მეჯილაურნის ეკლესია და კოშკი

მეჯილაურნის ეკლესია და კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯილაურნი

მეჯილაურნის ეკლესია და კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯილაურნიდან 1,5 კილომეტრზე, ხანდოსა და სოდევის ხევების შესართავთან, მთის თხემზე, ხელოვნურად გამაგრებულ ადგილზე.

განეკუთვნება X-XI საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,9 x 5 მეტრი), ნაგებია საშუალო და მოზრდილი ზომის ქვის ფილებით, წყობის რიგები მეტ-ნაკლებად დაცულია. ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა, მთლიანადაა დანგრეული ჩრდილო კედელი, მონგრეულია დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები. შემორჩენილი კედლები 4,9 მეტრი სიმაღლისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომლის თაღი შირიმის თლილი ქვითაა გამოყვანილი. აღმოსავლეთით ფართო, გვერდებმორკალული, შებრტყელებული აფსიდია, რომლის სამხრეთის მხართან პატარა თაღოვანი ნიშია. ამჟამად არსებული ორი სარკმლიდან აღმოსავლეთისა ორივე მხრიდან თაღოვანია, დასავლეთისა შიგნით სწორკუთხაა, გარედან - თაღოვანი. სამხრეთ კედელზე, კარის ოდნავ დასავლეთით, შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღის ფილაქვის იმპოსტი და წყობის ნაწილი. ეკლესიის შიდა სივრცე მოგვიანებით (კამარის გამაგრების მიზნით) ამოყვანილი განივი კედლით შუაზე ყოფილა გაყოფილი. ამ კედელში პატარა კარია გაჭრილი. გარედან ეკლესიის ორივე სარკმელი მარტივი სათაურით ყოფილა მორთული. აღმოსავლეთ სარკმლის სათაური, რომელზეც დადგმულია რელიეფური ჯვარი, ეკლესიასთან ახლოს მთის თხემზე მდებარე ნიშთანაა ატანილი. დასავლეთ სარკმლის სათაურიდან მხოლოდ კვალი შეიმჩნევა. სარკმლის თაღის ორივე მხარეს თითო რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის თაღს ირგვლივ გლუვი რელიეფური ზოლი ევლება. კოშკი გეგმით კვადრატულია (5,7 x 5,7 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, იგი ეკლესიის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზეა მიშენებული ისე, რომ მისი აღმოსავლეთ კედელი და ეკლესიის შესასვლელის დასავლეთ წირთხლი ერთ სიბრტყეშია. ამჟამად კოშკის მხოლოდ ქვედა, ყრუკედლებიანი სართულია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება