჩვეულო. თუმცა ყაენმა მიანიჭა ხალხს გარკვეული თავისუფლება და უფლებები, მაგალითად სიტყვის თავისუფლება, შინაგანი რწმენის ანუ რელიგიური თავისუფლება. იგი თვლიდა, რომ ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შამანიზმის (კეთილი და ავის სულების კულტი) მიმდევარი იყო.
სიკვდილი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები
რედაქტირებამონღოლების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, დაკრძალვის წესჩვეულება რამდენიმეჯერ შეიცვალა, განსაკუთრებით მეჩვიდმეტე საუკუნეში ბუდიზმის გამოჩენის შემდეგ და რუსების მკაცრი, უხეში მმართველობის პერიოდში.[1] მთავარი ტრანსფორმაცია XX საუკუნის 20-იან-50-იან წლებში მოხდა, მას შემდეგ რაც მოისპო ფეოდალური წყობა და გაბატონდა კომუნიზმი.
მონღოლების თქმით, სიკვდილი არ უნდა მივიჩნიოთ საშინელ მოვლენად. სიკვდილი ღირსეული გზით ნიშნავს ამქვეყნიური ცხოვრებისგან მოშორებას, იმისთვის, რომ დაიბადო ხელახლა და ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გექნება, როცა მატერიალურ სამყაროს მოშორდები.[1] როდესაც ადამიანი გარდაიცვლება იურტიდან (მათი ტრადიციული საცხოვრებელი) ყველაფერი გააქვთ, გარდა მიცვალებულისა და ღვთაებების ქანდაკებებისა.[2] გვამი დასვენებულია თეთრ ქეჩაზე ჩრდილოეთსი მხარეს, სამსხვერპლოსა და კერიას შორის, მამაკაცი იყურება ჩრდილო-დასავლეთისკენ, ქალი კი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. მთავარი იდეა არის ის, რომ სხეული უნდა იყურებოდეს იმ მხარეს საითაც სული მიდის, ანუ ჩრდილოეთისკენ, რომ მიიღონ ღმერთებმა. ოთახის ერთი მხარე უნდა იყოს თავისუფალი, რათა სულმა იქაურობას თავი დააღწიოს.
თუ გარდაცვლილი იყო რელიგიური მას თან ატანენ ე. წ „გულითად წიგნს“, რომელსაც თავქვეშ უდებენ. დანარჩენ ქონებას უგელებელყოფენ. იურტაში ანთია ლამფა და იწვის საკმეველი. საკვამური და ყოველგვარი ჭუჭრუტანა ამოვსებულია, კარი დაკეტილი. ხალხს ეშინია გვამების. სხეულთან არავინ რჩება, გარდა ლამასი, რომელიც ყარაულობს ლამფას და ლოცვებს კითხულობს. საცხოვრებელი შემოღობილია და აღმართულია ნიშანი „აკრძალულია“.[2] თუ ოჯახი ცხოვრობს კორპუსში მაშინ, ერთი ოთახი გამოიყოფა მიცვალებულისთვის და დანარჩენები სხვა ოთახში გადადიან.
რელიგიური ოჯახი მაშინვე მიდის ლამასთან კონსულტაციისთვის. ლამას შეუძლია „გააღოს ოქროს ჭურჭელი“, ანუ ახსნას სიკვდილის მიზეზი და ამის ბედთან კავშირი. ის განსაზღვრავს განვლო თუარა გარდაცვლილმა ღირსეული ცხოვრება და საd იქნება მისი მომავალი თავშესაფარი. მომავალ ცხოვრებაში ქალი შეიძლება კაცად დაიბადოს ან პირიქით, თუმცა სქესის ცვლილება არაა კარგის ნიშანი.[2]
სული და განსასვენებელი
რედაქტირებასული სხეულს სიკვდილამდეც ტოვებს. მეტიც, სულმა სხეული შეიძლება რამდენიმეჯერ დატოვოს. სულის გარეშე ადამიანი უბედურია, და წარმატებას ვერ აღწევს. მონღოლების რწმენით, სული სხეულს მარცხენა ხელის მეოთხე თითიდან ტოვებს, სწორედ ამიტომ ისინი ამ თითზე ვერცხლის ბეჭედს ატარებენ.[3]
ლამა ასევე განსაზღვრავს განსასვენებელ ადგილს. არსებობს სპეციალური კრიტერიუმები: საბოლოო განსასვენებელი უნდა იყოს მზიან ფერდობზე, რომლის სამხრეთით იქნება მდინარე და ახლომოხალო გზა.[3]
დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე არის „ხელით შეხების” რიტუალი. ძალიან ახლო ნათესავები, რომლებიც იმავე ასტროლოგიურ პერიოდში არიან დაბადებულნი, მიდიან და უსიტყვოდ ხელს ადებენ იდაყვზე. მნიშვნელოვანი რიტუალია სხეულის დანიშვნაც, რათა დაბრუნების შემთხვევაში იცნონ.
ნივთების გატანების ტრადიცია
რედაქტირებამონღოლებს ასევე აქვეთ მიცვალებულისთვის ნივთების გატანების ტრადიცია. ჭირისუფალი მიცვალებულს თავქვეშ უდებს ჩაის შეკვრას, რათა შეთავაზონ დედამიწელ სულებს. აუცილებელია თასის გატანება, რომელიც განთავსებულია თავის გვერდით. თასი სავსეა ხილით, ცირცელით, ხორბლითა და გამომშრალი ყველით, რომელიც დაფხვნილია ნაყოფის თესლივით. ყველაფერი ეს მიჩნეულია არა საჭმელად, არამედ პროდუქტად, რომელიც გაიზრდება. მიღებულია მიცვალებულისთვის სიმბოლოების გატანება, რომელთაც ცხოველების ფორმა აქვთ. თითოეული ცხოველი განსხვავებული ხასიათს განასახიერებს. ამიტომ გატანებული ცხოველის ფიგურა უნდა შეესაბამებოდეს მიცვალებულის ხასიათს. დაკრძლვის შემდეგ ლამა კითხულობს ლოცვებს, და ახლობლებს პატივისცემის ნიშნად მოაქვთ ზემოთ ნახსენები თასები.[4]
უკან დაბრუნება
რედაქტირებადაკრძალვის შემდეგ დამსწრენი სამჯერ შემოუვლიან საფლავს საათის ისრის მიმართულებით. სახლში დაბრუნებისას ჭირისუფალმა არ უნდა გაიხედოს უკან და არც სხვას დაელაპარაკოს. თუ ისინი ცხენით ბრუნდებიან, დეზს კრავენ და ნავარდითა და ხმაურით ბრუნდებიან უკან. სახლში შესვლამდე არსებობს განწმედის ტრადიცია: ცხოველის ექსკრემენტებისგან ანთებენ ცეცხლს და მას ხელს ატარებენ. ცეცხლზე ხელის მოტარების შემდეგ იბანენ ხელ-პირს და სახლში შედიან[5].
მიცვალებულისთვის პატივის მიგება
რედაქტირებასახლში გაშლილია ტრადიციული სუფრა, რომელიც შედეგება რაც შეიძლება მეტი რძის პროდუქტისგან. მიუღებელია ბევრი ალკოჰოლის მიღება. ოჯახის წევრები „ითეთრებენ ხელებს“, საჩუქრების გადაცემით. ნებისმიერი სტუმარი იღებს საჩუქარს, ეს შეიძლება იყოს ასანთი, ნემსი, საპონი, პირსახოცი, რვეული, კალამი, ჩაი, ტკბილეული და ა. შ.[6] საჩუქრების გაცემა არის პატივის მიგებისა და განწმედის გამოვლინება. ისინი ვინც შეეხნენ სხეულს, ვინც ასწიეს ჩასასვენებელი და განსაკუთრებით მანქანის მძღოლი საჩუქრდებიან ფულით. ეს ტრადიციას ხაზს უსვამს იმას, რომ მათ ეს გააკეთეს მიცვალებულისვის პატივის მისაგებად და არა ფულის გამო. სუფრის მსვლელობის დროს ეს ადამიანები საპატიო ადგილებზე სხედან.
49 დღის შემდეგ ტარდება რიტუალი სახელად „მოწყალება ბავშვებს და ძაღლებს“. ახლო მეგობრების, ნათესავების და მეზობლების ბავშვებს იწვევენ და უმასპინძლდებიან ტკბილი ბრინჯით. ასევე ფეტვითა და კუჭმაჭით სავსე თეფშებს უდგამენ ძაღელბსაც.[6]
სამართალი და მისი ტრადიციული საფუძვლები
რედაქტირებამონღოლური სამართალი 4 ნაწილად იყოფა: ზოგადი მონღოლური სამართალი ჩინგიზ ყაენისა და მისი შთმომავლების ეპოქაში, ლოკალური ნაციონალური მონღოლური სამართალი, ჩინური წარმომავლობის ზოგადი კანონი და მონღოლეთს გარეთ არსებული ავტონომიების სამართალი.[7]
საჯარო სამართლის ფუნდამენტური ინსტიტუტები
რედაქტირებამონღოლური სამართალი კლანურ ურთიერთობებზე დამყარებული სისტემის ნათელი ილუსტრაცია.[8] კლანური ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული ინსტიტუტი ადამიანის არსებობის ისტორიაში. თითქმის უნივერსალური იყო იგივე სისტემა აზიაში, ევროპაში, აფრიკაში, ამერიკასა თუ ავსტრალიაში. კლანურმა ორგანიზაციამ საკუთარი თავი გამომაჟღავნა ორი მიმართულებით, მატრიარქატსა და პატრიარქატში. მონღოლებში ეს ყველაფერი პატრიარქალურ ხასიათს ატარებდა, რომელიც შერწყმული იყო მომთაბარეობასთან. რა თქმა უნდა მონღოლი თვისტომნი არ იყვნენ ამ კულტურის ერთადერთი წარმომადგენლები, მაგრამ ყველაზე კარგად ეს ტრადიციები სწორედ მათ შემოინახეს.
გენეალოგია მკაცრად იყო დაცული. მონღოლური კლანი იყო ეგზოგამიური: კლანს შიგნით ქორწინება იყო აკრძალული, ცოლის მოყვნა მხოლოდ სხვა კლანიდან შეიძლებოდა. ამის და გამო ხშირად უწევდათ მოგზაურობა და ზოგჯერ მომავალი ცოლის მოტაცებაც კი. კლანური ურთიერთობების შესანარჩუნებლად ხშირად ხდებოდა იძულებით ქორწინება.
მონღოლების ცხოვრების წესი იყო მკაცრად პატრიარქალური. ძალაუფლება იყო ოჯახის უფროსი კაცის ხელში. თუ ბრძოლაში ვინმე მოკლავდა ქმარს მას შეეძლო მისი ცოლის, როგორც ჯილდოს მიღება. ქმარს შეეძლო ცოლის მიტოვება ან მოკვლა. მამას არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა ვაჟის ცხოვრებაზე. დაოჯახებულ ვაჟებს შეეძლოთ ოჯახის დატოვება და ახალ კერასთან დასახლება.
აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ დროის გასვლასთან ერთად კლანური ურთიერთობები დეგრადირდება და სუსტდება. XX საუკუნეში უკვე მხოლოდ გადმონაშთები შეინიშნებოდა ამგვარი ურთიერთობებისა.
ზემოთ აღწერილი ურთეირთობის სახეები ევროპამ ბევრად უფო ადრეულ ეპოქაში მოიშორა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერმა ევროპელმა ხალხმა განვლო განვითარების იგივე საფეხური. მაგალითად კლანური ურთეირთობები არსებობდა ძველ საბერძნეთში, გერმანიაში, რუსეთში და ა. შ. მაგრამ თუ ევროპაში მსგავსი კავშირები შორეულ წარსულშივე მოისპო, აზიურ ქვეყნებში მეოცე საუკუნემდე გასტანა.[9]
მუსიკა[10]
რედაქტირებაისტორია
რედაქტირებამონღოლური მელოდიის პირველი ტრანსკრიფცია დაახლოებით ორასი წლის წინ განხორციელდა. მონღოლურ სამუსიკო ჟანრს ახასიათებს ერთი თავისებურება, ის ძალიან ინდივიდუალურია. შესაბამისი მუსიკალური პროდუქტი, რომელსაც ქმნიან ცენტრალური აზიის თურქული წარმოშობის ტომები, რომლებიც გარკვეულწილად ახლოს დგანან მონღოლებთან ეთნიკურად თუ კულტურაულად, სრულიად განსხვავდება მონღოლურისგან[11]. ზოგადად მონღოლური ხალხური მუსიკა 2 ჯგუფში ერთიანდება: პირველი - shabrae duun, იგივე სასულიერო, სადამრიგებლო ხასიათის მუსიკა, დამახასიათებელი ბუდისტური მონასტრებისთვის, წმინდა მამებისთვის, მეორე - aidsam duun, ანუ მუსიკა, რომელიც, მონღოლების თქმით უკავშირდება ჩინგიზ ყაენს და არის ისტორიული ხასიათის. გასაკვირია, თუმცა ეს ჯგუფები საკმაოდ შეზღუდულია, მაგალითად, მეორე ჯგუფში მხოლოდ 34 სიმღერა ერთიანდება, პირველში კი - არაუმეტეს 12.
მუსიკალური და პოეზიური საგანძური ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა, ეს სიმღერები სახეშეცვლილია. ერთი მომღერლის მიერ ორჯერ ნამღერი სიმღერაც კი განსხვავდება ერთმანეთისგან, ასე რომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში მონღოლური მუსიკა.
მუსიკალური საკრავები
რედაქტირებამონღოლური მომთაბარე სტილის ცხოვრებისათვის დამახასიათებელია 4 ძირითადი მუსიკალური ინსტრუმენტის არსებობა: გიტარა, ვიოლინო, ციტრა და ფლეიტა. ისინი შედარებით მარტივი ხერხითაა დამზადებული, ადაპტირებულია მათ ცხოვრების წესთან. ამ ოთხი საკრავიდან მონღოლურ მუსიკაში ყველაზე მეტად ფესვები გადგმული აქვს ვიოლინოს, რომლის 2 სახესხვაობაა ცნობილი. ვიოლოინოს წამომავლობა საკმაოდ შეუსწავლელია. ფიქრობენ, რომ ეს ინსტრუმენტი პირველად ჩინეთში გამოჩნდა და ჩინური კულტურის გავრცელებასთან ერთად აზიის სხვა ხალხებშიც გავრცელდა.
უძველეს საკრავადაა მიჩნეული ციტრაც. თითოეული საკრავის თითოეული ნაირსახეობა გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების სიმღერების შესასრულებლად იქნება ეს რელიგიური, სახოტბო თუ სხვა.[12]
რძის ღვინო და სუფრის ტრადიციები
რედაქტირებამონღოლთა კულტურაში უძველესი დროიდან უდიდესი როლი უკავია სასმელს. განსაკუთრებით პოპულარია რძის ღვინო, რომელიც მონღოლთა წვეულებების უმთავრესი ატრიბუტია. მაშინ როდესაც მასპინძელი სტუმარს სთავაზობს ამ სასმელს, იგი ამ ქმედებით მიუთითებს მას, რომ კარგად აფასებს სტუმარს და პატივს მიაგებს იმ საუკეთესო საშუალებით, რისი შეთავაზებაც მასპინძლის ოჯახს შეუძლია სტუმრებისთვის. სამარისებური სიჩუმე ისადგურებს ხოლმე მაშინ, როდესაც მასპინძელი სითხეს ასხავს შავი მოჭიქული ქვის ბოთლიდან მცირე ზომის ვერცხლის თასში. მონღოლეთში წესად ითვლებოდა, რომ ამ დროს სტუმრებს უნდა მოეხადათ ქუდი, ხოლო ყველაზე სახელოვანი, სტუმართაგანი, ან უბრალოდ ყველაზე ხანში შესული, წამოდგებოდა ფეხზე, აიღებდა ხელში თასს, შემდეგ რამდენიმე წვეთ ღვინოს დაღვრიდა კერიაზე, რათა გამოეხატა ის ფაქტი, რომ სწირავდა მსხერპლს ცეცხლისა და ჰაერის ძალებს, ხოლოდ შემდეგ კი დააგემოვნებდა ღვინოს. ამის შემდეგ წოდების ან ასაკის მიხედვით, სხვა სტუმრებიც იგივე წესით მიაგებდნენ ცეცხლისა და ჰაერის ძალებს პატივს და გამოხატავდნენ პატივისცემას მასპინძლების მიმართ. წესად ითვლებოდა, რომ ასეთი ‘’რიტუალი’’ სამჯერ უნდა შესრულებულიყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მონღოლთა სუფრის ძირითადი ტრადიცია შესრულდებოდა, ღვინის სმა გრძელდებოდა ნაკლებად თავშეკავებული წესით.
კუმისი
რედაქტირებამონღოლეთში, ისევე როგორც დანარჩენ ცენტრალურ აზიაში, არსებობს სხვადასხვა სახის გამოხდილი ლიქიორები. მათ შორის ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, კუმისია, რომელიც მზადდება ფაშატის რძით. კუმისი დამზადების პროცესში თავსდება დიდ ტყავის ჩანთებში და ინახავენ მზის გულზე. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მას ინახავენ კარავში და მას ძალიან ხშირად ურევენ. დუღილის პროცესში ხშირად არხევენ ჩანთებს, რათა მისი შემცველობა უკეთესად შეერიოს ერთმანეთს. მიღებულ სასმელს აქვს მჟავე, გამაცოცხლებელი გემო, რაც არის ძალიან სასიამოვნო. კუმისში ალკოჰოლის პროცენტულობა არ აღემატება 2 %-ს. იმისათვის რომ დააჩქარონ სასმლის დუღილის პროცესი, ყოველთვის აქვთ შემონახული წინა დუღილის პროცესიდან უკვე გამზადებული ნადუღი, რომელიც საგრძნობლად აჩქარებს ახალი კუმისის მზადების პროცესს. კუმისი მონღოლეთში აგრეთვე ცნობილია, როგორც ‘’არაკი’’ ან ‘’არიკი’’.
სასმლის დაყენების ისტორია
რედაქტირებაგარკვეული მიზეზების გამო, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სასმელის დაყენების ტექნიკა მომდინარეობს ძველი ინდური კულტურული სამყაროდან. ეს ტექნიკა ინდოეთიდან გავრცელდა დანარჩენ აზიაში ჯერ კიდევ პრიმიტიული საზოგადოებების დროს. ერთი მხრივ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ სასმელის დაყენების ტექნიკის გავრცელება, ინდოეთიდან აღმოსავლეთ თურქმენეთსა და მონღოლეთში, სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბუდიზმმა დაიწყო გავრცელება ინდოეთიდან სწორედ ამავე ქვეყნებში. თუმცა ითვლება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო ამაზე ადრე. დღემდე გაურკვეველია ის ფაქტი, არსებობდა თუ არა ეს ტექნიკა, მანამ, სანამ დამწერლობა გაჩნდებოდა. არსებობს ჩინური წერილობითი წყარო სადაც ნათქვამია, რომ ეს ტექნიკა გავრცელდა ჩრდიოლეთიდან, მონღოლური დინასტიის მმართველობის პერიოდში (ძვ. წ 1367-1280 წწ). ამ წყაროში ასევე წარმოდგენილია ამ ტექნიკის ჩინური ვარიანტის სურათები, რომელიც გვაძლევს დიდ მსგავსებას ჩინურ და მონღოლურ ტექნიკებს შორის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩინეთში დასამზადებელ მასალად იყენებდნენ წებოვან ბრინჯს.
მონღოლთა ტრადიციული სამოსი
რედაქტირებამონღოლები ატარებდნენ ტანისამოსს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც ‘’დილი’’. ეს სამოსი მზადდებოდა ბამბისგან, აბრეშუმისგან და მატყლისგან. ‘’დილის’’ საყელო დაფარული იყო მოკლე ჟილეტით. ქვემოთ, მონღოლები ატარებდნენ სპეციალური სახის ყელიან ფეხსაცმელს, რომელიც, როგორც წესი, იქმნებოდა დეკორატიული დიზაინის მიხედვით. ამ ფეხსაცმლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ თითის წვერებთან ეს ფეხსაცმელი იყო აწეული. გარდა ამ ფეხსაცმლისა, არსებობდა ჩვეულებრივი ფეხსაცმელიც, რომელიც მზადდებოდა ტყავისაგან. ამ ფეხსაცმლით ფეხით სიარული არც თუ ისე ადვილი იყო, რადგან ისინი ძირითადად იქმნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხენით გადაადგილდებოდნენ. ასეთივე ფეხსაცმელები არსებობდა ქალებისთვის. დროთა განმავლობაში, როდესაც მონღულურ კულტურას ბუდისტური კულტურის ინტერპრეტაციები დაემატა, ის განზრახვები, რომლებიც ამოძრავებდა ამ სამოსის შემქმნელთ, თანდათან დავიწყებას მიეცა.
მონღოლური ტრადიციული ქამარი
რედაქტირებამონღოლთა ტანისამოსის განუყოფელ ნაწილად ითვლება ბალთა (იგივე ქამარი), რომელსაც უმეტესწილად იმაგრებდნენ წელზე. ბალთის სიგრძე სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ როგორც წესი, კაცის ბალთის სიგრძე დაახლოებით 15-18 ფუტის (ფუტი არის 0,3 მეტრი) სიგრძე იყო, ხოლო ქალის, 9-12 ფუტი. კაცის ბალთა გადაკეცილი იყო ფართოდ, გასხვავებით ქალისგან, რომლებიც ბალთას შედარებით ვიწროდ იკეცავდნენ. ბალთას მჭიდროდ იმაგრებდნენ წელზე. მონღოლეთში ხშირად ამბობდნენ, რომ სწორედ ეს ბალთა ეხმარებოდა ცხენოსნებს, მონღოლეთის მთიანეთში გადაადგილების დროს, რათა შინაგან ორგანოებს ადგილი არ შეეცვალათ. ბევრი ცრურწმენაც არსებობდა ამ ბალთის შესახებ. მაგალითად, ცუდის მომასწავებლად ითვლებოდა, თუ ბალთას დატოვებდი სადმე შეკრულს. ხოლო ის ადამიანი, რომელიც მას იპოვნიდა აუცილებლად უნდა წასულიყო თავისზე უფროს ადამიანთან და ეთხოვა რომ გაეხსნა იგი. ბალთაზე შესაძლებელი იყო სხვადასხვა ნივთის ჩამოკიდება. მათ შორის, დანის, აგრეთვე მართკუთხა ჩანთის, რომელშიც როგორც წესი, ათავსებდნენ სასმელი წყლის ბოთლებს და სასმლის დასალევ თასს. გარდა ამისა ამ ჩანთაში ინახავდნენ კაჟის ქვასა და ფოლადს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაენთოთ ცეცხლი.
მონღოლური ტრადიციული ქუდი
რედაქტირებასხეულის ზედა ნაწილში, კერძოდ თავზე, მონღოლები ატარებდნენ ოთხმხრიან ქუდს, რომელსაც ჰქონდა მაღალი წვეტი. მონღოლთა კულტურაში თავაზიანობის გამოხატულებაა სახლში შესვლისას ამ ქუდის მოხდა. მონღოლთა სახლში არსებობს ცალკე ადგილი მათი ქუდისთვის, რომლის წინა ნაწილიც, როგორც წესი, სამხრეთით უნდა იყურებოდეს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა წესები, ქუდთან დაკავშირებით. მაგალითად მონღოლთათვის მიუღებელია ქუდების გაცვლა. აგრეთვე მიუღებელია ქუდის სროლა, ან დაგდება ძირს. მიუხედავად მონღოლეთში გავრცელებული წესებისა, რომლებითაც ამზადებდნენ ქუდებს, დროთა განმავლობაში მონღოლეთში შემოდინება დაიწყო ჩინურმა ქუდებმა, რომლებიც ბევრად ნაკლებ ხანს სძლებენ, ვიდრე ნამდვილი მონღოლური ქუდები.
მონღოლ ქალთა სამოსი და ვარცხნილობა
რედაქტირებამონღოლ ქალთა სამოსი, როგორც წესი, ნაკარნახები იყო მათი ოჯახური მდგომარეობით. ქორწინებამდე ახალგაზრდა ქალი ატარებდა ტრადიციულ მონღოლურ ‘’დილს’’, ქამრით. მათი თმა იყო დაწნული და ატარებდნენ მრგვალ ქუდს, რომელსაც ერქვა ტურტსოგი. ქორწინება იწვევდა ქალთა ტანისამოსის ცვლილებას. როდესაც ქალი ინიშნებოდა სასიძოს ოჯახი მას აძლევდა საჩუქრად ტანსაცმელს. შემდეგ, ვინაიდან, მზითევის ფენომენი არსებობდა მონღოლეთშიც უძველესი დროიდან, გოგონას ოჯახი ატანდა მას მზითევს, რომელიც შედგებოდა ტანსაცმლისგან, კერძოდ, დაახლოებით ათი ‘’დილისგან’’. ქორწინების დღეს პატარძალს სვავდნენ ცხენის ზურგზე, მას ეცვა წითელი ტანსაცმელი, სახეც დაფარული ჰქონდა, რათა ვერ დაენახა თუ სად მიდიოდა, რადგან თუკი ოდესმე თავის ახალ ოჯახში იგი თავს არ იგრძნობდა ბედნიერად სახლის გზა არ სცოდნოდა და უკან არ დაბრუნებულიყო. ახალ სახლში მისვლისთანავე პატარძალს აცმევდნენ დახვეწილ ტანისამოსს. თავდაპირველად მას აცმევდნენ პატარძლის ‘’დილს’’. შემდეგ მას აძლევდნენ ტრადიციულ მონღოლურ ქამარს (ბალთას), რაც იყო ნიშანი ცოლის ქმრისადმი მორჩილებისა და რომ იგი იღებდა ვალდებულებას ქმრის წინაშე. აქვე უნდა ითქვას, რომ პატარძლის ტანისამოსი იყო ძალიან მოსახერხებელი ორსულობის დროს. პატარძლის ტანისამოსის შიგნით ქალებს ეცვათ პერანგი, რომელიც იმ სიგრძე იყო, რამხელაც გარე ჩაცმულობა. მას შემდეგ, რაც ქორწინების ცერემონია მორჩებოდა, პატარაძალი თავისი მრგვალი ქუდის ნაცვლად იფარებდა წვეტიან ქუდს, რაც უკვე ნიშანი იყო ქალის ცხოვრების ერთი პერიოდიდან მეორეში გადასვლისა. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია მონღოლ ქალთა თმის ვარცხნილობა, რომელიც ყველაზე მეტად იქცევდა მნახველის ყურადღებას. მკვლევარი ჰენინგი თავისი მოგზაურობისას მონღოლეთში, იკვლევდა რა მონღოლთა უნიკალური ვარცხნილობის განვითარების მიზეზებს, ხუმრობით აღნიშნავდა, რომ მონღოლები არიან ძროხების წინაპრები. ეს იმიტომ, რომ მონღოლი ქალები ცდილობდნენ თმები ძროხის რქებივით გაეკეთებინათ. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია მონღოლ ქალთა ვარცხნილობა ქორწილის დროს. ამ დღეს მათი თმა გაყოფილი იყო შუაზე ორ ნაწილად. ისინი უმეტეს შემთხვევაში იკეთებდნენ ფრინველის ფრთის სახელად ცნობილ თმის ვარხნილობას, რომელსაც, როგორც წესი, ფორმას აძლევდნენ და იჩერებდნენ ცხოველის ქონის საშუალებით. ამავე მიზნით იყენებდნენ თმისსამაგრებს და ძვირფას ქვებს. თმის დარჩენილ ნაწილს, (უნდა ითქვას, რომ მონღოლ ქალებს ჰქონდათ საკმაოდ გრძელი თმა) იწნავდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად სხვადასხვაგვარი ვარცხნილობებისა, მონღოლეთში ქალის სილამაზე განისაზღვრებოდა არა მისი მორთულ-მოკაზმულობის მიხედვით, არამედ მისი თმის სიგრძით.
თანამედროვე მონღოლეთი
რედაქტირებატერიტორია, რომელზეც განლაგებულია თანამედროვე მონღოლეთი მიეკუთვნება უძველეს გეოლოგიურ წარმონაქმნებს მსოფლიოში. ავსტრიელი მეცნიერის, ზუსეს თქმით, ეს ტერიტორია არის ნაწილი არქაული ერისა, როდესაც არ არსებობდა არანაირი სიცოცხლე დედამიწაზე. დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორია მიეკუთვნება პირველყოფილ კონტინენტს.
მდებარეობა
რედაქტირებამონღოლეთი მდებარეობს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. კონკრეტულად კი, 42-52 გრადუსს შორის განედით, ხოლო აღმოსავლეთ გრძედით 88-116 გრადუს შორის. მისი ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრები მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით.
