მიხეილ კედია
მიხეილ კედია (დ. 23 თებერვალი, 1902, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1954, ჟენევა) — ქართველი იურისტი, ემიგრანტი, აბვერის თანამშრომელი მეორე მსოფლიო ომის დროს. საქართველის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული რაზმის უფროსის, მელქისედეკ კედიას შვილი. გრიგოლ ფერაძესთან, სერგო მეტრეველსა და საბა კლდიაშვილთან ერთად შედის „ქართველი შინდლერების“ რიცხვში.[1]
მიხეილ კედია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 თებერვალი, 1902 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
20 აგვისტო, 1954 ჟენევა |
მშობლები | მამა: მელქისედეკ კედია |
ნათესავები |
დაამთავრა თბილისის I გიმნაზია. სწავლობდა ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტზე (გაგზავნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ). 1921 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, მუშაობდა უნივერმაღ „ბომარშეში“, სხვადასხვა დროს იყო სოციალ–ფედერალისტთა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიების წევრი, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის“ საქმიანობაში, თანამშრომლობდა ჰაიდარ ბამატის ჟურნალ „კავკასიასთან“.
1940 წელს ოკუპირებულ პარიზში გერმანიის მთავრობის მიერ ქართული წარმომადგენლობის დახურვის შემდეგ დაევალა ქართული ემიგრაციის დაცვის მისია გერმანიის ხელისუფლების წინაშე. ფიქრობდა, რომ გერმანელების მხარდაჭერით შესაძლებელი იყო საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა რეჟიმისაგან, ამიტომ მისი შუამდგომლობით ჩამოყალიბდა საგანგებო დანიშნულების სამხედრო შენაერთი. 1943 ოქტომბერში კედიას ხელმძღვანელობით დაარსდა „სამეკავშირეო შტაბი“, რომელსაც ტყვეთა ბანაკებიდან ქართველების გამოყვანა და მათი სამსახურით უზრუნველყოფა დაევალა, აგრეთვე იმ სამხედრო ერთეულების ორგანიზება, რომლებშიც ქართველები ირიცხებოდნენ. ამ მიზნით ის წინ აღუდგა გენერალ ა. ვლასოვის არმიაში არარუსული ფორმირებების გაერთიანებას. კედია მეგობრობდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ ისეთ გავლენიან გერმანელებთან, როგორებიც იყვნენ გრაფი შულენბურგი, პროფ. გერჰარდ ფონ მენდე და ერიხ ენგელჰაუპტი. 1944 წლის აპრილში კედიამ თავი შვეიცარიას შეაფარა.
მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ებრაელების გადარჩენაში. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციიას, საფრანგეთში ქართველთა დიასპორამ ნაცისტების წარმოადგენლობას გაუგზავნა წერილი, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ქართველებსა და ებრაელებს საერთო ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული ჩვეულებები აქვთ. ამ წერილში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, ეთნიკური ქართველები იყვნენ. ეს წერილი გერმანელებისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა, ხოლო ქართველი ებრაელები მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩნენ. [1]
1946 წელს 3 მაისს მან წერილობითი ჩვენება მისცა, რომ გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს, შეძლო მრავალი ქართველი მაჰმადიანისა და ებრაელის (მ. შ. იოსებ ელიგულაშვილი) დახსნა სასჯელისაგან, რასაც დოკუმენტებითაც ადასტურებდა[1]. 1954 წელს დაავადებულმა კედიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველები უცხოეთში, წგ. 1, თბ., 2012;
- ცომაია ალ., რჩეული თხზულებანი, თბ., 2000;
- ჯავახიშვილი ნ., ქართველი შინდლერი, «ისტორიანი», 2011, №3;
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 „ქართველი შინდლერები“ - ახალი ბუკლეტი ქართულ-ებრაული ურთიერთობის შესახებ, 28.04.2014, ნეტგაზეთი