მელქისედეკ (მექი) მიხეილის ძე კედია (დ. 1878 — გ. 25 ნოემბერი, 1945, პარიზი; დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — საქართველის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსი (1918-1921). 1921 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პაპა (დედის მხრიდან).

მელქისედეკ კედია
მელქისედეკ კედია
საქართველის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1918 წლის 17 აგვისტო – 1921 წლის 17 მარტი
პრემიერ-მინისტრი  ნოე ჟორდანია

დაბადებული1878
გარდაცვლილი25 ნოემბერი, 1945
პარიზი
შვილები

რუსეთის 1917 წლის რევოლუციამდე ჟანდარმერიაში უბნის ინსპექტორად მუშაობდა. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1918 წლის 17 აგვისტოტს მინისტრმა ნოე რამიშვილმა კედია ახლადშექმნილი განსაკუთრებული რაზმის უფროსად დანიშნა, მის მოადგილედ (ამხანაგად) კი — პლატონ ფაჩულია. რაზმი თავდაპირველად 6 თვის ვადით შეიქმნა, შემდგომში ვადა 1920 წლის იანვრამდე გაგრძელდა, საბოლოოდ კი 1921 წლის მარტამდე მოქმედებდა. კედიას დაქვემდებარებაში არსებული რაზმი 131 შტატიანი და 16 შტატგარეშე თანამშრომლისგან შედგებოდა. კედიასა და მისი რაზმის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ბოლშევიკთა წინააღმდეგ ბრძოლა, მოსალოდნელი ამბოხისა თუ ტერორისტული აქტის გამოვლენა და აღკვეთა, სპეკულაციების აღკვეთა, ბოლშევიკთა და სპეკულიანტთა შეპყრობა წარმოადგენდა. 1918 წლის ბოლოს განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებდა სომხეთთან ომის მიმდინარეობის პირობებში თბილისში არსებულ ფარულ სომხურ ორგანიზაციებთან მიმართებაში. 1918-1921 წლებში კედიას თანამშრომლებმა ათეულობით ფაქტი გამოაშკარავეს და დააკავეს სპეკულაციაში მხილებული დამნაშავეები, ასობით ბოლშევიკი იქნა დაპატიმრებული საქართველოს წინააღმდეგ აგიტაციისა და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ბრალდებით.

1919 წელს კედიას რაზმმა შეიპყრო სამხედრო სამინისტროს თანამშრომელი პავლე ნიკიტინი სამხედრო სამინისტროდან საქართველოს ტოპოგრაფიული მასალების ჩრდილოეთ კავკასიაში გატანის მცდელობის დროს. იმავე წელს დააპატიმრეს პანაიტ აკრიტოსი, რომელიც ბერძენ მოსახლეობაში საქართველოს რესპუბლიკის წყობილების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა. 1920 წელს კედიამ დააკავა ბოლშევიკი ლავრენტი ბერია, რომელსაც დაკითხვის დროს ცრემლმორეულს გაუთქვია თავისი თანამონაწილეები, რის შემდეგაც ის გაუთავისუფლებიათ. 1920 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრმა რამიშვილმა ოფიციალური ბრძანებით მადლობა გამოუცხადა მექი კედიას მოვალეობის პირნათლად შესრულებისათვის. 1921 წლის მარტიდან კედია ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. ინარჩუნებდა კავშირს მთავრობასთან და მთავრობის დავალებით აწარმოებდა დაზვერვით საქმიანობას.

მექი კედიას ცოლად ჰყავდა აგრაფინა თავართქილაძე (დ. 1888 — გ. 1968). მათი შვილები იყვნენ: მიხეილ კედია და ზეინაბ კედია-ზურაბიშვილისა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 220.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება