„მთვარის პიერო“, თხზ. 21 (ფრანგ. Pierrot lunaire, იგივე „სამჯერ შვიდი ლექსი ალბერ ჟიროს „მთვარის პიეროდან“ (გერმ. Dreimal sieben Gedichte aus Albert Girauds "Pierrot lunaire") — არნოლდ შონბერგის მელოდრამა. იგი ეფუძნება 21 ლექსს, რომელიც აღებულია ალბერ ჟიროს იმავე სახელწოდების ციკლის ოტო ერიხ ჰარტლებენისეული გერმანული თარგმანიდან.

„მთვარის პიერო“
არნოლდ შონბერგის მელოდრამა

შონბერგის ავტოპორტრეტი, 1910.
მშობ. სახელი ფრანგ. Pierrot lunaire
სახელი გერმ. Dreimal sieben Gedichte aus Albert Girauds "Pierrot lunaire"
ქართულად „სამჯერ შვიდი ლექსი ალბერ ჟიროს „მთვარის პიეროდან“
ტონალობა ატონალური
ოპუსი თხზ. 21
ჟანრი მუსიკალური მელოდრამა
სტილი თავისუფალი ატონალობა, მოდერნიზმი
დაწერილი 1912
ტექსტი ალბერ ჟიროს „მთვარის პიერო“, გერმანული თარგმანის ავტორი ოტო ერიხ ჰარტლებენი
ენა გერმანული
ხანგრძლივობა 35-40 წუთი
ნაწილები 21
ვოკალი სოლო მთხრობელი
ინსტრუმენტული შემადგენლობა „პიეროს ანსამბლი“ (ფლეიტა, კლარნეტი; ვიოლინო, ჩელო; ფორტეპიანო)
პრემიერა
თარიღი 1912 წლის 16 ოქტომბერი
ადგილი Berlin Choralion-Saal
დირიჟორი არნოლდ შონბერგი
შემსრულებლები ალბერტინ ცემე (სოპრანო)
ჰანს ვ. დე ვრისი (ფლეიტა)
კარლ ესბერგერი (კლარნეტი)
იაკობ მალინიაკი (ვიოლინო)
ჰანს კინდლერი (ჩელო)
ედუარდ შტოიერმანი (ფორტეპიანო)

ნაწარმოები განკუთვნილია მთხრობელისათვის (ხმა ავტორს განსაზღვრული არ აქვს, თუმცა, ტრადიციულად, სოპრანოს მიერ სრულდება), რომელიც ლექსებს სიმღერისებური საუბრით, იგივე „შპრეხშტიმეს“ (გერმ. sprechstimme, გერმ. Sprechgesang) სტილში კითხულობს. მას აკომპანიმენტს უწევს მცირე ზომის ინსტრუმენტული ანსამბლი. წაკითხული ტექსტი მუსიკალური აკომპანიმენტის თანხლებით შონბერგს ადრეც ჰქონდა გამოყენებული „გურეს სიმღერებში“, რომელსაც ასევე „მელოდრამას“ უწოდებდა.[1] მუსიკალური მელოდრამა გავრცელებული და მოდური მუსიკალური სტილი იყო მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს.[2] „მთვარის პიეროს“ მუსიკა ატონალურია, თუმცა, მასში არ გვხვდება შონბერგის თორმეტტონიანი ტექნიკა, რომელსაც იგი 1921 წლამდე არ იყენებდა.

„მთვარის პიერო“ შონბერგის ყველაზე ცნობილ და ხშირად შესრულებულ ნაწარმოებთა შორისაა. მისი ინსტრუმენტული შემადგენლობა – ფლეიტა, კლარნეტი, ვიოლინო, ჩელო და ფორტეპიანო (მათ სტანდარტულ დუბლირებებთან ერთად) – XX და XXI საუკუნის კლასიკურ მუსიკაში მნიშვნელოვანი ანსამბლია და მას „პიეროს ანსამბლს“ უწოდებენ ხოლმე.

ნაწარმოების პრემიერა 1912 წლის 16 ოქტომბერს, ბერლინის ქორალიონის დარბაზში (Choralion-Saal) შედგა, ვოკალისტის პარტიას სოპრანო ალბერტინ ცემე ასრულებდა. როგორც წესი, პერფორმანსი 35-დან 40 წუთამდე გრძელდება. ამერიკული პრემიერა 1923 წლის 4 თებერვალს, ნიუ-იორკში, ბროდვეის კლოს თეატრში (Klaw Theatre) გაიმართა, კომპოზიტორთა საერთაშორისო გილდიის მიერ ორგანიზებული საკონცერტო სერიების ფარგლებში.[3]

 
ანსამბლი „მთვარის პიეროს“ პრემიერიდან

1912 წელს ალბერტინ ცემემ, ყოფილმა მსახიობმა, შეუკვეთა ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსთვის ბელგიელი მწერლის, ალბერ ჟიროს ლექსებზე. ლექსები პირველად 1884 წელს იყო გამოქვეყნებული და მათი შედარებით გვიანდელი გერმანული თარგანი ოტო ერიხ ჰარტლებენს ეკუთვნოდა. ცემეს უკვე ჰქონდა შესრულებული ლექსების ამ თარგმანზე დაფუძნებული „მელოდრამა“, რომლის ავტორიც კომპოზიტორი ოტო ფრისლანდერი იყო, თუმცა, შონბერგის მოსწავლის, პიანისტ ედუარდ შტოიერმანის თანახმად, რომელმაც ნაწარმოები პრემიერაზე შეასრულა, „მუსიკა საკმარისად ძლიერი არ იყო და ვიღაცამ [ცემეს] ურჩია, შონბერგისთვის მიემართა“.[4]

შონბერგმა მუშაობა 12 მარტს დაიწყო და 9 ივლისს დაასრულა. ფორტეპიანოს ნაცვლად მან აკომპანიმენტისთვის მცირე მუსიკალური ანსამბლი გამოიყენა შემდეგი შემადგენლობით: ფლეიტა (დუბლირება პიკოლოზე), ლა კლარნეტი (დუბლირება ბანის კლარნეტზე და სი კლარნეტზე), ვიოლინო (დუბლირება ალტზე), ჩელო და ფორტეპიანო.

ორმოცი რეპეტიციის შემდეგ, შონბერგმა და ცემემ (კოლომბინას სამოსში) პრემიერა ბერლინის ქორალიონის დარბაზში, 1912 წლის 16 ოქტომბერს გამართეს. რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ანტონ ვებერნის მიხედვით, აუდიტორიის ნაწილი უსტვენდა და ხარხარებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, პრემიერა წარმატებული გამოდგა.[5] ზოგიერთმა ტექსტში არსებული მკრეხელობა გააკრიტიკა, რაზეც შონბერმა უპასუხა: „ისინი რომ მუსიკაში ერკვეოდნენ, არცერთი მათგანი ყურადღებას არ მიაქცევდა სიტყვებს. ნაცვლად ამისა, დარბაზიდან მელოდიების სტვენით გავიდოდნენ.“[6]

სტრუქტურა

რედაქტირება

„მთვარის პიერო“ 3 ჯგუფად განაწილებული 21 ლექსისგან შედგება. პირველ ჯგუფში პიერო მღერის სიყვარულზე, სექსზე და რელიგიაზე; მეორეში ძალადობაზე, დანაშაულსა და მკრეხელობაზე; მესამეში კი თავის დაბრუნებაზე ბერგამოში და წარსულზე, რომელიც არ ასვენებს.

ნაწილი პირველი
  1. Mondestrunken („მთვარის სინათლით მთვრალი“)
  2. Colombine („კოლომბინა“)
  3. Der Dandy („დენდი“)
  4. Eine blasse Wäscherin („ფერმკრთალი მრეცხავი ქალი“)
  5. Valse de Chopin („შოპენის ვალსი“)
  6. Madonna
  7. Der kranke Mond („ავადმყოფი მთვარე“)
ნაწილი მეორე
  1. Nacht (Passacaglia) („ღამე“)
  2. Gebet an Pierrot („ლოცვა პიეროსადმი“)
  3. Raub („ძარცვა“)
  4. Rote Messe („წითელი მესა“)
  5. Galgenlied („სახრჩობელას სიმღერა“)
  6. Enthauptung („თავისკვეთა“)
  7. Die Kreuze („ჯვრები“)
ნაწილი მესამე
  1. Heimweh („ნოსტალგია“)
  2. Gemeinheit! („ცუდი თამაში“)
  3. Parodie („პაროდია“)
  4. Der Mondfleck („მთვარის ლაქა“)
  5. Serenade
  6. Heimfahrt (Barcarole) („მგზავრობა შინისაკენ“)
  7. O Alter Duft (“ო, უძველესო სურნელებავ“)

შონბერგი, რომელიც გატაცებული იყო ნუმეროლოგიით, აქტიურად იყენებს შვიდნოტიან მოტივებს მთლიანი ნაწარმოების განმავლობაში, ასევე, ანსამბლი (დირიჟორის ჩათვლით) შვიდი ადამიანისგან შედგება. ნაწარმოები მისი 21-ე თხულებაა, შეიცავს 21 ლექსს, მისი წერა კი 1912 წლის 12 მარტს დაიწყო. ნაწარმოებში, ასევე, მნიშვნელოვანია რიცხვები 3 და 13: თითოეული ლექსი 13 სტრიქონისგან შედგება (ორი ოთხსტრიქონიანი კუპლეტი, რომელსაც ერთი ხუთსტრიქონიანი მოჰყვება). ამავე დროს, ყველა ლექსის პირველი სტრიქონი სამჯერ მეორდება (მეორედ მე-7, ხოლო მესამედ მე-13 სტრიქონის სახით).

მუსიკა და ტექსტი

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ „მთვარის პიერო“ თავისუფალი ატონალობის სტილშია დაწერილი, იგი რამდენიმე კლასიკურ ფორმასა და ტექნიკას იყენებს, როგორიცაა კანონი, ფუგა, რონდო, პასაკალია და თავისუფალი კონტრაპუნქტი.

ინსტრუმენტული კომბინაციები (დუბლირებების ჩათვლით) სხვადასხვა ნაწილში იცვლება. მთლიანი ანსამბლი მხოლოდ №6, 11, 14, 15 (ბოლოს), 16, 18, 19 (ბოლოს), 20 და 21 ნაწილებშია გამოყენებული.[7] მუსიკოლოგი ალან ლესემი აღნიშნავს, რომ „მთლიანობაში, ინსტრუმენტული ტექსტურა ნაწარმოების განვითარებასთან ერთად უფრო სავსე ხდება“ და რომ ზოგადად, „მელოდრამების მთავარი ინსტრუმენტული გმირი ფორტეპიანოა“.[8]

ტექსტი ძველი ფრანგული რონდოს გერმანულ ვერსიას წარმოადგენს, ორმაგი რეფრენით. თითოეული ლექსი შედგება სამი კუპლეტისგან 4 + 4 + 5 სტრიქონებით. პირველი კუპლეტის პირველი ორი სტრიქონი (1, 2) გამეორებულია მეორე კუპლეტის ბოლო ორი სტრიქონის სახით (7, 8), ხოლო პირველი სტრიქონი (1) კიდევ ერთხელ მეორდება მესამე კუპლეტის ბოლოს (13) და ასრულებს ლექსს. პირველი ლექსი მოცემულია ქვემოთ:

1. Mondestrunken (მთვარის შუქით მთვრალი)

Den Wein, den man mit Augen trinkt,
Giesst Nachts der Mond in Wogen nieder,
Und eine Springflut überschwemmt
Den stillen Horizont.

Gelüste schauerlich und süss,
Durchschwimmen ohne Zahl die Fluten!
Den Wein, den man mit Augen trinkt,
Giesst Nachts der Mond in Wogen nieder.

Der Dichter, den die Andacht treibt,
Berauscht sich an dem heilgen Tranke,
Gen Himmel wendet er verzückt
Das Haupt und taumelnd saugt und schlürft er
Den Wein, den man mit Augen trinkt.

ღვინოს, რომელიც თვალებით ისმევა,
ტალღებად დააქცევს ღამით მთვარე,
და გაზაფხულის ტალღა გადაფარავს
მდუმარე ჰორიზონტს.

ვნებები, მღელვარე და ტკბილი,
ურიცხვი დაცურავს წყლებში!
ღვინოს, რომელიც თვალებით ისმევა,
ტალღებად დააქცევს ღამით მთვარე!

პოეტი, გამხნევებული მისწრაფებებით,
წმინდა სასმელით იწამლება;
შეპყრობილი, თავს ზეცისკენ მიაპყრობს
და ბარბაცით წრუპავს და სვამს
ღვინოს, რომელიც თვალებით ისმევა.[9]

Sprechstimme / Sprechgesang

რედაქტირება

ტექსტს განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენს ატონალური, ექსპრესიონისტული მუსიკა, რომელიც გერმანულ კაბარესაც ეხმიანება. „შპრეხშტიმე“ (Sprechstimme), სიტყვასიტყვით, „სასაუბრო ხმა“, ხშირად გამოიყენება ვოკალურ პერფორმანსებში და უფრო ახლოსაა საუბართან, ვიდრე Sprechgesang, რაც „საუბრით სიმღერას“ ნიშნავს. მისი გამოყენებისას ვოკალისტი იყენებს მითითებულ რიტმებსა და ბგერებს, თუმცა, ბგერით სიმაღლეებს არ ინარჩუნებს, დაუყოვნებლივ ამაღლებს ან ადაბლებს მათ, ჩვეულებრივი საუბრის მსგავსად. ნაწარმოების წინასიტყვაობაში შონბერგი ამ ტექნიკას შემდეგნაირად აღწერს:

ვოკალური პარტიის ნოტაციაში მოცემული მელოდია, რამდენიმე მითითებული გამონაკლისის გარდა, არ არის განსაზღვრული სიმღერით შესასრულებლად. შემსრულებლის დავალებაა, აქციოს იგი „სასაუბრო მელოდიად“ [Sprechmelodie], რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს განსაზღვრულ ბგერით სიმაღლეებს. იგი ამას მიაღწევს შემდეგნაირად:

  1. მიჰყვება რიტმს ისეთივე სიზუსტით, როგორც სიმღერის დროს, ესე იგი, არ მისცემს თავს იმაზე მეტ თავისუფლებას, ვიდრე ამას სასიმღერო მელოდიის შემთხვევაში გააკეთებდა;
  2. ზედმიწევნით იქნება გარკვეული განსხვავებაში სასიმღერო ტონსა და სასაუბრო ტონს შორის: სასიმღერო ტონი ბგერის სიმაღლეს უცვლელად ინარჩუნებს, ხოლო სასაუბრო ტონი ეხება მას, თუმცა დაუყოვნებლივ შორდება ამაღლებით ან დადაბლებით. თუმცა, შემსრულებელი ფრთხილად უნდა იყოს, რათა არ შევიდეს ღიღინით საუბარში. ეს სრულებით არ არის გამიზნული. მიზანი ნამდვილად არ არის არც რეალისტური, ბუნებრივი საუბარი. პირიქით, ნათლად უნდა ჩანდეს განსხვავება ჩვეულებრივ საუბარსა და ისეთ საუბარს შორის, რომელიც გადმოსცემს მუსიკალურ ფორმას. მიუხედავად ამისა, ამან სიმღერის შთაბეჭდილებაც არ უნდა დატოვოს.

გარდა ამისა, შესრულების შესახებ უნდა ითქვას შემდეგი:

შემსრულებლის დავალება არავითარ შემთხვევაში არ არის ინდივიდუალური ნაწილების განწყობისა და ხასიათის განსაზღვრა ტექსტის სიტყვიერ შინაარსზე დაყრდნობით, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ მუსიკიდან. თუ მოვლენათა და შეგრძნებათა ტექსტში არსებული ბგერითფერწერული წარმოსახვა [tonmalerische Darstellung] კომპოზიტორისთვის მნიშვნელოვანია, იგი ისედაც იქნება ასახული მუსიკაში. თუ შემსრულებელი მას ვერ იპოვის, თავი უნდა შეიკავოს რაიმე ისეთის დამატებისგან, რაც კომპოზიტორს არ განუზრახავს. თუ ამას გააკეთებს, ეს გამოკლება იქნება და არა დამატება.[10]

პარტიტურაში შპრეხშტიმე სანოტო ჯოხებზე არსებული პატარა x-ებითაა აღნიშნული. ტექნიკა მთელი ნაწარმოების განმავლობაშია გამოყენებული, თუმცა, დროდადრო კომპოზიტორი მიუთითებს, რომ გარკვეული პასაჟები სიმღერით უნდა შესრულდეს (გერმ. gesungen).

აღსანიშნავი ჩანაწერები

რედაქტირება

„მთვარის პიეროს“ მნიშვნელოვანი ჩანაწერებიდან აღსანიშნავია:

ვოკალისტი ანსამბლი დირიჟორი ხმის ჩამწერი კომპანია ჩაწერის წელი ფორმატი
ერიკა შტიდრი-ვაგნერი არნოლდ შონბერგი Columbia Records 1940 LP[11]
ჰელგა პილარჩიკი კონსერვატორიის საზოგადოების საკონცერტო ორკესტრის წევრები პიერ ბულეზი Ades 1961 LP, CD
ბეთანი ბიერდსლი კოლუმბიის კამერული ანსამბლი რობერტ კრაფტი Columbia / CBS 1963 LP
იან დაგაეტანი თანამედროვე კამერული ანსამბლი არტურ ვაისბერგი Nonesuch 1970 LP, CD
კლიო ლეინი Nash Ensemble ელგარ ჰოვართი RCA Red Seal Records 1974 LP
ივონ მინტონი Ensemble InterContemporain პიერ ბულეზი Sony Music 1977 LP, CD
ბარბარა ზუკოვა Schoenberg Ensemble რეინბერტ დე ლევი Koch Schwann 1988 CD
მარია ჰეგლინდი Sonanza Ensemble იან რისბერგი Caprice records 1990 CD
ჯეინ მენინგი Nash Ensemble საიმონ რეტლი Chandos 1991 CD
ფილის ბრინ-იულსონი ნიუ-იორკის ახალი მუსიკის ანსამბლი რობერტ ბლეკი GM Recordings 1992 CD
ფილის ბრინ-იულსონი Ensemble Modern პეტერ ეტვეში BMG 1993 CD
კარინ ოტი Cremona Musica Insieme პიეტრო ანტონინი Nuova Era 1994 CD
კრისტინ შეფერი Ensemble InterContemporain პიერ ბულეზი Deutsche Grammophon 1997 CD
ანია სილია Twentieth Century Classics Ensemble რობერტ კრაფტი Naxos 1999 CD

თავად არნოლდ შონბერგმა ნაწარმოების საცდელი ჩანაწერები ლოს-ანჯელესელი მუსიკოსების ჯგუფთან ერთად 1940 წლის 24-26 სექტემბერს გააკეთა. ეს ჩანაწერები 1949 წელს LP ფორმატში Columbia Records-მა გამოსცა, ხოლო 1974 წელს ისინი ხელახლა გამოვიდა Odyssey-ს ლეიბლით.[11]

ჯაზის მომღერალმა კლიო ლეინმა ნაწარმოები 1974 წელს ჩაწერა. მისი ვერსია „გრემის“ ჯილდოზეც იყო წარდგენილი. კიდევ ერთი ჯაზ-შემსრულებელი, რომელმაც „მთვარის პიერო“ შეასრულა, სოფია იერნბერგი იყო, შვედურ ანსამბლ Norrbotten NEO-სთან ერთად.

ავან-პოპის ვარსკვლავმა, ბიორკმა ნაწარმოები 1996 წელს, ვერბიეს ფესტივალზე შეასრულა, დირიჟორი კენტ ნაგანო იყო. 2004 წლის ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა: „კენტ ნაგანოს ჩანაწერის გაკეთებაც სურდა, თუმცა მე ვფიქრობდი, რომ ეს შეჭრა იქნებოდა იმ ადამიანების ტერიტორიაზე, რომლებიც ამ მუსიკას მთელი ცხოვრება მღერიან“.[12] ხელმისაწვდომია ამ პერფორმანსის მხოლოდ ნაწყვეტი ჩანაწერები.

ამერიკელი მეცო-სოპრანო მერი ნესინჯერი „მთვარის პიეროს“ ექსკლუზიურად ლინკოლნის ცენტრის კამერულ ანსამბლთან, Chamber Music Northwest-თან და ანსამბლ Sequitur-თან ერთად ასრულებდა სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, ელის ტალის დარბაზში და ვაილის კამერულ დარბაზში (კარნეგი-ჰოლი).[13][14][15]

2011 წლის მარტში კანადელმა რეჟისორმა ბრუს ლაბრუსმა დადგა „მთვარის პიეროს“ პერფორმანსი ბერლინის ჰებელ-ამ-უფერის თეატრში. ეს ინტერპრეტაცია შეიცავს გენდერულ მრავალფეროვნებას, კასტრაციის სცენებს და დილდოებს, ასევე, ტრანსგენდერ მამაკაც პიეროს. ლაბრუსმა ეს ადაპტაცია 2014 წელს თეატრალური ფილმის სახითაც გადაიღო.[16]

„პიეროს ანსამბლი“

რედაქტირება

„მთვარის პიეროში“ გამოყენებული ინსტრუმენტული კვინტეტი გახდა საფუძველი თანამედროვე მუსიკის ანსამბლის, The Fires of London, ჩამოყალიბებისას. ისინი 1965 წელს, „მთვარის პიეროს“ შესასრულებლად შეიკრიბნენ და სხვადასხვა კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებების ერთობლივი პერფორმანსები შემდგომშიც განაგრძეს, თავდაპირველი სახელით „პიეროს შემსრულებლები“ („The Pierrot Players“). ჯგუფი 1987 წელს დაიშალა, მანამდე კი ამ შემადგენლობისთვის სპეციალურად არანჟირებულ ნაწარმოებებს ასრულებდა და ახალ ნაწარმოებებსაც უკვეთავდა, რომლებშიც „პიეროს ანსამბლის“ ტემბრული მრავალფეროვნება კარგად იყო გამოყენებული.[17]

წლების განმავლობაში აღნიშნულ ინსტრუმენტულ შემადგენლობას არაერთი ჯგუფი იყენებდა. მათ შორის აღსანიშნავია ანსამბლები Da Capo Chamber Players,[18] Eighth Blackbird,[19], ნიუ-იორკის ახალი მუსიკის ანსამბლი, პიტსბურგის ახალი მუსიკის ანსამბლი, ფინური თანამედროვე მუსიკის ანსამბლი Uusinta და სხვები,[20] რომელთა მოღვაწეობამაც ამ შემადგენლობისთვის ფართო რეპერტუარის შექმნას შეუწყო ხელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება
  • Argentino, Joe. 2012. "Serialism and Neo-Riemannian Theory: Transformations and Hexatonic Cycles in Schoenberg's Modern Psalm Op. 50c". Intégral 26:123–58.
  • Gillespie, Jeffrey L. 1992. "Motivic Transformations and Networks in Schoenberg's 'Nacht' from Pierrot lunaire". Intégral 6:34–65.
  • Gingerich, Katrina (2012). "The Journey of the Song Cycle: From 'The Iliad' to 'American Idiot'", Musical Offerings: Vol. 1: No. 2, Article 3.
  • Lambert, Philip. 2000. "On Contextual Transformations". Perspectives of New Music 38, no. 1 (Winter): 45–76.
  • Lessem, Alan. 1979. Music and Text in the Works of Arnold Schoenberg: The Critical Years, 1908–22. ISBN 0835709949.
  • Metzer, David. 1994. "The New York Reception of Pierrot lunaire: The 1923 Premiere and Its Aftermath". The Musical Quarterly 78, no. 4 (Winter): 669–99.
  • Roig-Francolí, Miguel A. 2001. "A Theory of Pitch-Class-Set Extension in Atonal Music". College Music Symposium 41:57–90.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  გარე ვიდეოფაილები
  ორი ჯამბაზი: პიერო ხვდება პეტრუშკას, 3:50, IsraeliChambrProject, Morgan Library
  1. Neighbour 2001.
  2. Dunsby 1992, 2.
  3. Lott, R. Allen (1983). „'New Music for New Ears': The International Composers' Guild“. Journal of the American Musicological Society. 36 (2): 266–286. doi:10.2307/831066. ISSN 0003-0139. JSTOR 831066.
  4. Dunsby 1992, 22.
  5. Quoted in Winiarz.
  6. Quoted in Hazlewood.
  7. Dunsby 1992, 23.
  8. Dunsby 1992, 24.
  9. Schoenberg 1994, 56.
  10. Schoenberg 1994, 54.
  11. 11.0 11.1 Byron, Avior. The Test Pressings of Schoenberg Conducting Pierrot lunaire: Sprechstimme Reconsidered. Music Theory Online. Society for Music Theory (February 2006). ციტირების თარიღი: August 16, 2011
  12. unknown. (September 8, 2004) About Pierre lunaire. ციტირების თარიღი: 30 January 2019
  13. Griffiths, Paul. Music Review; Stravinsky and Schoenberg: A Gulf. The New York Times (January 16, 1998). ციტირების თარიღი: August 2, 2018
  14. McQuillen, James. Tried and still brilliant: Mary Nessinger sings "Pierrot lunaire". Oregon ArtsWatch (February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 12, 2018. ციტირების თარიღი: იანვარი 16, 2022.
  15. Classical Music. Goings On About Town. The New Yorker (October 2007). ციტირების თარიღი: August 2, 2018
  16. Pierrot lunaire დაარქივებული 2014-02-22 საიტზე Wayback Machine. at the Berlin International Film Festival.
  17. Goodwin 2001.
  18. Kozinn, Allan. "World Premieres, Sure, but Room for Older New Music Too," The New York Times, November 23, 2006.
  19. Riley, Paul. "High-flying Quality," BBC Magazine, September 1, 2007.
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-07. ციტირების თარიღი: 2022-01-16.