მონაზონი
მონაზონი (ბერძ. μοναχός — სიტყვიდან μόνος „მარტო“) — მამაკაცი თუ ქალი, რომელიც მონაზვნული ცხოვრებით ცხოვრობს.
მონაზვნად აღკვეცის გადაწყვეტილებას ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ იღებს. აღკვეცის დროს მრავალ მოთხოვნას უყენებენ ამ გზაზე შემდგარს. მაგალითად, „განსწმიდე თავი შენი ყოვლისაგან მწიკვლოვანებისა ხორცთასა და სულისა. ჰქმენ სიმდაბლე... უვნებელ იქმენ სოფლისა ამის ჩვეულებისგან, მღვიძარებასა შინა - ნუ მცონარ, საცთურთა შინა - ნუ სულმოკლე, მარხვასა შინა - ნუ უსასო...“ საბოლოოდ კი ყოველივე ეს სამ აღთქმაში იყრის თავს. ესენია მორჩილება, ქალწულება და უპოვარება. სიტყვა „მონაზონი“ ბერძნული წარმოშობისაა. იგი ორი სიტყვისაგან შედგება: „მონოს“ და „ზოინ“. „მონოს“ - მარტოს ნიშნავს, ხოლო „ზოინ“ - ცხოვრებას. მონაზონი არის ადამიანი, რომელიც მარტო მყოფობს, მარტო ცხოვრობს. აქედან წარმოდგება წმინდა ანტონი მარტომყოფელისა და წმინდა დავით გარეჯელის ზედწოდებანი - „გარესჯა“ სოფლიდან გასვლას, სოფლის გარეთ ყოფნას ნიშნავს.
ბერობა განსაკუთრებული მდგომარეობაა.იგი მონაზვნობაზე მაღლა დგას. შეიძლება ადამიანი ისე დაბერდეს მონაზვნად, რომ ვერ მიაღწიოს ბერობის საფეხურს.
თუ ადამიანი სოფელს ყოფითი მიზეზების გამო გაურბის, მისი მიღება მონასტერში არ შეიძლება. თუკი იგი გაურბის რაიმე პასუხისმგებლობას, ის ლაჩარია, მშიშარა კაცი კი ვერც მონასტერში ივარგებს. ადამიანი, რომელიც ერს განსაცდელის გამო ტოვებს, სასოწარკვეთილია, ხოლო სასოწარკვეთილს მონასტერში შეიძლება კიდევ უფრო მეტად წარეკვეთოს სასო და ტრაგიკულადაც კი დაამთავროს სიცოცხლე. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც კაცი მონასტერში განსაცდელს მიუყვანია, შემდეგ მას ამ განსაცდელისთვის თავი დაუღწევია და მონაზონი გამხდარა.
მონაზვნობა საქართველოში
რედაქტირებასაქართველოში მიღებულია აღკვეცის ორი სახე: მცირე სქემაში და დიდ სქემაში აღკვეცა. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე მონასტერში წასვლა არ შეიძლება. ეს თვითნებობაა. ადამიანი უთუოდ უნდა დაეკითხოს მოძღვარს, რომელსაც საკუთარი სული ჩააბარა. მოძღვარმა უკეთ იცის ამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, იცის, მოწოდებულია თუ არა იგი მონაზვნური ცხოვრებისთვის... შემდეგ კი მონასტრის წინამძღვარზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მას. მონასტერში მისულს უწესებენ გამოსაცდელ პერიოდს, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. მონასტრის გამოცდილი წინამძღვარი მალევე მიხვდება, მოწოდებულია თუ არა ეს ადამიანი მონაზვნური ცხოვრებისთვის. როდესაც წინამძღვარი გადაწყვეტს, რომ მისი მონასტერში დარჩენა შეიძლება, შეატყობინებენ მის სულიერ მოძღვარს, რომელიც ერში ჰყავდა და ეს ადამიანი მონასტრის წინამძღვრის მორჩილებაში გადადის. ერში მყოფ მოძღვართან მას უკვე აღარაფერი ესაქმება, რადგან თავისი სული მონასტრის წინამძღვარს ჩააბარა. მონასტერში იგი რამდენიმე ხანს დაყოფს (ამ პერიოდის ხანგრძლივობას მონასტრის წინამძღვარი განსაზღვრავს). შემდეგ მას სამორჩილე კაბას აცმევენ, აძლევენ განსაკუთრებულ მორჩილებას (ტაძრის დალაგება, სატრაპეზოს მოვლა და ა. შ.). როდესაც წინამძღვარი ჩათვლის, რომ მისი აღკვეცა უკვე შეიძლება, გაუწევს რეკომენდაციას ეპარქიის მღვდელმთავრის წინაშე, მისი ლოცვა-კურთხევით კი უკვე კათოლიკოს-პატრიარქს წარედგინება. მხოლოდ ამის შემდეგ აღკვეცენ მონაზვნად ამ ადამიანს. მანამდე იგი არის სამონაზვნე (თუ დედაკაცია) ან საბერო მორჩილი (თუ მამაკაცია). საბერო მორჩილი კაბას და სკუფიას ატარებს, სამონაზვნე კი ლეჩაქს. სამონაზვნეს არ უკურთხებენ მანტიას. არც საბერო მორჩილს ეკუთვნის კუნკულ-ბარტყული და მანტია. სამონაზვნე (საბერო მორჩილი) აღთქმას არ დებს. თუკი სამონაზვნე (ან საბერო მორჩილი) გადაწყვეტს, რომ მონასტერში ცხოვრება მისი საქმე არ არის, შეუძლია განიმოსოს, ერში დაბრუნდეს და ოჯახი შექმნას. როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, იგი ღვთის წინაშე დებს სამი სახის აღთქმას: პირველია მორჩილება ანუ მონასტრიდან გაუსვლელობა, მეორე - ქალწულება, უქორწინებლობა, მესამე - უპოვარება. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაზონს საკუთარი არაფერი გააჩნია. ამ აღთქმათაგან მთავარი მორჩილებაა. პატერიკში უამრავი მაგალითია იმისა, რომ ადამიანი შეიძლება მხოლოდ მორჩილებით ცხონდეს.
აღკვეცის რიტუალი
რედაქტირებათავდაპირველად აღსაკვეცს ეკითხებიან: „რისთვის მოსულხარ?“ იგი პასუხობს: „მსურს განშორება“. კვლავ ეკითხებიან: „ნებითა შენითა მოხვალა?“ პირველ კითხვაზე აღსაკვეცი პასუხობს, რომ თავისი ნებით არის მოსული („ჰე, პატიოსანო მამაო!“), ხოლო დანარჩენ კითხვებზე: „დაადგრებია მონასტერსა შინა განუშორებლად?“ - და ა. შ. პასუხობს, „ჰე, ღვთისა ძალითაო“. ეს იმას ნიშნავს, რომ აღსაკვეცის ერთადერთი და უკანასკნელი სურვილი მონაზვნობაა, ხოლო ამიერიდან იგი ყველაფერს გააკეთებს ღვთის ძალითა და ნებით, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარი ძალით უძლურია. აღსაკვეცს ეუბნებიან შემდეგ სიტყვებს: „შვილო, უკეთუ ერქვანსა ხელი დასდევ და იწყე სლვად გზასა მას, რომელსა მიჰყავს მისლვად სასუფეველსა ღვთისასა, ნურღარამცა უკუღმართ ჰხედავ... და აწ, შვილო, ნურვინ გიყვარან, ნურცა ვის პატივსცემ უფროის ღვთისა...“
მონაზვნობა, რაღა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უარი უნდა თქვას დედაზე, მამაზე, შვილზე და ა. შ. მონაზონს ყველას სიყვარული მართებს. თუკი, დავუშვათ, მონაზვნის საპატრონოა უძლური დედა ან მამა, განა ღვთის წინაშე სათნო იქნება მათ მიმართ უყურადღებობა?! სახარება გავიხსენოთ; შეკითხვაზე: „რითი ვცხონდე?“ - მაცხოვარი პასუხობს, რომ ორი უმთავრესი მცნება უნდა დავიცვათ: შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა შენითა და შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. აღკვეცისას წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ იმას გვავალებს, რომ ღმერთზე მეტად არავინ გვიყვარდეს. თუ მონაზვნობა და ქრისტესთვის მარტომყოფობა გადაწყვიტე, მაშინ ნუღარ მიხედავ სოფელს. ის დასრულდა. როდესაც სახარებაში მოციქული ეუბნება მაცხოვარს, მამა მყავს დასამარხიო, იესო პასუხობს: „აცადეთ მკვდარნი დაფლვად თვისთა მკვდართა“. დაანებე ამა სოფლის საზრუნავს თავი, მას სხვები მიხედავენ; სახნავი, რაც იქ იყო, დატოვე; აქ ახალი სახნავი გელოდება, რათა წაადგე შენს ერს და სათნო ეყო ღმერთს.მონაზვნობა მეორე ნათლისღებაა. მონათვლისას ადამიანს უსათუოდ თეთრ კვართს აცმევენ. ეს მის სულიერ მდგომარეობას, ხელახალ შობას გამოხატავს. მონაზვნობაც, ფაქტობრივად, ხელახალი ნათლისღება და შობაა. თეთრი პერანგი ნიშნავს იმას, რომ აღსაკვეცი ღვთის წინაშე შიშველია, ახალდაბადებული, ხოლო იატაკზე დაწვენა და წამოდგომა - გარდაცვალებას და მკვდრეთით აღდგომას. ეს სამგზის ხდება. გავიხსენოთ, რომ ნათლისღების დროსაც სამგზის ხდება წყალში შთაფლვა წმინდა სამების სახელზე. ეს განასახიერებს სამი დღის განმავლობაში მაცხოვრის საფლავში ყოფნას და იმის სიმბოლოა, რომ ძველი ადამიანი მოკვდა. ჯვარის სახედ დაწვენა კი იმას გვახსენებს, რომ მხოლოდ ჯვარშია ჩვენი ხსნა და ცოდვები ჯვრით მოგვეტევება. მონაზვნობა განსაკუთრებული ჯვარის ტვირთვაა. თითქმის ყველა საიდუმლოში აუცილებლად მონაწილეობს ხელისმომკიდე: ნათლისღებაში - მიმრქმელი, ქორწინებაში - მეჯვარე. მონაზვნობა არ არის შვიდ საიდუმლოთაგანი, მაგრამ წმინდა მამები მას „საიდუმლოთა საიდუმლოს“ უწოდებენ, იმიტომ, რომ აქ ადამიანი ხელახლა იბადება სულიერად. ისევე როგორც მიმრქმელმა უნდა ასწავლოს თავის მონათლულს ქრისტიანულად ცხოვრება, ასევე ხელისმომკიდე ახალაღკვეცილ მონაზონს უნდა დეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.მაკრატელი ადამიანის ამქვეყნიურ საქმიანობას, ხელსაქმეს უკავშირდება. მისი გადაგდებით მოძღვარი კიდევ ერთხელ შეახსენებს აღსაკვეცს, რომ იგი შორდება ამქვეყნიურ ცხოვრებას. აღსაკვეცმა მაკრატელი უკან უნდა დააბრუნოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს ის ეტაპია, როდესაც იგი უკანასკნელად უნდა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა მონასტერში. თუ მაკრატელს აღარ დააბრუნებს, ეს ნიშნავს, რომ მან უარი თქვა მონაზვნობაზე და მას შეუძლია, უკან, ერში დაბრუნდეს, მაგრამ თუ სამივეჯერ დააბრუნა, ის მონასტერში რჩება და ამ მაკრატლით თმას კვეცენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მაცხოვარმა იგი დანიშნა, თავისი ბეჭედი დაადო. ამ ლოცვებით აღმკვეცელი აღსაკვეცს შეახსენებს: ძალას არავინ გატანს, ეს გზა შენი ნებით აირჩიე და თუ აირჩიე, მაშინ კეთილი ინებე და კეთილად ემსახურე შენს საქმესო. სამოციქულოს საკითხავში კი ნათქვამია, რომ აქ ბრძოლა მიმდინარეობს არა ხილულ, არამედ უხილავ მტერთან, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, ებრძვის ადამიანს. ლოცვებში აღმკვეცელი შესთხოვს უფალს, მოხედოს და შეეწიოს ახალშემომატებულ ძმას ან დას.
საბეჭური ტილოზე ამოქარგული ჯვარია. აქვეა გამოსახული ჯვარცმის ელემენტები: ლურსმანი, ჩაქუჩი, მამალი, რომელმაც პეტრე მოციქულს მაცხოვრის სამგზის უარყოფა ამცნო. და რაც მთავარია, საბეჭურზე ამოქარგულია სიტყვები: „საწერტელნი უფლისა ჩემისა იესო ქრისტესნი ბეჭთა ჩემთა ზედა მიტვირთავს“. ეს ნიშნავს, რომ მონაზონი ნებით იტვირთავს ვნებას, რომელიც მაცხოვარმა ჯვარზე განიცადა. საბეჭურს მონაზონი მთელი სიცოცხლე ატარებს.
მანტია ერთგვარი სუდარაა, რომელიც გამუდმებით შეახსენებს მონაზონს, რომ ის ამ სოფლისთვის მკვდარია. ამავე მანტიაში წარიგრაგნება მონაზონი, როდესაც გარდაიცვლება. კუნკულ-ბარტყულიც კუბოს განასახიერებს. ადრე მონაზონს მანტიაში წარგრაგნილს, კუნკულ-ბარტყულით, კუბოს გარეშე კრძალავდნენ აკლდამაში.
სანდლები მონაზონს ეძლევა „ჭეშმარიტების გზაზე წარსამართებლად“. სკვნილი მონაზვნის ბეჭედია. როგორც სასიძო - პატარძალს, ასევე ნიშნავს უფალი თავისი ბეჭდით მონაზონს, ოღონდ ეს სულიერი ქორწინებაა. სკვნილზე მონაზონი იესოს ლოცვას ამბობს.
როდესაც მონაზონს სანთელს აძლევენ, ასეთ სიტყვებს ეუბნებიან: „ჰრქუა უფალმან, ესრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. სანთელი სიმბოლურად ადამიანის წვას განასახიერებს. როგორც სანთელი იწვის, ასევე უნდა იწვოდეს მონაზონი ღვთის სიყვარულში.
როდესაც ჯვარს აწვდიან, იკითხება შემდეგი სიტყვები: „თქუა უფალმან, უკეთუ უნდეს ვინმეს შემოდგომა ჩემი, უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე“. ჯვრის ტვირთვა ქრისტეს გზაზე შედგომას ნიშნავს.
დიდ სქემაში აღკვეცისას მონაზონი იმავე აღთქმას დებს, რასაც მცირე სქემაში აღკვეცისას.