ფრინველთა მიმოფრენა

(გადამისამართდა გვერდიდან მიმომფრენი ფრინველები)

ფრინველთა მიმოფრენაფრინველთა პოპულაციების ან მათი ნაწილის პერიოდული (ყოველწლიური), მეტ-ნაკლებად შორეული ადგილგადანაცვლება ბუდობის ადგილიდან ზამთრობის ადგილისაკენ, რომლის დროსაც ფრინველთა ნაწილი მაინც უკან ბრუნდება.

ფრინველთა მიმოფრენა

ფრინველთა მიმოფრენა საშუალებას აძლევს ფრინველს გამრავლდეს თაობათა მანძილზე შეგუებულ საბუდარ ტერიტორიაზე, რომელიც სხვა სეზონებში (ჰავის სეზონური ცვლილებების გამო) საცხოვრებლად გამოუყენებელია. ფრინველთა მიმოფრენა მემკვიდრულად განმტკიცებული თვისებაა, რომელიც წარმოიქმნა სახეობის განსახლებისას ახალი ტერიტორიაზე ან საბუდარ ტერიტორიაზე საარსებო პირობების შეცვლის შედეგად. ამის გამო პოპულაციის ერთი ნაწილი შეიძლება იყოს გადამფრენი, მეორე კი — მობინადრე.

ფრინველთა მიმოფრენის სიშორე დამოკიდებულია მათი ცხოვრების ნირზე, ეკოლოგიაზე: ფრინველები, რომლებიც მარცვლოვნებით იკვებებიან, უფრო ახლოს მიფრინავენ; რომლებიც მწერებს ჭამენ — უფრო სამხრეთით, წყალმცურავნი კი — გაუყინავი წყალსატევეებისაკენ და ა.შ. ყველაზე შორს — ანტარქტიკაში მიფრინავენ არქტიკაში მობუდარი პოლარული თევზიყლაპიები. ზოგიერთი ფრინველის დედლები მამლებზე უფრო სამხრეთით ზამთრობენ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა და კვების ფაქტორმა შეიძლება დააჩქაროს ან გაახანგრძლივოს ფრინველთა მიმოფრენა, რასაც თან ახლავს ფრინველებში ცხიმის დაგროვება, განსაკუთრებული ბიოლოგიური რიტმების რიტმების გაჩენა, გუნდური მოძრაობა და სხვა.

გაზაფხულზე ფრინველთა მიმოფრენის დაწყების სიგნალია დღის გახანგრძლივება. ფრინველთა მიმოფრენის მიმართულება განპირობებულია ხელსაყრელი ზამთრობის ადგილებისაკენ ლტოლვით. ჩვეულებრივ ფრინველთა მიმოფრენა ყოველდღე არ ხდება: 1—2 დღე-ღამის განმავლობაში ფრენას ენაცვლება 5—10 დღე-ღამის შესვენება, რადგანაც ამ დროს ფრინველებს ჩვეულებრივზე 12—14-ჯერ უფრო მეტი ენერგია ეხარჯებათ. ფრინველთა მიმოფრენა ხდება დღისითაც და ღამითაც, პატარ-პატარა ჯგუფები კი ფრენენ მხოლოდ დღისით ან მხოლოდ ღამით. დღის მიმოფრენა იწყება გამთენიისას და გრძელდება 5 სთ-მდე. ღამისა კი იწყება მზის ჩასვლის შემდეგ და გრძელდება მთელი ღამე.

ფრინველთა მიმოფრენის სიმაღლე მერყეობს რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე კილმეტრამდე. ფრინველთა უმრავლესობა ფრენს გუნდებად: ერთრიგად, მწკრივად ან სოლისებურად და სხვა, უფრო რთულ ჯგუფებად. გუნდური ფრენა სასარგებლოა ორიენტაციისათვის, მოძრაობის სინქრონულობისათვის, ამარტივებს აეროდინამიკურ პირობებს, ამცირებს მტაცებლების მიერ მიყენებულ ზარალს. ფრინველთა მიმოფრენის სიჩქარე მერყეობს დღე-ღამეში 30—50 კმ-იდან 200—300 კმ-მდე, ჩვეულებრივ 1—2 თვეს გრძელდება, უფრო ხანგრძლივია შემოდგომაზე.

ფრინველთა მიმოფრენის საჭირო მიმართულების განსაზღვრა თანდაყოლილი ნიშან-თვისებაა. ზოგი ორიენტირებას ახდენს მზის, მთვარის, ვარსკვლავების მიხედვით, ზოგი (გამოცდილი) — ლანდშაფტის თავისებურებების დამახსოვრებით. ზოგიც — გეომაგნიტური ველის მიხედვით. საქართველოს მიმომფრენი ფრინველები, ჩვეულებრივ, აფრიკაში ზამთრობენ ან უფრო სამხრეთით ნომადობენ.

ლიტერატურა

რედაქტირება