მიმოზისებრნი (ლათ. Mimosaceae) — ორლებნიან მცენარეთა ქვეოჯახი პარკოსანთა ოჯახისა.[1] ხეები და ბუჩქებია, იშვიათად ბალახები.[2]

მიმოზისებრნი

Acacia tortilis

Calliandra californica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  პარკიანები
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  მიმოზისებრნი
ლათინური სახელი
Mimosoideae DC., 1825

აერთიანებს 50–60 გვარს, რომლებშიც თავმოყრილია 2800-ზე მეტი სახეობა. გავრცელებული არიან ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებისა და სუბტროპიკების მშრალი კლიმატის ოლქებში და, განსაკუთრებით, აფრიკის სავანებში, სადაც აკაციების ქოლგისებრი ვარჯი ლანდშაფტის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს.[1] კავკასიაში ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ორი სახეობა — აბრეშუმა აკაცია და Lagonychium farctum.[2]

მნიშვნელოვანი გვარებია: ინგა (350-მდე სახეობა), ალბიცია, აკაცია, მიმოზა. ამ ქვეოჯახშია გაერთიანებული ჰიდროფიტი მცენარე (პარკოსანთა შორის იშვიათობაა) — ნეპტუნია (Neptunia oleracea), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მტკნარი წყალსატევების მცურავი ბალახი.[1] ზოგიერთი სახეობა ძვირფას მერქანს იძლევა, ზოგი გუმიარაბიკსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ტროპიკული ლიანა Entada 2 მ-მდე სიგრძის ნაყოფებს (პარკებს) ისხამს.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Сытин А. К. Бобовые // Большая российская энциклопедия. т. 3. — М., 2005. — стр. 621–622.
  2. 2.0 2.1 2.2 მიმოზისებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 702.