ნინო ამილახვარი
იღუმენი ნინო (ერობაში ანა ამილახვარი; დ. 16 იანვარი, 1816, გორის მაზრა, საამილახვრო ჭალა — გ. 30 დეკემბერი, 1904) — ქართველი სასულიერო მოღვაწე.
იღუმენი ნინო | |
---|---|
ნინო ამილახვარი | |
ეპარქია | მცხეთა-თბილისის ეპარქია |
ეკლესია | სამთავროს მონასტერი |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ანა ამილახვარი |
დაბადების თარიღი | 16 იანვარი, 1816 |
დაბადების ადგილი | გორის მაზრა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 დეკემბერი, 1904 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მცხეთა, რუსეთის იმპერია |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | ქრისტიანობა |
კანონიზაციის თარიღი | 22 დეკემბერი, 2016 |
მშობლები ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მამიდამ, მონაზონმა ნინო ამილახვარმა ითავა, რომელიც მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო და ბუნებრივია ძმისწული მონასტრული წესით აღზარდა. 1839 წელს მამიდა გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა მორჩილმა მონასტერი არ მიატოვა. იგი მონაზვნებს საკუთარი ხარჯით აცხოვრებდა და წმინდა წერილსა და ხელსაქმეს ასწავლიდა.
2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იღუმენია ნინო წმინდანად შერაცხა.[1]
მონასტრული ცხოვრება
რედაქტირებათავადის ასული ანნა ამილახვარი (მომავალში მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო) სამთავროში იმ დროს მივიდა, როდესაც საქართველოში თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი დახურული იყო. სამთავროს მონასტერი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო გაფორმებული, ხოლო საეკლესიო ქონება - განიავებული. თითქმის ორმოცწლიანი მმართველობის განმავლობაში ნინო ამილახვარმა შეძლო სამთავრო ექცია საქართველოს დედა-მონასტრად, მისი წინამძღვრობის პერიოდი კი, მონასტრის ისტორიაში „ოქროს ხანად“ შერაცხულიყო.
ნინო ამილახვრის ცხოვრება ადრეულ წლებშივე მჭიდროდ დაუკავშირდა მონასტერს. იგი დაიბადა 1815 წლის 26 იანვარს ქალაქ გორის სოფელ საამილახვრო ჭალაში. ადრე დაობლებულის აღზრდა მამიდამ, მცხეთის წმიდა ნინოს დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა ითავა. დედა ნინომ პატარა ანას მონასტერში საღმრთო წერილი შეასწავლა, მონასტრულად გაზარდა. ანა ამილახვარი მამიდის გარდაცვალების (1839 წლის 11 თებერვალი) შემდეგაც არ განშორებია მონასტერს; იგი აგრძელებდა მონოზვნებისთვის წმინდა წერილისა და ხელსაქმის შესწავლას და როგორც ერთ–ერთი საისტორიო წყარო მოგვითხრობს, „მონოზვნებმაც ძალიან შეიყვარეს იგი, რადგან ანა ამილახვარი იყო მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ჭირში და ლხინში, მაგალითი კეთილმსახურებისა, სიმშვიდისა და გამწვრთნელ–განმანათლებელი მათი გონებისა“.
მამიდის გარდაცვალების (1839 წლის 11 თებერვალი) შემდეგაც არ განშორებია მონასტერს; იგი აგრძელებდა მონოზვნებისთვის წმინდა წერილისა და ხელსაქმის შესწავლას და როგორც ერთ–ერთი საისტორიო წყარო მოგვითხრობს, „მონოზვნებმაც ძალიან შეიყვარეს იგი, რადგან ანა ამილახვარი იყო მათი დამრიგებელი და ხელმძღვანელი ჭირში და ლხინში, მაგალითი კეთილმსახურებისა, სიმშვიდისა და გამწვრთნელ–განმანათლებელი მათი გონებისა“.
მაღალი ზნეობითა და სათნოებებით გამორჩეული ანა ამლახვარი 40 წლის ასაკში (1855 წლის 19 ივნისს) აღიკვეცა მონოზვნად სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში, ნინოს სახელით. როდესაც ეგზარქოსმა იგი ერთ–ერთ დასთან ერთად შტატში აიყვანა, ნინო ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის, ხელფასზე კი თავაზიანი უარი თქვა: „...ნიადაგ თითქმის შეპყრობილ უძლურებითა, არ ძალმიძს აღსრულება მონასტრულის სამსახურისა თანასწორ სხვათა დათა თანა. ამა მიზეზით სინდისი არ მაძლევს ნებას განცხადებად თანხმობისა მიღებასა ზედა მასსა“. 1863 წელს მონაზონ ნინოს წმინდა ნინოს მონასტრის გამგებლობა მიანდეს. იმ დროს მონასტერს ძალიან უჭირდა, ეკლესიას შეკეთება სჭირდებოდა. ნინომ მაშინვე ტაძრისა და მონასტრის რესტავრაციაზე დაიწყო ზრუნვა. ეგზარქოსის ნებართვით ნინომ მთელი თბილისი, მოზდოკი, პიატიგორსკი, ახალციხე და აბასთუმანი მოიარა და ქველმოქმედი ქრისტიანებისგან შემწეობა ითხოვა. შეგროვილი შემოწირულებით მან მონასტერი გაამშვენიერა, ტაძრისთვის კი საეკლესიო და სამღვდელმსახურო ნივთები შეიძინა.
იღუმენია ნინო სამთავროს მონასტრის რიგით მეოთხე წინამძღვარი (დადგინდა 1863 წლიდან) და მესამე იღუმენია იყო. ისევე როგორც მისი წინამორბედნი, იღუმენია ნინოც დიდად ზრუნავდა მონასტრის აღდგენა–გამშვენებისთვის. მის მიერ განახლდა „მაყვლოვანში“ წმიდა ნინოს მინიატურული ეკლესია, აიგო წმინდა ნინოს გუმბათიანი ტაძარი, აშენდა კარიბჭე. გაპარტახებული მონასტრის აღსადგენად ვის აღარ უხმობდა წინამძღვარი. ერთ-ერთი მინისტრისადმი მიწერილ წერილში, იგი ბრძნულად მოუწოდებს მთავრობას კულტურული სიწმინდეების გადასარჩენად: „მონასტერი არის არა მარტო ქართველ მონოზონთა თავშესაფარი-სავანე, არამედ ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლი ქართველი ერის ქრისტიანიზაციისა და ამიტომ მისი სათანადო მოვლა და დაცვა უნდა შეადგენდეს არა მხოლოდ წმიდა სარწმუნოებრივ საქმეს. ქართველი ერის წარსულის დიდებული სახელით კიდევ მოგმართავთ, დაიცავით ეს ისტორიული ღვაწლშემოსილი შესანიშნავი არქეოლოგიური ნაშთი. ნუ დაუშვებთ, რომ ადგილი, სადაც 1600 წლის წინათ ქართველთ განმანათლებელმა წმიდა ნინომ პირველად დადვა კერა მაყვლის ბუჩქნარში, რომლიდანაც შემდეგ მოეფინა ქრისტიანობის ნათელი უკუნეთში მყოფ საქართველოს, გადაიქცეს ძღარბთა და ქვემძრომთა საყოფელად“.
1866 წელს მონასტერში იღუმენიას მეცადინეობით დაარსდა დედათა სასწავლებელი, რომლის მმართველი და „პირველი წევრი რჩევისა“ თავად იყო. 1879 წელს განაახლა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, 1883 წელს დედათა მონასტრის ტაძრის გუმბათი განაახლა და ეკლესია გადახურა, ხოლო მოგვიანებით მთავარი ტაძრის კედლებიც შეაკეთა.
იღუმენია ნინო ამილახვრის წინამძღვრობის პერიოდში მონასტერში განსაკუთრებით მოწესრიგებული იყო საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა. სამონასტრო წესრიგის დამყარებისა და სამთავროში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობაზე ზრუნვისათვის უწმიდესმა სინოდმა ნინო ამილახვარი ოქროსჯვრიანი ბეჭდით დააჯილდოვა; 1865 წელს კი იღუმენიას ხარისხი ებოძა. ორი ჯვრის მატარებელი იღუმენია ნინო ამილახვარი თავისი დროის ტიტულოვანი დედაა დაჯილდოვებული ძვირფასი თვლებით შემკული კაბინეტის ჯვრით; 1883 წელს კი, ომში დაჭრილებისადმი გაწეული მზრუნველობისათვის - წითელი ჯვრით. იღუმენია ნინო ამილახვარი საქართველოს დიდი და სახელოვანი დედების საქმის ღირსეული გამგრძელებელია.
იღუმენია ნინოს მეცადინეობითა და რუსეთის უწმიდესი სინოდის ბრძანებით, 1866 წლის 20 იანვარს სამთავროს დედათა მონასტერში სასულიერო წოდების გოგონათა სასწავლებელი გაიხსნა. მოგვიანებით, მცხეთიდან დედათა სასწავლებელი გადაიტანეს, წინამძღვარმა კი მის ნაცვლად მონასტერში დედათა სკოლა დააარსა.
სასწავლებელმა სამაგალითო წესრიგით იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. „ბევრ ქართველ ქალს მიეცა ამ მონასტრის ქალთა სასწავლებელში ნამდვილი ქრისტიანული აღზრდა, დარბაისლური მიმართულება, რიგიანი განათლება, ცოდნა მშვენიერი ხელსაქმისა და მოუმზადა ჩვენს ქვეყანას შეგნებულნი მშობელნი, ჭეშმარიტნი დედანი“, - ბრძანებს იაკობ გოგებაშვილი სამთავროს სკოლის შესახებ. სასწავლებელში საქართველოს მომავალი დედები ეუფლებოდნენ: საღვთო სჯულს, ეკლესიის ისტორიას, საქართველოსა (ვრცლად) და რუსეთის (მოკლედ) ისტორიასა და გეოგრაფიას, ქართულ და სლავურ საეკლესიო გალობას, ხელსაქმეს, - ყველაფერს, რაც მათ ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდათ.
1890 წლის 2 ოქტომბერს ქართველმა საზოგადოებამ იღუმენია ნინოს მოღვაწეობის 25 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მცხეთის დედათა სავანეში გაიმართა. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო. წირვა აღასრულა ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა, არქიმანდრიტ კესარიოსისა და მღვდელ–მონაზონ ლეონიდე ოქროპირიძის თანამწირველობით. ცნობილია ამ დღეს მღვდელ–მონაზონ ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგება, რომელშიც ზუსტად იყო გადმოცემული იღუმენიას ღვაწლი.
იღუმენია ნინო იყო არა მარტო სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი, არამედ ქართველ ქალთა არაერთი თაობის აღმზრდელი და მათთვის კეთილი მაგალითის მიმცემი.
იღუმენია ნინო 1904 წლის 30 დეკემბერს 88 წლის ასაკში აღესრულა და დაიკრძალა წმინდა ნინოს მაყვლოვანთან თავისივე აგებულ ეკლესიაში. კომუნისტების დროს ეს ტაძარი დაინგრა და დღეს შემორჩენილია მხოლოდ ტაძრის იატაკი და საძირკველი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1883 — წითელი ჯვრის ორდენი, მეომრების დახმარებისთვის
- 1880 — ძვირფასი თვლებით გამშვენებული ჯვარი, წმ. ნინოს ეკლესიის განახლება
- 1865 — ოქროს ჯვარი, მცხეთის დედათა მონასტრის განახლება
ლიტერატურა
რედაქტირება- XVIII– XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა : ლუარსაბ ტოგონიძე, გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, „ალილო“, 2012
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იღუმენია ნინო ამილახვარი ბიოგრაფიულ ლექსიკონში
- იღუმენია ნინო დაარქივებული 2021-03-02 საიტზე Wayback Machine. Samtavro.ge-ზე
- იღუმენი ნინო კარიბჭეში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი (22.12.2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11.06.2018. ციტირების თარიღი: 31.01.2018.