ნადეჟდა ბუზოღლი
ნადეჟდა ივანეს ასული ბუზოღლი (ქალიშვილობის გვარი აბაშიძე) (დ. 28 აგვისტო, 1888, ქუთაისი, — გ. 20 თებერვალი, 1976, თბილისი) — ქართველი პედაგოგ-ვოკალისტი. პროფესორი (1963), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960).
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგ გ. კირილოვას კლასი, 1927). 1938–1944 წლებში მუშაობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგად, 1944 წლიდან — თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. მისი მოწაფეები იყვნენ: ლ. გოგლიჩიძე, ე. აფხაზავა, გ. გაჩეჩილაძე, ნ. ქაჯაია, ნ. მიქელაძე, ა. გიგოლაშვილი და სხვ. ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ხასიათის ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში“ (თბილისი, 1959, რუსულ ენაზე).[1]
ნადეჟდა აბაშიძე დაქორწინებული იყო არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლიზე. ჰყავდათ ორი შვილი — მიხეილი (არქიტექტორი) და ალექსი (ინჟინერი, მსახიობ დოდო ჭიჭინაძის ქმარი). ხანგრძლივი მეგობრობა და სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა ზაქარია ფალიაშვილთან,[2] რომელმაც ნადეჟდას მიუძღვნა ოპერები „დაისი“ და „ლატავრა“, რომანსები „რისთვის მიყვარხარ“ (ილია ჭავჭავაძის ლექსზე), „ნანა“ (ილია ჭავჭავაძის ლექსზე), პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსათვის.[1] ნადეჟდა ბუზოღლის და ფალიაშვილს ჰყავდათ შვილი — კომპოზიტორი ოთარ გორდელი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ლორია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 490.
- ↑ 2.0 2.1 ბუზუკაშვილი, მარინა. ფალიაშვილის გახსენება. „პირველი არხი“. 4 სექტემბერი, 2020.