მაქსიმალური დისტანცია ჩრდილოთ და აღმოსავლეთ საზღვრებს შორის მონღოლეთისა არის 1000 ვერსი, ხოლო დასავლეთსა და აღმოსავლეთ საზღვრებს შორის 2500 ვერსი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დღევანდელლი მონღოლეთის ტერიტორია შეადგენს 1/15 რუსეთის ტერიტორიისა. თუკი შევადარებთ მის ორ გიგანტურ მეზობელს, რუსეთსა და ჩინეთს, იგი საკმაოდ პატარა მოგვეჩვენება. ამის მიუხედავად, მონღოლეთის ტერიტორიას თუ მოვათავსებთ აშშ-ს ტერიტორიაზე იგი გადაფარავს მანძილს ქალაქ ვაშინგტონიდან დენვერამდე.
მონღოლურ მთათა სისტემა
რედაქტირებაციმბირის ტუნდრიდან სამხრეთით გობის უდაბნომდე მონღოლეთს მრავალფეროვანი ლანდშაფტი გააჩნია. მთებსა და მთისწინებს ქვეყნის ფართობის 40 % უჭირავს. მონღოლეთის ალთაის მთათა სისტემა, რომელიც ყველაზე გრძელი და მაღალი სისტემაა ქვეყნის ტერიტორიაზე, ფარავს დასავლეთის დიდ ტერიტორიას, გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, იგი მუდამ თოვლითაა დაფარული. აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი ჰუიტენი (ცივი) 4653 მ. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთის ალთაის მთიანეთზე 200-ზე მეტი მყინვარია.
კლიმატი
რედაქტირებამონღოლეთი მოქცეულია ზომიერი სარტყლის სტეპის, ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ზონაში. მისი მდებარეობით აიხსნება მონღოლეთის მკაცრი კლიმატიც. უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების არსებობის გამო ჰავა მშრალია და კონტინენტური. დამახასიათებელია შედარებით მოკლე ზაფხული და გრძელი ზამთარი. ზამთრის დროს ტემპერატურა -40 გრადუსამდე ეცემა.
რომ შევაჯამოთ, თანამედროვე მონღოლეთი, რომელიც არის ჩრდილოეთ კიდე ცენტრალური აზიისა, არის ამაღლებული და ფართო პლატო გარშემორტყმული მთაგრეხილებით, ხოლო მონღოლეთის ტერიტორიის გარკვეული მხარე კი უერთდება გობის უდაბნოს. ქვენიადაგი ავტონომიური მონღოლეთისა ძირითადად მოიცავს გრანიტსა და გნეისს, ხოლო თვითონ ნიადაგი ძირითადად შედგება ქვიშისგან, თიხისგან, ცხიმოვანი ქვიშისგან, ალევიური მიწისაგან, ხოლო უმეტესწილად შავი მიწისაგან. მონღოლეთის ფლორა ძირითადად სტეპური ტყეებისაგან შედგება, ხოლო ფაუნა არც თუ ისე მრავალფეროვანი ეგზემპლიარებისაგან. სწორედ ასეთია ფიზიკური მახასიათებლები ავტონომიური მონღოლეთისა. დანაოჭებული ქვეყანა, საკმაოდ მკაცრი ბუნებითა და მოსაწყენი მონოტონური, თუმცა სახასიათო შეუპოვარი სილამაზითა და თავისებური შარმით.
რელიგია
რედაქტირებამონღოლების ძირითად რელიგიაა ტიბეტური ბუდიზმი, მაგრამ 66-წლიანი კომუნისტური რეჟიმის შედეგად აგრეთვე არიან მნიშვნელობანი რაოდენობის ათეისტებიც. კომუნისტური მთავრობის ზეწოლისა და დევნის შედეგად განადგურდა 90 %-ზე მეტი ბუდისტური ტაძრები და სალოცავები. აგრეთვე იდევნებოდნენ ბუდისტი ბერებიც, მათი ნაწილი სწორედ რელიგიური ნიშნით დევნას შეეწირა. ამ ყველაფრის მიუხედავად ბუდისტი ბერების გავლენა მაინც დარჩა მოსახლეობაში, ხოლო კომუნისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ, 1990 წელს, უმრავლესობა მონღოლების პრაქტიკაში აღდგა ტიბეტური ბუდიზმი. ზოგიერთებში კი დაბრუნდა უძველესი შამანიზმი. თურქულენოვანი მონღოლები, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახლობენ, ღიად ატარებდნენ ისლამს. ამავე პერიოდში ქრისტიანობას და სხვა რელიგიებს ჰყავდათ საერთო მიმდევრებიც, მათი დიდი ნაწილი ახალი თაობის წარმომადგენლები იყვნენ.
ტრადიციული დღესასწაულები
რედაქტირებამიუხედავად მონღოლების განსხვავებული რელიგიური მრწამსისა, მთელი მოსახლეობა აღნიშნავს უძველეს ტრადიციულ დღესასწაულს ნაადამს. ამ ფესტივალის დროს იმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ჭიდაობაში, მშვილდოსნობასა და დოღში. ნაციონალური დღესასწაული აღინიშნება 11-13 ივლისს 1921 წელს ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების აღსანიშნავად.
მონღოლების უმრავლესობა მისდევს ტრადიციულ, მომთაბარე ცხოვრების წესს. ისინი ძირითადად პირუტყვის მოშენებას მისდევენ ქალაქგარეთ დასახლებებში, ყოველწლიურ ციკლში რამდენიმეჯერ იცვლიან საძოვრებს. მათი საცხოვრებელ სახლს იურტა ეწოდება, იგი მოსახერხებელია მომთაბარე ცხოვრებისათვის, რადგან ადვილად შეიძლება მისი დაშლა და სხვა ადგილზე გადატანა. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ურბანულ დასახლებებში, რომლებიც ზაფხულის პერიოდში თავიანთ თავზე ცდიან თუ როგორია მომთაბარე ცხოვრება. ამიტომაც პრაქტიკულად ყველას შეუძლია ცხენზე ჯირითი და სარგებლობა ტრადიციული მომთაბარე დიეტით.
მოსახლეობა
რედაქტირებაცხადია მონღოლეთის მოსახლეობის აღწერა არაერთ გზის ჩატარდა, თუმცა არც ერთი სტატისტიკა არ ყოფილა სწორი და ისეთი, რომელსაც გარკვეულ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დავეყრდნოთ. ხშირ შემთხვევაში ეს სტატისიკები არ ყოფილა შექმნილი რომელიმე კონკრეტული ფიგურის მიერ, არამედ ეს იყო სტატისტიკები, რომელიც შექმნილი იყო მოგზაურთა მიერ და ძირითად შემთხვევაში კი ეფუძნებოდა მათ შთაბეჭდილებებს. თითოეული ავტორის სტატისტიკა ეფუძნებოდა ავტორისეულ ანალიზს და არა კონკრეტულ ანალიზს მონღოლეთის მოსახელობის რაოდენობის შესახებ. სტატისტიკებს შორის განსხვავება მოსახლეობის მიხედვით კი ხშირ შემთხვევაში მილიონებს აღწევდა.
1842 წელს გამოქვეყნდა სტატისტიკური ანალიზი ჩინური იმპერიისა, სადაც ეწერა, რომ მოსახლეთა რიცხვი მონღოლეთისა აღწევდა 3 მილიონს. 40 წლის შემდეგ კი პრჟევალსკიმ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მონღოლეთის მოქალაქეთა რიცხვი 3 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზარდა. ეს სტატისტიკა ასევე დაადასტურეს მ. ი. ბოგოლეპოვმა და მ. ნ. სობოლევმა. შემდეგ კი ცნობილ ინგლისურ გამოცემაში, სახელად „სახელწმიფო მოღვაწეთა წლის წიგნმა“ 1910 წელს ვკითხულობთ, რომ მონღოლთა მოსახლეობა მერყეობს 2 მილიონიდან 6 მილიონამდე. როგორც ვხედავთ, სტატისტიკები სხვადასხვა ავტორებისაგან სხვადასხვას მეტყველებს. თუმცა რეალური რიცხვი მონღოლეთის მოსახლეებისა არის დაახლოებით 540 000. ამ რიცხვს კი დამატებული 105 000 ჩინელი და რუსი წარმოშობის ადამიანი, რომლებიც მონღოლეთში სახლობენ. ამდენად, დიდი ტერიტორიის და მცირე რაოდენობის მოსახლეების გამო სიმჭიდროვე პოპულაციისა არის 0,44 ადამიანი 1 კვადრატულ კილომეტრზე, რაც საკმაოდ მცირე რიცხვია. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის მცირე რაოდენობა გამოწვეულია იმით, რომ მონღოლეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არის უდაბნო, სადაც ადამიანი არ სახლობს.
ეკონომიკური მდგომარეობა
რედაქტირებაეკონომიკა 1991 წლამდე
რედაქტირება1991 წლამდე მონღოლეთი ეკონომიკურად მთლიანად საბჭოთა კავშირზე იყო დამოკიდებული. იმპორტიც და ექსპორტიც საბჭოთა კავშირის კონტროლით მიმდინარეობდა. მონღოლეთისთვის ყველაზე მტკივნეული პერიოდი აღმოჩნდა თავისუფალ სავაჭრო სისტემაზე გადასვლა, რადგან მანამდე სრულად დამოკიდებული იყო საბჭოთა წყობილებაზე. კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში ვითარება დამძიმდა. გაუქმდა საბჭოთა სუბსიდიები, აგრეთვე ქვეყანას დამოუკიდებლად აღარ შეეძლო ვაჭრობა სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთნ. აგრეთვე მძვინვარებდა უმუშევრობა, მოსახლეობა კვების მინიმალურ დღიურ რაციონსაც ვერ იღებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გაჩერებულ ქარხნებზე. ამას დაერთო ინფლაცია და საკვების ნაკლებობა.
1992 წლის კონსტიტუცია, განვითარება კომუნიზმის შემდეგ
რედაქტირება1992 წელს ქვეყანამ ახალი კონსტიტუცია მიიღო. კომუნისტური რეჟიმის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება შემდეგ წლებშიც გაგრძელდა, შედეგად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში არაკომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. მიუხედავად კომუნიზმის საბოლოოდ უარყოფისა ქვეყნისთვის ძალიან რთული იყო დემოკრატიული რეფორმების გატარება. ნელი ტემპით მიმდინარეობდა დემოკრატიისა და კაპიტალისტური იდეების დამკვიდრება ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დაცვით. ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდა, რაც ძირითადად ახალი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების გაჩენამ გამოიწვია. მონღოლეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დადებითი ბიძგი იყო უცხოური ინვესტიციების შემოდინება, ძირითდად ინვესტიციები მოდიოდა ჩინეთიდან. ინვესტიციებმა ქვეყანას საშუალება მისცა აღედგინა საბჭოთა კავშირის დროინდელი ქარხნები, აგრეთვე გაიხსნა ახალი საწარმოებიც. ფაბრიკა-ქარხნებმა გაზარდა საექსპორტო პროდუქციის მოცულობა. თუკი კომუნისტური მმართველობის დროს ქვეყნა ბუნებრივი რესურსებით თითქმის არ სარგებლობდა, ინვესტიციების შემდეგ სამთო მოპოვებას შეუწყო ხელი. მონღოლეთი მდიდარია ოქროთი, ვერცხლით, სპილენძით, ქვანახშირით და ურანით. სწორედ ეს რესურსები ითვლება საექსპორტო მნიშვნელობის პრდუქტებად. მონღოლეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, სწორედ აქ გადის მონღოლეთის საექსპორტო პროდუქციის ნახევარზე მეტი. ამ ქმედებებმა ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა.მიუხედავად ასეთი დადებითი ფაქტორებისა ქვეყნის მოსახლეობაში ცხოვრების დონე დიდად არ გაუმჯობესებულა. ბევრი ადამიანი კარგავს საცხოვრებელ ადგილს ფინანსური მდგომარეობის გამო. აგრეთვე დიდია გადასახადებიც. სოციალურ პრობლემებს ემატება დემოგრაფიული მდგომარეობა. მონღოლეთში მტკივნეულად მიმდინარეობს თაობათა ცვლის პროცესი, რაც მათ შორის დაპირისპირებით გამოიხატება. სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეს ხელს უწყობს საზოგადოებაში გავრცელებული მომთაბარე ცხოვრების წესი, რადგან ბევრი ადამიანი დაკავებულია სწორედ პირუტყვის მოშენებით, რაც ნაკლებად მომგებიანი საქმიანობაა. მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება გასულ წლებთან შედარებით, მაგრამ მაინც დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მიეკუთვნება. შედარებით კარგი სიტუაციაა დედაქალაქ ულან-ბატორში, სადაც პოზიტიური ძვრები შეინიშნება. თუმცა უმუშევრობა აქაც დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს. ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობა. თუკი შევადარებთ მოსახლეობის რაოდენობას ქვეყნის ფართობთან, დავინახავთ, რომ მონღოლეთს ძალიან ცოტა ადამიანური რესურსი გააჩნია. 90-იანი წლების ბოლოს ქვეყნის მოსახლეობის თითქის მესამედი 15 წლამდე ასაკის იყო, აქედან გამომდინარე მცირე რაოდენობის სამუშაო ძალა საშუალებას არ იძლეოდა ეკონომიკური სიმდიდრე შექმნილიყო.
მონღოლეთის ეკონომიკა XXI საუკუნეში
რედაქტირება2000 წლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. უმუშევრობის დონე კი 90-იან წლებთან შედარებით მცირედით შემცირდა. სწორედ 2000 წლიდან იწყება მკვეთრი ზრდა ეკონომიკაში, 2004 წელს მონღოლეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 920 $ იყო და ქვეყანა დაბალშემოსავლიან ქვეყანათა რიგში იმყოფებოდა. 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 4100 $-ს მიაღწია და მონღოლეთი საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს მიუახლოვდა. 2004 წლიდან მოყოლებული მონღოლეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა სიაში მოხვდა. 2004 წლიდან 2014 წლამდე საშუალოდ 9,9 %-ით იზრდებოდა ეკონომიკა. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მონღოლეთს ფისკალური პრობლემები აქვს: მაღალია ინფლაცია, მაღალია ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თუ მონღოლეთი ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს, ეკონომიკური ბუმი კრიზისით დასრულდება. მიუხედავად უარყოფითი მოლოდინებისა არსებობს დადებითი შედეგების მიღწევის გზაც. მონღოლეთის მოსახლეობა ქვეყნის მომავალს ხედავს ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც მრავლად არიან. განათლების სისტემის გაუმჯობესება მისცემს საშუალებას მონღოლეთს, რომ უფრო გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. საბჭოთა პერიოდში მონღოლეთში დიდი ყურადღება ექცეოდა მომთაბარე მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლებას, თუმცა კომუნისტური რეჟიმის გაუქმების შემდეგ დაფინანსება შეუწყდათ სკოლებს, ამიტომაც მრავალი ადამიანი არა მხოლოდ განათლების, არამედ წერა-კითხვის ცოდნის გარეშე რჩებოდა. დღეს, მოსახლეობის 99 % წერა-კითხვის მცოდნეა, აგრეთვე ვითარდება სასწავლო დაწესებულებები. ახალგაზრდები სწავლობენ ისეთ უცხოურ ენებს, როგორებიცაა: ინგლისური, იაპონური, რუსული, კორეული და გერმანული. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ინტერნეტით უზრუნველყოფა, რამაც ცოდნის დონე და ინფორმირებულობა გაზარდა. მონღოლებს მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდების ინტერესები უცხოური კულტურების მიმართ და საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების ერთობლიობა ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს. უნდა ითქვას, რომ მონღოლეთი თავისი მმართველობითა და იდეებით უფრო დასავლური ქვეყანაა ვიდრე აზიური. მონღოლეთში ერთმანეთს ერწყმის ტრადიციული მომთაბარე და ურბანული ცხოვრება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ 3.0 3.1 Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ 6.0 6.1 Humphrey, Caroline. 2002. “Rituals Of Death As A Context For Understanding Personal Property In Socialist Mongolia.” Journal Of The Royal Anthropological Institute 8 (1). London: 65–87. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-023.
- ↑ Riasanovsky, Valentin Aleksandrovich. 1937. “Fundamental Principles Of Mongolian Law.” London: K. Paul, Trench, Trnbner & Co., Ltd. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-005.
- ↑ Riasanovsky, Valentin Aleksandrovich. 1937. “Fundamental Principles Of Mongolian Law.” London: K. Paul, Trench, Trnbner & Co., Ltd. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-005.
- ↑ Riasanovsky, Valentin Aleksandrovich. 1937. “Fundamental Principles Of Mongolian Law.” London: K. Paul, Trench, Trnbner & Co., Ltd. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-005.
- ↑ Riasanovsky, Valentin Aleksandrovich. 1937. “Fundamental Principles Of Mongolian Law.” London: K. Paul, Trench, Trnbner & Co., Ltd. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-005.
- ↑ Emsheimer, Ernst. 1943. “Preliminary Remarks On Mongolian Musical Instruments.” Music Of The Mongols - - Eastern Mongolia. Reports From The Scientific Expedition To The North-Western Provinces Of China Under The Leadership Of Dr. Sven Hedin. Stockholm: Tryckeri Aktiebolaget Thule. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-002.
- ↑ Emsheimer, Ernst. 1943. “Preliminary Remarks On Mongolian Musical Instruments.” Music Of The Mongols - - Eastern Mongolia. Reports From The Scientific Expedition To The North-Western Provinces Of China Under The Leadership Of Dr. Sven Hedin. Stockholm: Tryckeri Aktiebolaget Thule. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ah01-002.