მიხეილ ბუზოღლი (დ. 1879)

მიხეილ ვართანის ძე ბუზოღლი (დ. 1879, სოხუმი, — გ. 1959, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, ინჟინერ-მშენებელი, წარმოშობით სომეხი.

დაიბადა ოსმალეთიდან ლტოლვილი სოხუმელი ვაჭრის და ხე-ტყის მრეწველის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით 1909 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმში, ქუთაისში და სხვ. 1918 წლიდან ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. 1927 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1945–1949 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტურული დაგეგმარებითი განყოფილების უფროსი.

ძირითადად აპროექტებდა სამრეწველო და საკურორტო ნაგებობებს. ბუზოღლის ძირითადი ნამუშევრებია: ჩაის ფაბრიკები ჩაქვში (1927), ზუგდიდში (1931), „სახკინმრეწვის“ ფაბრიკა–ატელიე (1931) თბილისში, საკურორტო სასტუმროები ახტალაში (1932), წყალტუბოში (1935), მენჯში (1935), ფიზიოთერაპიული კომპლექსები და სამკურნალო აბაზანები ბორჯომში (1930), წყალტუბოში (1930), მენჯში (1937) და სხვ. ავტორია კურორტების ქობულეთის (1930), ბორჯომის (1940) დაგეგმარებითი პროექტებისა. ცოლად ჰყავდა მუსიკოსი და პედაგოგი ნადეჟდა ბუზოღლი. არქიტექტორი იყო ასევე მათი შვილი მიხეილ ბუზოღლი.

ლიტერატურა რედაქტირება