მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი
მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტი — მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი საქართველოში, ტრადიციულად, საქართველოს პირველ რესპუბლიკამდე არსებობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტის ნორმატიული რეგლამენტაცია.
საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 24 სექტემბერს „მომრიგებელ მოსამართლეთა ინსტიტუტის“ შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც ორი თავისა და 20 მუხლისაგან შედგება. კანონით მოწესრიგებული იყო მომრიგებელ მოსამართლეთა იურისდიქცია, მათი არჩევისა და დანიშვნის წესი. გარდა ამისა, დაწესებულ იქნა საპატიო მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობა. ამ კანონით გაუქმდა სოფლის სასამართლოები და ყველა დაუმთავრებელი საქმე გადაეცა მომრიგებელ მოსამართლეს. გათვალისწინებულ იქნა მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი როგორც ქალაქებში, ისე მაზრებში. თბილისში არსებობდა ცალკე სამომრიგებლო ოლქი. უმაღლეს სამომრიგებლო ინსტანციად დადგინდა მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობა. საქართველოს სენატის 1920 წლის 3 აპრილის საზოგადო სხდომაზე დაადგინეს, რომ სოფლის სასამართლოების განაჩენებზე საკასაციო საჩივრები გადაეცეს აპელაციის წესით მომრიგებელ მოსამართლეთა ყრილობებს. თბილისში და სხვა ქალაქებში (მათ შორის ერთ სამომრიგებლო ოლქად იყვნენ გაერთიანებულ ქალაქებში) მომრიგებელ მოსამართლეებს ირჩევდა ქალაქის საბჭო, ხოლო სამომრიგებლო ოლქებში — მაზრის (ოლქის) საერობო კრება (ერობების არჩევამდე ეს უფლებამოსილება დროებით იუსტიციის მინისტრს გადაეცა). საქართველოს სენატის 1919 წლის 29 ივლისის დებულების 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, ერობისა და ქალაქის თვითმართველობათა მიერ არჩეული მომრიგებელი მოსამართლის დამტკიცება სენატის ფუნქციებში შედიოდა. გარდა ამისა, მომრიგებელი მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა ან მისი გათავისუფლება, ორ თვეზე მეტი ვადით, სენატის კომპეტენცია იყო.
კანონით განისაზღვრა მომრიგებელ მოსამართლეთა კანდიდატებისათვის წაყენებული შემდეგი მოთხოვნები; 25 წელი, უმაღლესი ან საშუალო განათლება (განსაკუთრებულ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც პირი ინიშნებოდა მოსამართლედ უმაღლესი ან საშუალო განათლების გარეშე), გარდა ქართულისა, იცოდა ის ენა, რომლითაც უბნის უმრავლესობა ან მნიშვნელოვანი უმცირესობა საუბრობდა. დაუშვებელი იყო პირის დანიშვნა მომრიგებელ მოსამართლედ, თუ მისი საქმე გამოძიებაში იყო, ან მის მიმართ არსებობდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, თუ ის სასამართლოს მიერ სამსახურიდან იყო დათხოვნილი, ან შეუძლებელ მოვალედ (თანამედროვე ენით - „ვალაუვალად“) იყო გამოცხადებული, თუ მფლანგველობის გამო მზრუნველის ქვეშ იმყოფებოდა. მომრიგებელ მოსამართლესთან საქმისწარმოება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქართულ ენაზე. თუმცა კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, იმ სამომრიგებლო უბანში, სადაც უმრავლესობა არაქართული იყო, საქმისწარმოება შეიძლებოდა უბნის უმრავლესობის ენაზე, მაგრამ ოფიციალურ ტექსტად მაინც ქართული ტექსტი მიიჩნეოდა. მომრიგებელი მოსამართლეები, ისევე როგორც სხვა სასამართლოები, იყენებდნენ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს მიღებულ კანონმდებლობას სამოქალაქო და სისხლის სამართლის დებულებათა და წარმოებათა შესახებ. აღნიშნული კანონით, მომრიგებელ მოსამართლეს ექვემდებარებოდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები. თუმცა მოსამართლე შეზღუდული იყო და მას უფლება არ ჰქონდა, ყველა კატეგორიის საქმეები განეხილა. მაგალითად, „მომრიგებელ სასამართლო დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების“ შესახებ საქართველოს პარლამენტის 1919 წლის 30 იანვრის კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, მომრიგებელ მოსამართლეს ექვემდებარებოდა ისეთი დანაშაულებანი, რომელთათვის არ იყო გათვალისწინებული უფლების აყრა, ანუ შეზღუდვა. კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმესთან ერთად არსებული სამოქალაქო საჩივარი, რომელიც ზარალის ანაზღაურებისათვის ოთხი ათას მანეთზე მეტს ითვალისწინებდა, არ შედიოდა მომრიგებელი მოსამართლის იურისდიქციაში. მომრიგებელი მოსამართლის კომპეტენციები გაფართოვდა, ასევე, „მომრიგებელ სასამართლოს დაწესებულებათა ქვემდებარეობის გაფართოების“ შესახებ საქართველოს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის კანონით. ძირითადად სასჯელთა წესდებამ განიცადა ცვლილება და გაიზარდა ჯარიმების ოდენობა. მომრიგებელი მოსამართლე საქართველოს სენატის (უმაღლესი სასამართლო) კონტროლს (რევიზიას) ექვემდებარებოდა (საქართველოს სენატის 1919 წლის 29 ივლისის დებულების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად). მაგალითად, საქართველოს სენატის წევრ ი. ჯაფარიძის მიერ საქართველოს სენატისთვის გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას ჩაუტარებია ახალციხის მაზრის სამომრიგებლო სასამართლოს რევიზია, რის შედეგადაც გამოურკვევია, რომ მომრიგებელ მოსამართლეს არაერთგზის ჩაუდენია კორუფციული დანაშაული. 1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულებით გააუქმა თბილისის საობლო სასამართლო და ყველა ის საქმე, რომელიც ამ სასამართლოს იურისდიქციაში შედიოდა, დაექვემდებარა მომრიგებელ მოსამართლეს. 1919 წლის 27 მაისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც მომრიგებელი მოსამართლის კომპეტენციებს ეხება. კანონის მე-2 და მე-3 მუხლების მიხედვით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, ყოფილი რუსეთის იმპერიის ყოველ ქვეშევრდომს შეეძლო საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ამ საკითხს მომრიგებელი მოსამართლე განიხილავდა და გასცემდა მოქალაქეობის შესაბამის მოწმობას. მომრიგებელი მოსამართლის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი დაფიქსირდა საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 29 ივლისს მიღებულ კანონში „საქართველოს სენატის დებულების შემოღებისა“, რომლითაც ცვლილებები შევიდა „სასამართლო დაწესებულებათა დებულებაში“, კერძოდ მის 431-ე მუხლში, რომელიც შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მომრიგებელ-მოსამართლეს, მათ ყრილობათ, ოლქის სასამართლოს, სასამართლო პალატას და სენატს“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 283.