მუცუჰიტო

(გადამისამართდა გვერდიდან მეიძი)

მუცუჰიტო (დ. 3 ნოემბერი, 1852, კიოტო — გ. 30 ივლისი, 1912, ტოკიო) — იაპონიის 122-ე იმპერატორი 1867-1912 წლებში. (მუცუჰიტოს გამგებლობის პერიოდს 1868 წლიდან ეწოდება მეიძი). იაპონიის პირველი იმპერატორი სიოგუნატის დამხობის შემდეგ მეიძი ისინის პერიოდი.

იმპერატორი მუცუჰიტო
明治天皇
იაპონიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 3 თებერვალი 1867
მმართ. დასასრული: 30 ივლისი 1912
წინამორბედი: კომეი
მემკვიდრე: ტაისიო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1852
დაბ. ადგილი: კიოტო, იაპონია
გარდ. თარიღი: 30 ივლისი, 1912 (59 წლის)
გარდ. ადგილი: ტოკიო, იაპონია
მეუღლე: მასაკო იჩიჯო
შვილები: ტაისიო
მასაკო
ფუსაკო
ნობუკო
ტოშიკო
მამა: კომეი
დედა: ნაკაიამა იოშიკო
რელიგია: შინტოიზმი
ხელმოწერა:

მისი დაბადების სახელი მუცუჰიტო იყო. იაპონიის საზღვრებს გარეთ მას ხშირად მოიხსენიებენ მუცუჰიტოდ, თუმცა იაპონიაში მხოლოდ მეიძის - გარდაცვალების სახელს უწოდებენ (იაპონიაში გარდაცვალების შემდეგ იმპერატორს ახალ სახელს უწოდებენ და ამ სახელით მოიხსენიებენ).

1852 წელს, მისი დაბადების დროს იაპონია იზოლირებული, ჩამორჩენილი, ტექნოლოგიურად განუვითარებელი, ფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელსაც ტოკუგავას სოიგუნები და დაიმოები მართავდნენ. დაიმოები მსხვილი ფეოდალები იყვნენ, ისინი მართავდნენ იაპონიის 250 დეცენტრალიზებულ ოლქს. მუცუჰიტოს გარდაცვალებამდე იაპონიამ გაიარა სოციალური, პოლიტიკური და ინდუსტრიული რევოლუციიის პერიოდი და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტის სიტყვებით, რომელიც მის დაკრძალვას ესწრებოდა, „კონტრასტი მათ შორის, რაც დასაკრძალი ურიკის წინ და უკან მიდიოდა, იყო გასაოცარი. ურიკის წინ მიდიოდა ძველი იაპონია, უკან კი ახალი იაპონია მოჰყვებოდა“[1].

ქვეყანაში არსებული მდგომარეობა

რედაქტირება

XVII საუკუნის დამდეგს იაპონიაში დაარსდა ტოკუგავას სიოგუნატი. მისი არსებობის პერიოდში ქვეყანას სიოგუნი მართავდა. დაახლოებით 180 დაიმო განაგებდა ავტონომიურ სამფლობელოებს სიოგუნის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომლებიც პერიოდულად სიოგუნს საჩუქრებს უძღვნიდნენ, თუმცა გადასახადებს კი არ იხდიდნენ. მხოლოდ სიოგუნს შეეძლო მოეწონებინა დაიმოების ქორწინება და ასევე მისი ბრძანებით შეიძლებოდა მსხვილ ფეოდალს მიწა დაეკარგა.

1615 წელს იეასუ ტოკუგავამ, პირველმა სიოგუნმა ტოკუგავას დინასტიიდან და მისმა შვილმა ხიდეტადა ტოკუგავამ, რომელიც იმ დროს მოქმედი სიოგუნი იყო, შემოიღეს სამეფო კარის ქცევის კოდექსი. კოდექსის თანახმად იმპერატორს მთელი დრო მეცნიერებისა და ხელოვნებისათვის უნდა მიეძღვნა. სიოგუნის პერიოდში მცხოვრები იმპერატორები მტკიცედ იცავდნენ ამ კოდექსს, ისინი ხელოვნებით, ისტორიით, გეოგრაფიით იყვნენ დაინტერესებულნი და სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდნენ. მართალია სიოგუნის დანიშვნა იმპერატორის ნებას საჭიროებდა, თუმცა სიოგუნები გადაწყვეტილებებს ყოველთვის დამოუკიდებლად იღებდნენ.

იმპერატორები არასოდეს ტოვებდნენ კიოტოს სასახლეს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მაგალითად ტახტიდან გადადგომის დროს; იყო შემთხვევა, როდესაც სასახლეს ცეცხლი გაუჩნდა და თავი ტაძარს შეაფარეს. ზოგიერთი იმპერატორი დიდხანს ცოცხლობდა, ზოგადად კი იმპერატორთა ოჯახში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალს წარმოადგენდა - მუცუჰიტოს ხუთი და-ძმიდან ყველა ადრეულ ასაკში დაიღუპა, ხოლო მისი 15 შვილიდან მხოლოდ ხუთმა მიაღწია ზრდასრულობის ასაკს. სიოგუნის მმართველობის დამყარებიდან მალე, XVII საუკუნის შუახანებში, იაპონია დახურულ ქვეყნად გამაოცხადეს, შეწყდა ვაჭრობა დასავლეთთან, ადამიანებს აეკრძალათ საზღვარგარეთ წასვლა, იაპონიის ტერიტორიაზე მყოფი ევროპელები კი ქვეყნიდან განდევნეს. იაპონელებთან ვაჭრობას მხოლოდ ჰოლანდიელები განაგრძობდნენ, ისიც ძირითადად ნაგასაკის ნავსადგურის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, ევროპული და ამერიკული გემები XIX საუკუნის დამდეგიდან სულ უფრო ხშირად ჩნდებიან იაპონიის კუნძულებთან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

პრინცი მუცუჰიტო 1852 წელს დაიბადა თავი პაპის (დედის მხრიდან) კუთვნილ სახლში, გოშოს სასახლიდან ჩრდილოეთით (ქალაქი კიოტო). მაშინ მშობიარობა უწმინდურ საქმედ ითვლებოდა, რის გამოც პრინცები სასახლეში არ იბადებოდნენ. ფეხმძიმე ქალი მამის სასახლეში მიდიოდა, მშობიარობის დროს კი სასახლესთან ახლოს მდებარე შენობაში გადადიოდა. მუცუჰიტოს დედა იმპერატორის მრჩევლის ქალიშვილი იყო. ბავშვს, ძირითადად დიდი ბებია ზრდიდა. ახალგაზრდა პრინცს „საჩინომია“ ანუ ბედნიერი პრინცი უწოდეს. მისი ბავშვობის შესახებ განსხვავებული ცნობები გვაქვს, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთი თანამედროვე, ახალგაზრდა პრინცს ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებად აღწერს, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა სუმოს. სხვები აღნიშნავენ, რომ ის სუსტი და მშიშარა ადამიანი იყო. თოფის პირველი გასროლის გაგონებისას პანიკაში ჩავარდა. მკვლევარები ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ 1857 წელს, გოშოს სასახლეში გადასვლის შემდეგ პრინცს უძილობა განუვითარდა.

პრინცი იაპონიაში დიდი ცვლილებების დაწყების ჟამს დაიბადა. მისი დაბადებიდან რვა თვის შემდეგ ქალაქ ედოს (1868 წლიდან ტოკიო) ამერიკული ესკადრა მიადგა კომოდორ მეთიუ პერის ხელმძღვანელობით. მან ამერიკის პრეზიდენტის ფილმორის სახელით მოითხოვა სავაჭრო კავშირების დამყარება იაპონიასთან, უარის შემთხვევაში კი ომით დაემუქრა მათ.

1853 წლის 22 ივნისს აღესრულა სიოგუნი იეასუ ტოკუგავა. იმავე წლის ოქტომბერში ახალს სიოგუნი იესადა ტოკუგავა გახდა. კრიზისის დაწყების დროს ის უჩვეულო ნაბიჯზე წავიდა, მან რჩევა თხოვა იმპერატორის კარს. იმპერატორ კომეის წარმომდგენლებმა ურჩიეს, ამერიკელებთან სავაჭრო ურთიერთობა ნებადართული ყოფილიყო. ბოლო 250 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში სიოგუნმა იმპერატორის რჩევა გაითვალისწინა.

1854 წლის 3 მარტს ამერიკასა და იაპონიას შორის დაიდო პირველი შეთანხმება. მოსალოდნელი მარცხის შიშით იაპონიის ხელისუფლება დათანხმდა არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას, მას არ შეეძლო საქონელზე საკუთარი ფასი დაეწესებინა. 1855 წელს არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება რუსეთთანაც დაიდო.

სიოგუნის მზადყოფნა, რჩევები იმპერატორისაგან მიეღო, ხანმოკლე აღმოჩნდა. 1858 წელს აშშ-სთან დადებული ახალი შეთანხმებით, სიოგუნმა დაკარგა იმპერატორისაგან რჩევების მიღების შესაძლებლობა, დროის უკმარისობის მოტივით. განრისხებული იმპერატორი კომეი ტახტიდან გადადგომით დაიმუქრა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სიოგუნის თანხმობას საჭიროებდა.

ომები. ტახტზე აღზევება

რედაქტირება
 
ახალგაზრდა იმპერატორი მეიძი საცერემონიო ტანსაცმელში (1872 წ.)
 
ახალგაზრდა იმპერატორი მეიძი სამხედრო ტანსაცმელში (1873 წ.)

1860 წელს საჩინომია ოფიციალურად აღიარეს ტახტის მემკვიდრედ და მიიღო სახელწოდება მუცუჰიტო. მან შვიდი წლის ასაკში დაიწყო განათლების მიღება. ის წერად პოემებსაც, სადაც თავის უბედურებას სჩიოდა. ბავშვობის დიდი ნაწილი, მომავალმა იმპერატორმა კიოტოში, ნაკაიამას ოჯახში გაატარა, თანახმად იმდროინდელი ჩვეულებისა, რომლის მიხედვით იმპერატორის შვილები წარჩინებულ ოჯახებში უნდა აღზრდილიყვნენ.

1860 წლის დამდეგიდან სიოგუნის ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. უცხოეთის სახელმწიფოები ცდილობდნენ გაეძლიერებინათ თავიანთი გავლენა იაპონიაზე, ბევრი დაიმო უკმაყოფილო იყო სიოგუნის მოქმედებით, რომელიც წარმართავდა საქმეს ევროპელებთან. ბევრი ახალგაზრდა სამურაი ორგანიზაცია „სისი“-ში („კეთილშობილური მიზნების ადამიანები“) ერთიანდებოდა, დაიწყო შეთქმულების ორგანიზება სიოგუნის წინააღმდეგ. შეთქმულები პატივს სცემდნენ იმპერატორ კომეის და გამოსავალს პირდაპირ სამხედრო მოქმედებაში ხედავდნენ. მათთვის გამოსავალი იყო ან სიკვდილი ანდა უცხოელებისაგან თავის დახსნა. მოგვიანებით „სისი“ უფრო პრაგმატული გახდა და ქვეყნის მოდერნიზაციაზე დაიწყო ზრუნვა. „სისის“ იმპერატორ კომეიზე დიდი გავლენა ჰქონდა, 1863 წელს მათ დაარწმუნეს იმპერატორი მიეღო „ბრძანება ბარბაროსების განდევნის შესახებ“. დოკუმენტმა სიოგუნი მძიმე დღეში ჩააგდო, რაკი მას არ ჰქონდა ამის განსახორციელებლად საკმარისი ძალა. უცხოელებსა და მათ გემებზე რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რასაც ევროპელებმა უპასუხეს საომარი მოქმედებებით. სიოგუნის სამხედრო ძალები გამდევნეს კიოტოდან. 1864 წელს ქალაქის დაბრუნების მცდელობა უშედეგო გამოდგა. მთელი იაპონია მღელვარებამ მოიცვა.

მიმდინერე ამბებში პრინც მუცუჰიტოს ჩართულობის შესახებ არაფერია ცნობილი. ამ დროს ის პოეტური ხელოვნების და კლასიკური განათლების შესწავლით იყო დაკავებული. 1866 წელს სიოგუნი ესინობუ ტოკუგავა გახდა. მას სურდა ევროპული მოდელის მიხედვით ქვეყნის მოდერნიზაცია, თუმცა კონსერვატორული ძალებისაგან დიდ სირთულეს წააწყდა. ესინობუ აღმოჩნდა ქვეყნის ბოლო სიოგუნი. იმპერატორი კომეი მტკიცე ჯანმრთელობით გამოირჩეოდა, თუმცა 1867 წლის იანვარში, 36 წლის ასაკში ის მძიმედ დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. ზოგიერთი წყაროს ცნობით ის მოწამლეს. იაპონიის საიმპერატორო ტახტი 15 წლის მუცუჰიტოს ხელში აღმოჩნდა, რომელიც 1867 წლის თებერვალში, კიოტოში, მცირე ცერემონიის შემდეგ ოფიციალურად გახდა იმპერატორი. მუცუჰიტო განაგრძობდა კლასიკური ხელოვნების შესწავლას, რომელშიც არ შედიოდა პოლიტიკა. სიოგუნი, იმ დროს ყველაზე მეტად ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ მიისწრაფოდა. მან რამდენჯერმე სთხოვა ნებართვა იმპერატორს და მიიღო კიდეც. ორგანიზაცია „სისის“ მიმდევრები იმპერატორს პატივს სცემდნენ, თუმცა მათ არ ჰქონდათ გამიზნული მუცუჰიტოს აქტიურად გამოყენება პოლიტიკურ პროცესში.

1867 წელს პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ნოემბერში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სიოგუნი ესინობუ იტოვებდა ძალაუფლების ნაწილს და სიოგუნის ტიტულს, თუმცა საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა გადასცემოდა ორპალატიან ორგანოს, რომელიც ბრიტანულ მოდელზე იქნებოდა შექმნილი. თუმცა მომდევნო თვეში შეთანხმებამ ძალა დაკარგა, ამბოხებულები (სიოგუნის მოწინააღმდეგე ძალები) შევიდნენ კიოტოში და დაიკავეს იმპერატორის სასახლე. 1868 წლის იანვარში მათ მიიღეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით იმპერატორის ხელისუფლება აღდგენილად გამოცხადდა და უმაღლესი ხელისუფლება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმოება მონარქს დაეკისრა. ეს დოკუმენტი დაეგზავნათ უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებსაც. სიოგუნმა ესინობუმ წინააღმდეგობა გაუწია ამ ფაქტს, თუმცა 1869 წლის ბოლოს მისი უკანასკნელი წინააღმდეგობაც ჩაახშეს. 1870 წლის ნოემბრიდან ახალ ერას ეწოდა მეიძი („განათლებული მმართველობა“) . ეპოქის სახელწოდება მოგვიანებით იმპერატორის გარდაცვალების სახელად იქცა. 1869 წლის იანვარში მუცუჰიტო თავისი მინისტრის ქალიშვილზე ხარუკოზე დაქორწინდა. ეს უკანასკნელი იმპერატორზე სამი წლით უფროსი იყო. სულ მეიძის 15 შვილი ჰყავდა, თუმცა ისინი ხარუკოს შვილებად ითვლებიან, რაკი იმპერატორი უშვილო იყო.

მეიძის პერიოდი

რედაქტირება

ხელისუფლების კონსოლიდაცია

რედაქტირება

მიუხედავად სიოგუნისათვის ძალაუფლების წართმევისა, იმპერატორის ხელისუფლება ჯერ კიდევ სუსტი იყო. 1868 წლის მარტში უცხოეთის ელჩებს პირველად მიეცათ იმპერატორთან შეხვედრის შესაძლებლობა. იმავე წლის აპრილში იმპერატორმა გამოაცხადა ხუთი პუნქტისაგან შემდგარი ფიცი, ახალი პროგრამა, რომელიც მათ მისაზიდად იყო განკუთვნილი, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ შეურიგდნენ ახალ რეჟიმს. დოკუმენტმა, რომელიც, მალევე გამოქვეყნდა, გააუქმა ფეოდალიზმი და იაპონიაში გამოაცხადეს თანამედროვე დემოკრატიული მმართველობა. მაისში იმპერატორმა პირველად დატოვა კიოტო, რათა ჩაებარებინა არმიის ხელმძღვანელობა, რომელიც სიოგუნის არმიის ნარჩენებს ებრძოდა. ის სამი დღე მიდიოდა კიოტოდან ოსაკასკენ. გზაზე ხალხის ბრბო ეგებებოდა. ოსაკაში სიმშვიდე იყო, ორი კვირის შემდეგ მუცუჰიტო უკან დაბრუნდა. მან გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც იმპერატორს უნდა განეგო მთელი სახელმწიფო საქმეები, თავისუფალ დროს კი ლიტერატურით უნდა ყოფილიყო დაკავებული. სახელმწიფო საქმეების შესწავლა იმპერატორმა მხოლოდ 1871 წელს დაიწყო.

1868 წელს იმპერატორმა ედოს სახელწოდება შეუცვალა და ტოკიო („აღმოსავლეთის დედაქალაქი“) უწოდა. მალე მან ტოკიოშიც იმოგზაურა. ტოკიო სიოგუნის ქალაქად ითვლებოდა და არსებობდა იმპერატორის მოწინააღმდეგეების გამოსვლების შესაძლებლობაც. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ქალაქის მცხოვრებნი იმპერატორის სტუმრობამ გაახარა. 1889 წელს ტოკიო იაპონიის დედაქალაქად გამოაცხადეს.

პოლიტიკური რეფორმები

რედაქტირება

რევოლუციის შემდეგ, რეფორმისტებისაგან იაპონიაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო საბჭო, აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი მინისტრი განაგებდა. ასეთი სისტემა არსებობდა 1885 წლამდე, სანამ დასავლური პოლიტიკური სისტემების მიბაძვით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ შემოიღეს.

დაიმოებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ რევოლუციას, დაიწყეს თავიანთი მიწების იმპერატორისათვის გადაცემა. ისინი, თავიანთ სამფლობელოებზე გუბერნატორებად დანიშნეს. მალე მას სხვებმაც მიბაძეს. 1872 წელს იაპონიაში ძველი ოლქებად დაყოფა გაუქმდა და ქვეყანა 72 პრეფექტურად დაიყო. დაიმოებმა დიდი ფულადი ჯილდო მიიღეს. სანაცვლოდ მათგან ითხოვდნენ ტოკიოში საცხოვრებლად გადასვლას. ბევრმა მათგანმა პოლიტიკური თანამდებობაც დაიკავა. სამურაების ფენამ დაკარგა თავისი პრივილეგიები, სახელმწიფოსაგან ჯამაგირის მიღების უფლება, ბევრი მათგანი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. კლასობრივი განსხვავებები მოისპო, დისკრიმინაცია აიკრძალა. მართალია ქვეყანაში ჩამოყალიბდა პარლამენტი, თუმცა ის არ ფლობდა რეალურ ძალაუფლებას, საბოლოო სიტყვა მაინც იმპერატორს ეკუთვნოდა. ტოკუგავას ხელისუფლება იმ დაიმოებისა და სამურაების ხელში გადავიდა, რომლებიც რესტავრაციას უჭერდნენ მხარს. იაპონია ოლიგარქიად ჩამოყალიბდა, რომელსაც მართავდნენ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში გავლენიანი ადამიანები. წინამორბედებისაგან განსხვავებით, მეიძი დიდხანს, 45 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას.

ბევრი იაპონელი ამაყობს მეიძის პერიოდით. სწრაფმა ინდუსტრიალიზაციამ იაპონიას საშუალება მისცა რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე მსხვილი მოთამაშე გამხდარიყო. დაიწყო იაპონიის მილიტარისტული და კოლონისტური ექსპანსია. იმპერატორის როლი რესტავრაციის პროცესში სადავოდ რჩება. უცნობია, მხარს უჭერდა თუ არა ის იაპონია-ჩინეთის და რუსეთ-იაპონიის ომებს. თავის ლექსებში მუცუჰიტო ჩანს პაციფისტად, ანდა უკიდურეს შემთხვევაში პიროვნებად, რომელსაც სურს თავიდან აირიდოს ომი.

გარდაცვალება

რედაქტირება

იმპერატორი მუცუჰიტო დიაბეტით იყო დაავადებული. ის 1912 წლის ივლისში თირკმლების დაავადებით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ იაპონიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკვდავყვეს მისი როლი მეიძის რესტავრაციის პროცესში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 228.
  • Гордон, Эндрю. A Modern History of Japan: from Tokugawa Times to the Present. — Oxford University Press, 2003. — 384 с. — ISBN 978-0-1951-1061-6.
  • Янсен, Мариус. Sakamoto Ryoma and the Meiji Restoration. — Princeton University Press, 1961.
  • The Emergence of Meiji Japan / Янсен, Мариус. — Cambridge University Press, 1995. — 368 с. — ISBN 978-0-5214-8405-3.
  • Кин, Дональд. Emperor of Japan: Meiji and His World, 1852–1912. — Columbia University Press, 2002. — 922 с. — ISBN 978-0-2311-2340-2.
  • Уилсон, Джордж. Patriots and Redeemers: Motives in the Meiji Restoration. — University of Chicago Press, 1992. — 217 с. — ISBN 978-0-2269-0092-6.
  • Мещеряков А. Н. Император Мэйдзи и его Япония. — 2-е изд. — М.: Наталис, 2009. — 736 с. — ISBN 978-5-8062-0306-0.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://query.nytimes.com/mem/archive-free/pdf?res=9D05E3DB1F3CE633A25750C1A9669D946396D6CF დაარქივებული 2017-03-14 საიტზე Wayback Machine. «The Funeral Ceremonies of Meiji Tenno» reprinted from the Japan Advertiser [Article 8—No Title],] New York Times. 13 October 1912.